კონცენტრაცია (Concentration)

ტრანზაქცია, რომლის შედეგადაც ხდება ორი ან მეტი ეკონომიკური აგენტის გაერთიანება კანონმდებლობით დადგენილი სხვადასხვა გზით. ევროკავშირის სამართალში, კონცენტრაციად მიიჩნევა: 1) ორი ან მეტი დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის შერწყმა; 2) ერთი ეკონომიკური აგენტის მიერ მეორეზე (სრულად ან ნაწილობრივ) კონტროლის მოპოვება; 3) სრულად ფუნქციონირებადი ერთობლივი საწარმოს შექმნა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ზემოაღნიშნული სამი ფორმის გარდა, გათვალისწინებულია კონცენტრაციის კიდევ ერთი სახე - ერთი და იმავე პირის სხვადასხვა ეკონომიკური აგენტის მმართველ ორგანოებში მონაწილეობა. როგორც ევროკავშირში, ასევე საქართველოში განასხვავებენ კონცენტრაციის ორ ძირითად სახეს: ჰორიზონტალურ და არაჰორიზონტალურ კონცენტრაციას. ჰორიზონტალურია კონცენტრაცია, თუ ის ხორციელდება ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედ (ანუ კონკურენტ) ეკონომიკურ აგენტებს შორის. ჰორიზონტალურ კონცენტრაციებს (განსაკუთრებით, თუ მათი ზომა მნიშვნელოვანია) შეუძლიათ შეზღუდონ კონკურენცია შესაბამის ბაზარზე. ამდენად, ისინი ხშირად ხდებიან კონკურენციის ორგანოების განხილვის საგანი. არაჰორიზონტალურია კონცენტრაცია, რომელიც ხორციელდება არაკონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის. არაჰორიზონტალური კონცენტრაციები, თავის მხრივ, იყოფა ორ ქვეკატეგორიად: 1) ვერტიკალური კონცენტრაცია, ანუ კონცენტრაცია წარმოებისა და დისტრიბუციის სხვადასხვა საფეხურზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის. მაგალითად: ფოლადის საწარმოს შერწყმა რკინის მომპოვებელ კომპანიასთან. რიგ შემთხვევებში, ვერტიკალური კონცენტრაცია, შესაძლოა ზრდიდეს ეკონომიკურ ეფექტიანობას და არ იწვევდეს საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციას; 2) კონგლომერატული კონცენტრაცია, ანუ ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი საქმიანობის მქონე ეკონომიკური აგენტების (მაგალითად, ავტომანქანების საწარმოსა და კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის) კონცენტრაცია. კონგლომერატული კონცენტრაცია კონცენტრაციის ყველაზე ნაკლებად პრობლემურ სახედ განიხილება. პროცედურულად, კონცენტრაციათა გარკვეული კატეგორია წინასწარ კონტროლს ექვემდებარება. ეს გულისხმობს, რომ კონკურენციის ორგანოს უნდა წარედგინოს კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება, ხოლო პროცედურის ფარგლებში დადებითი დასკვნის მიღებამდე ტრანზაქციის განხორციელება აკრძალულია. კონცენტრაციების ეფექტის შეფასებისას გასათვალისწინებელია როგორც მათი კონკურენტული რისკები, ასევე შესაძლო დადებითი შედეგი. მაგალითად, შერწყმას, მასშტაბის ეფექტის შედეგად, შესაძლოა მოჰყვეს დანახარჯების შემცირება, რაც შესაძლოა აისახოს პროდუქტის ფასის კლებასა და ხარისხის გაუმჯობესებაში; მწარმოებელი ეკონომიკური აგენტის მიერ დისტრიბუტორის შეძენამ შესაძლოა გააუმჯობესოს პროდუქტის მიწოდების ხარისხი; ერთობლივი საწარმოს შექმნით შესაძლოა ინვესტიცია ჩაიდოს ისეთ ძვირადღირებულ და რისკიან სფეროებში, როგორიცაა კვლევა და განვითარება და სხვა. სწორედ ამიტომ, კონცენტრაციების დიდი ნაწილი არ განიხილება კონკურენციის შემზღუდველად. ამავე დროს, კონცენტრაციას შესაძლოა უარყოფითი შედეგებიც მოჰყვეს. კერძოდ, ჰორიზონტალური კონცენტრაცია, როგორც წესი, გულისხმობს შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტების რაოდენობის შემცირებას და ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის საბაზრო ძალაუფლების ზრდას. არაჰორიზონტალურ კონცენტრაციას შესაძლოა მოჰყვეს მოქმედი ან პოტენციური კონკურენტებისთვის ბაზარზე წვდომის შეზღუდვა. კონკურენციის ორგანოები კონცენტრაციის კონკურენტულ ეფექტს აფასებენ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დეტალური ეკონომიკური ანალიზის შედეგად.