კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება (Anticompetitive Agreement)

კონკურენციის სამართლის დარღვევის ერთ-ერთი სახე - ეკონომიკური აგენტების ნებათა ნებისმიერი ფორმით გამოხატული თანხვედრა, რომლის მიზანი ან შედეგი შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვაა. ასეთ შეთანხმებებს განეკუთვნება კონკურენტებს შორის შეთანხმება ვაჭრობის ისეთ პარამეტრებზე, რომლებთან დაკავშირებითაც, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მათ დამოუკიდებლად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები (მაგ. ფასი, ხარისხი, ინოვაცია და ა.შ.). მსგავს შეთანხმებებს მოსდევს ფასის ზრდა, წარმოების შემცირება და სხვა არასასურველი ეკონომიკური შედეგები. კონკურენციის შემზღუდველად ითვლება ისეთი შეთანხმებები, რომლის მეშვეობითაც ხდება: შესყიდვის/გაყიდვის ფასების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება); წარმოების, ბაზრების, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა; ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით გადანაწილება; გარკვეული სავაჭრო პარტნიორების მიმართ იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების გამოყენება; გარიგების მხარისათვის გარიგებასთან საგნობრივად და კომერციულად არადაკავშირებული ვალდებულების დაკისრება. ასეთი შეთანხმებები ბათილია (არ წარმოშობს იურიდიულ შედეგებს), თუ მათზე არ ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისები. პრაქტიკაში განასხვავებენ კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების რამდენიმე კატეგორიას, რაც აღსრულების ეტაპზე აადვილებს აღნიშნული შეთანხმებების კონკურენციის საწინააღმდეგო ხასიათის ანალიზს. კერძოდ, განასხვავებენ: 1) შეთანხმებებს, რომლებიც მიზნად ისახავენ კონკურენციის შეზღუდვას და შეთანხმებებს, რომლებსაც შედეგად მოჰყვებათ მსგავსი შეზღუდვა; 2) ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ შეთანხმებებს; 3) კონკურენციის მძიმე ფორმით შემზღუდველ შეთანხმებებსა და შეთანხმებებს, რომლებიც მსგავს შეზღუდვებს არ შეიცავენ.