აუნაზღაურებელი დანახარჯები, როგორც ბაზარზე შესვლის ბარიერი - იმის გათვალისწინებით, რომ აუნაზღაურებელი დანახარჯების ამოღება ბაზრიდან გასვლისას შეუძლებელია, ეს მნიშვნელოვნად ზრდის ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებულ რისკებს. შესვლის ბარიერების სიმძაფრის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ ამ აუნაზღაურებელი ხარჯების ანაზღაურების (ამოღების) ალბათობაა. ზოგადი წესის თანახმად, რაც უფრო მაღალია აუნაზღაურებელი დანახარჯების მოცულობა, მით უფრო მაღალია ბაზარზე შესვლის ბარიერი.
აღსანიშნავია, რომ აუნაზღაურებელი დანახარჯები წარმოშობს ასიმეტრიას ბაზარზე მოქმედ სუბიექტებსა და პოტენციურ ახალ ოპერატორებს შორის. მოქმედ კომპანიას, რომელმაც უკვე გაიღო შესაბამისი ხარჯები, მხოლოდ ზღვრული დანახარჯების დაფარვა ესაჭიროება, რათა მისთვის საქმიანობის გაგრძელება უფრო რენტაბელური იყოს, ვიდრე ბაზრიდან გასვლა. მეორე მხრივ, პოტენციური ახალი სუბიექტი ბაზარზე შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი მოგება გადააჭარბებს ბაზარზე შესვლისთვის საჭირო ერთჯერად ხარჯებს.
ბაზარზე შესვლის შემდგომი კონკურენციის ხასიათი გადამწყვეტ როლს თამაშობს აუნაზღაურებელი დანახარჯების ამოღების შესაძლებლობის შეფასებაში. მაგალითად, მაღალი აუნაზღაურებული ხარჯების მქონე ბაზარზე, სადაც მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს აგრესიული საფასო კონკურენცია შეუძლიათ, ახალ კომპანიებს გაუჭირდებათ შესვლის ხარჯების ანაზღაურება - განსაკუთრებით მოქმედ კომპანიებთან არსებული ზემოხსენებული ასიმეტრიის გათვალისწინებით. როგორც მითითებულია ევროკომისიის „ვერტიკალური შეზღუდვების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების“ 285-ე პარაგრაფში: „...იმ პირობებში, როდესაც ბაზარზე შესვლა მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ბაზარზე დამკვიდრებული ეკონომიკური აგენტების მხრიდან აგრესიული კონკურენციის საფრთხემ შესაძლოა შეაჩეროს პოტენციური კონკურენტის შესვლა, ვინაიდან მათთვის აუნაზღაურებელი დანახარჯების გაღების რისკი ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნება“.
გარდა ამისა, აუნაზღაურებელი დანახარჯები შესაძლოა სტრატეგიულად იქნეს გამოყენებული ბაზარზე მოქმედი სუბიექტის მიერ ახალი კონკურენტების შესვლის შესაფერხებლად. ხშირად, ბაზარზე დამკვიდრებული სუბიექტის მიერ გაწეული მაღალი ხარჯები თავისთავად წარმოადგენს ბარიერს, ვინაიდან ეს პოტენციურ კონკურენტებს მიანიშნებს, რომ მოქმედ ორგანიზაციას შესწევს აგრესიული რეაგირების უნარი ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენის შემთხვევაში. ასეთი სახის სტრატეგიული დანახარჯების მაგალითებია: ძვირადღირებული სარეკლამო კამპანიები და აგრესიული მარკეტინგული სტრატეგიები ბრენდისადმი ლოიალობის გასაძლიერებლად, აგრეთვე მასშტაბური ინვესტიციები კვლევასა და განვითარებაში (R&D). ბაზარზე წარმატებით შესვლისა და დამკვიდრებისთვის, პოტენციური კონკურენტი, სავარაუდოდ, იძულებული იქნება გაიღოს ანალოგიური ხარჯები რეკლამირებისა და კვლევების მიმართულებით, რათა დაძლიოს არსებული ბრენდისადმი მომხმარებელთა ლოიალობა.
აუნაზღაურებელი დანახარჯების როლი კონკურენციის სამართლებრივი შეფასებისას - აუნაზღაურებელი დანახარჯების ანალიზს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კონკურენციის სამართლებრივი შეფასებისას. მაგალითად, მაღალი აუნაზღაურებელი ხარჯები (და, ზოგადად, ბაზარზე შესვლის არსებითი ბარიერები) მიუთითებს პოტენციური კონკურენტების მხრიდან მომდინარე საფრთხის დაბალ დონეზე, რაც მაღალი საბაზრო წილის მქონე მოქმედ კომპანიას უფრო მყარ დომინანტურ მდგომარეობას ანიჭებს.
გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც ბაზარზე შესვლის აუნაზღაურებელი დანახარჯები მაღალია და პოტენციური შესვლის (ან ხელახალი შესვლის) საფრთხე - მინიმალური, დომინანტურ სუბიექტს შესაძლოა გაუჩნდეს მეტი სტიმული ექსკლუზიური (გამრიყავი) პრაქტიკის განსახორციელებლად. ამის მაგალითია მტაცებლური ფასწარმოქმნა, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე არსებული კონკურენციის შეზღუდვას.
