ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულება, რომელიც, კონკურენციის დაცვითა და კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთით, ბაზარზე თავისუფალი და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა-შენარჩუნებას ემსახურება. კონკურენციის პოლიტიკა ეფუძნება იდეას, რომ კონკურენტული ბაზარი მომხმარებლისთვის დაბალი ფასის, პროდუქტის მრავალფეროვნებისა და ინოვაციის საწინდარია. მიიჩნევა, რომ ხსენებული ტიპის ბაზარი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ახალისებს. საბოლოო ჯამში, ითვლება, რომ კონკურენცია ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობას, რაც მომგებიანია როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ბიზნესისა და მომხმარებლებისათვის. სწორედ აქედან გამომდინარეობს კონკურენციის პოლიტიკის განსაკუთრებული მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში. კონკურენციის პოლიტიკა შესაბამისი მიზნების მიღწევის სხვადასხვა გზებს ითვალისწინებს, ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ინსტრუმენტებს მიეკუთვნება კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებთან ბრძოლა, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღკვეთა, კონცენტრაციების კონკურენტული ეფექტის შეფასება და სახელმწიფო დახმარებების კონტროლი. გარდა ამისა, ზოგიერთ სახელმწიფოს, შიდა საჭიროებების შესაბამისად, შესაძლოა დამატებითი ინსტრუმენტები გააჩნდეს. მაგალითად, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის ნაწილია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემცველი ქმედებების გამოვლენა-აღმოფხვრა და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტების აკრძალვა. კონკურენციის პოლიტიკის ინსტრუმენტია კონკურენციის ადვოკატირებაც.