კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება (Competition Enforcement)

კონკურენციის კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიერ, რაც მიზნად ისახავს ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებასა და შენარჩუნებას. ამისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია რიგი მექანიზმები (მაგალითად, მოკვლევა, კონცენტრაციების წინასწარი კონტროლი და სხვა), რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ეკონომიკური აგენტების საბაზრო ქცევის ანალიზი, კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა და მათი პრევენცია. პროცედურული კუთხით, განასხვავებენ კონკურენციის სამართლის საჯარო და კერძო აღსრულებას. საჯარო აღსრულება გულისხმობს კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებას შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ, როგორც წესი, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და შედეგების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში ასახვის გზით. საჯარო აღსრულებისას, კონკურენციის კანონმდებლობა ითვალისწინებს წინასწარ და შემდგომ კონტროლს. წინასწარი (Ex-ante) კონტროლი მიმართულია ჯერ კიდევ განუხორციელებელი ქმედებების კონკურენტული ეფექტის შეფასებაზე (მაგალითად, კონცენტრაციების კონტროლი და გასაცემი სახელმწიფო დახმარების შეფასება). შემდგომი (Ex-post) კონტროლი კი მიმართულია უკვე განხორციელებული ქმედებების კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტის გამოვლენა-აღკვეთაზე (მაგალითად, სავარაუდო კანონდარღვევის მოკვლევისა და კანონდამრღვევი ეკონომიკური აგენტების სანქცირების უფლებამოსილებები). თავის მხრივ, კერძო აღსრულება გულისხმობს კერძო პირებს შორის კონკურენციის კანონმდებლობიდან გამომდინარე დავის წარმოებას სასამართლოში, აღმასრულებელი ორგანოსთვის მიმართვის გარეშე. საქართველოში, კონკურენციის საჯარო აღსრულებას უზრუნველყოფენ ძირითადი აღმასრულებელი ორგანო - საქართველოს კონკურენციის სააგენტო - და, კომპეტენციის ფარგლებში, მარეგულირებელი ორგანოები - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და საქართველოს ეროვნული ბანკი. საჯარო აღსრულების კანონიერებას უზრუნველყოფს სასამართლოც, აღმასრულებელი ორგანოების გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემთხვევაში. კონკურენციის სამართლის კერძო აღსრულებას ყოველთვის უზრუნველყოფს სასამართლო.