2009 წელს საქმეზე Intel მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ეხებოდა, ევროკომისიამ დაადგინა, რომ კომპანიას x86 ცენტრალური პროცესორების (CPU) მსოფლიო ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა ეკავა. აღნიშნული დასკვნის საფუძველი გახდა ბაზარზე შესვლის არსებითი ბარიერები, რაც განპირობებული იყო კვლევასა და განვითარებაში (R&D), აგრეთვე x86 პროცესორების წარმოებისთვის საჭირო საწარმოო სიმძლავრეებში განხორციელებული მასშტაბური აუნაზღაურებელი ინვესტიციებით.
ამ აუნაზღაურებელმა დანახარჯებმა, ერთობლიობაში, წარმოშვა მასშტაბის მნიშვნელოვანი ეკონომია, რაც ნიშნავდა, რომ ახალი ოპერატორებისთვის ეფექტიანობის მინიმალური ზღვარი ბაზრის მთლიან მოთხოვნასთან მიმართებით საკმაოდ მაღალი იქნებოდა. კომისიამ დამატებით აღნიშნა, რომ ბაზარზე არსებობდა გაფართოების მნიშვნელოვანი ბარიერებიც, ვინაიდან წარმოების ნებისმიერი ზრდა დამატებით კაპიტალურ ხარჯებს მოითხოვდა. ანალოგიურად, კონცენტრაციის (შერწყმის) შეფასებისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის დადგენა, შეძლებენ თუ არა პოტენციური კონკურენტები კონკურენტულად შეზღუდონ გაერთიანებული (კონცენტრაციის შედეგად წარმოქმნილი) სუბიექტის მცდელობები - ბოროტად გამოიყენოს საკუთარი საბაზრო ძალაუფლება. ზოგადი წესის თანახმად, რაც უფრო მაღალია ბაზარზე შესვლის აუნაზღაურებელი დანახარჯები, მით ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნული გაერთიანებული კომპანიის ქცევა ახალი კონკურენტების შესვლის საფრთხით შეიზღუდოს.
საქმეზე Ryanair/Aer Lingus III მიღებულ გადაწყვეტილებაში ევროკომისიამ დაადგინა, რომ შერწყმის მონაწილე მხარეების მიერ ოპერირებად მარშრუტებზე ბაზარზე შესვლის ბარიერები მაღალი იყო. ეს დასკვნა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ აეროპორტში საოპერაციო ბაზის ჩამოყალიბება მოითხოვდა მასშტაბურ წინასწარ ინვესტიციებს, მათ შორის სახმელეთო მომსახურების ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ექსპლუატაციას.
იმ აეროპორტებში, სადაც მანამდე არ არსებობდა შესაბამისი ობიექტები, ბაზარზე შესვლა დაკავშირებული იყო აუნაზღაურებელი დანახარჯების მაღალ დონესთან, რაც მოიცავდა მარკეტინგისა და ბრენდის ცნობადობის ამაღლების ხარჯებს, რომელთა ამოღება ბაზრიდან გასვლის შემთხვევაში შეუძლებელია. კერძოდ, კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოცემულობა განსაკუთრებით აქტუალური იყო ირლანდიის - დუბლინის, კორკისა და შენონის აეროპორტებთან მიმართებით. ამ აეროპორტებში შერწყმის მონაწილე მხარეებს უკვე გააჩნდათ ჩამოყალიბებული ბაზები, რაც აფერხებდა პოტენციური ახალი ოპერატორების შესვლას და ამგვარ პერსპექტივას ნაკლებად სავარაუდოს ხდიდა. იმ დასკვნაზე დაყრდნობით, რომ კონცენტრაცია მნიშვნელოვნად დააბრკოლებდა ეფექტიან კონკურენციას ირლანდიიდან გამავალ 46 მარშრუტზე, კომისიამ დაადგინა, რომ აღნიშნულ მიმართულებებზე კონკურენტების შესვლა ან გაფართოება არ იქნებოდა იმგვარი ხასიათის (ალბათობა, დროულობა და საკმარისობა), რაც უზრუნველყოფდა სათანადო კონკურენტულ ზეწოლას გაერთიანებულ სუბიექტზე.
აუნაზღაურებელი დანახარჯების ხაფანგი - თეორიულად, აუნაზღაურებელმა დანახარჯებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს სამეწარმეო სუბიექტის გადაწყვეტილებაზე ბაზარზე დარჩენის შესახებ. რაციონალური მიდგომის პირობებში, საწარმომ უნდა განაგრძოს ოპერირება მანამ, სანამ მისი შემოსავლები ფარავს ზღვრულ დანახარჯებს. პირიქით, თუ შემოსავალი ვერ უზრუნველყოფს ზღვრული ხარჯების დაფარვას, ეკონომიკურად გაუმართლებელია ბაზარზე დარჩენა მხოლოდ იმ მოტივით, რომ სუბიექტმა ბაზარზე შესვლისას მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება (აუნაზღაურებელი ხარჯი) განახორციელა.
ბაზარზე შესვლის ნებისმიერი ხარჯი (მაგალითად, ბაზრის კვლევა ან ინვესტიციები მაღალსპეციალიზებულ აქტივებში), რომლის ამოღებაც შეუძლებელია, აღარ უნდა იქნეს გათვალისწინებული სამომავლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. „აუნაზღაურებელი დანახარჯების ხაფანგი“ სახეზეა მაშინ, როდესაც ეკონომიკურ აგენტებს აწუხებთ ე.წ „დანაკარგის მიუღებლობა“ და გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს უკვე გაღებულ, აუნაზღაურებელ დანახარჯებს, რამაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა მათი ირაციონალური ეკონომიკური ქცევა გამოიწვიოს.