კონტროლის მოპოვება (Acquisition of Control)

ევროკავშირისა და საქართველოს კონკურენციის სამართალში, ეკონომიკურ აგენტზე ან მის ნაწილზე კონტროლის მოპოვება კონცენტრაციის ერთ-ერთი სახეა. კონტროლი შეიძლება იყოს პირდაპირი ან ირიბი. მისი მოპოვება ხდება ფასიანი ქაღალდების ან აქტივების წილის შეძენით, ხელშეკრულებით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით, რომელიც ერთ ეკონომიკურ აგენტს (ან მათ ჯგუფს) ანიჭებს მეორის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. კონტროლის ცნება კონკურენციის სამართლის მიზნებისთვის უფრო ფართოა, ვიდრე კორპორაციულ სამართალში. მაგალითად, კონკურენციის სამართლის მიზნებისთვის, კონტროლის მოპოვების ფაქტის დასადგენად არ არის აუცილებელი ერთი კომპანია ფლობდეს მეორის საკონტროლო პაკეტს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მინორიტარული წილის შემძენი შეძლებს სტრატეგიული გადაწყვეტილებების დაბლოკვას (ვეტოს უფლება), ის კომპანიის კონტროლს მოიპოვებს. შედეგად, ასეთი ტრანზაქცია კონცენტრაციად ჩაითვლება. კონცენტრაციად მიიჩნევა მხოლოდ ის ტრანზაქციები, რომლებიც ხანგრძლივად ცვლიან ბაზრის სტრუქტურას. ამდენად, კონტროლის მოპოვება მხოლოდ დროებით (მაგალითად, ფინანსური ინსტიტუტის მიერ კომპანიის აქციებზე კონტროლის მოპოვება მცირე ხნით, შემდგომი გაყიდვის მიზნით) კონცენტრაციად არ ჩაითვლება.