დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი სახე, რომელიც კონკურენტების ბაზრიდან განდევნისკენაა მიმართული. მარჟის შეზღუდვად ითვლება ვერტიკალურად ინტეგრირებული დომინანტი ეკონომიკური აგენტის მიერ ქვედა დონის ბაზარზე საქონლის წარმოებისთვის აუცილებელ საშუალებაზე ისეთი მაღალი, ხოლო საბოლოო პროდუქტზე ისეთი დაბალი ფასის დაწესება, რომ ეფექტიან კონკურენტებს აღარ რჩებათ კონკურენციის გაწევის შესაძლებლობა და უწევთ ქვედა დონის ბაზრიდან გასვლა. მარჟის შეზღუდვის კუმულაციური პირობებია: (ა) ეკონომიკური აგენტი, რომელიც ზედა დონის ბაზარზე საქმიანობს, აწარმოებს ქვედა დონის ბაზარზე გასაყიდი საქონლის წარმოებისთვის ან მომსახურების გაწევისთვის აუცილებელ საშუალებას, რომლის ჩანაცვლება სხვა პროდუქციით ან/და სხვა საწარმოების მიერ ეკონომიკურად შეუძლებელია; (ბ) იგივე ეკონომიკური აგენტი ყიდის ასეთ საშუალებას ქვედა დონის ბაზარზე მოქმედ საწარმოებზე; (გ) დომინანტი ეკონომიკური აგენტი ასევე პირდაპირ მონაწილეობს ქვედა დონის ბაზარზე და, შესაბამისად, ამ ბაზარზე თავისივე მომხმარებლების კონკურენტია. მარჟის შეზღუდვა ხშირია ისეთ დარგებში, რომელთა ლიბერალიზაცია ახლახან მოხდა და სადაც ჯერ კიდევ დომინირებენ ყოფილი კანონისმიერი მონოპოლისტები. მაგალითად, მარჟის შეზღუდვას ადგილი აქვს, როდესაც სატელეკომუნიკაციო ქსელის მფლობელი (დომინანტი) კომპანია, რომელიც ასევე საქმიანობს მომხმარებლისთვის სატელეფონო/ინტერნეტის მიწოდების ბაზარზე, ისეთ მაღალ ფასს უწესებს სხვა მიმწოდებლებს ქსელის მოხმარებისთვის და ისეთ დაბალ ფასად ყიდის მომსახურებას საბოლოო მომხმარებელზე, რომ შეუძლებელია სხვა მიმწოდებელს დარჩეს მოგების გონივრული მარჟა. შედეგად, კონკურენტი მიმწოდებელი იძულებულია, გავიდეს ბაზრიდან, რის შედეგადაც შეიძლება გაიზარდოს ფასი ან შემცირდეს ხარისხი. მარჟის შეზღუდვის კონკურენტული პრობლემა სწორედ ქვედა დონის ბაზარზე მომხმარებელთა საზიანოდ კონკურენციის შეზღუდვაში მდგომარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს კონკურენციის სამართალში მარჟის შეზღუდვა კანონდარღვევად მიიჩნევა, არსებობს სახელმწიფოები (მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები), სადაც ეს ქმედება არ წარმოადგენს ანტიტრასტული კანონმდებლობის დარღვევას.