კონკურენციის ორგანოს მიერ, შესაბამისი პროცედურის დაცვით, წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელებაზე დადებითი დასკვნის გაცემა, რაც გულისხმობს, რომ კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია. როგორც ევროკავშირში, ასევე საქართველოში, აღნიშნული დასკვნის გაცემამდე დაგეგმილი კონცენტრაციის განხორციელება იკრძალება. თუ კონცენტრაცია მაინც განხორციელდა, ევროკომისიას აქვს მისი შედეგების გაუქმების (მაგალითად, კონცენტრაციის შედეგად გაერთიანებული ეკონომიკური აგენტების იძულებითი დაყოფის) უფლებამოსილება. რიგ იურისდიქციებში (მაგალითად, ევროკავშირში) კონცენტრაციაზე თანხმობა შეიძლება იყოს უპირობო ან პირობადადებული. ამ უკანასკნელს მაშინ აქვს ადგილი, თუ კონცენტრაცია უმეტესწილად თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან, თუმცა მისი გარკვეული ელემენტები პრობლემურია. ასეთ შემთხვევაში, კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს შესაძლოა დაუწესდეთ სტრუქტურული (მაგალითად, წარმოების ნაწილის გასხვისების) ან ქცევითი (მაგალითად, გარკვეული საბაზრო მოქმედებებისგან თავის შეკავების) ღონისძიებები. კონცენტრაცია უნდა განხორციელდეს იმ ფარგლებში და პირობებით, რა სახითაც მოხდა მისი შეტყობინება და შესაბამისად, თანხმობის გაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი თავიდან შეტყობინება. მაგალითად, თუ თანხმობა გაიცა ორი ეკონომიკური აგენტის შერწყმაზე (ე.წ. „ორმხრივი შერწყმა"), მაგრამ შეტყობინების განხილვის პროცესში აღმოჩნდა, რომ ეკონომიკურად უფრო მომგებიანია შერწყმაში მესამე ეკონომიკური აგენტის ჩართვაც (ე.წ. „სამმხრივი შერწყმა"), ეს ვერ მოხდება ორმხრივ შერწყმაზე გაცემული თანხმობის საფუძველზე - საჭიროა მესამე ეკონომიკურ აგენტთან დაკავშირებით ცალკე შეტყობინების გაკეთება და თანხმობის მოპოვება.