წარმოების ეფექტიანობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება, რომელსაც ადგილი აქვს, როდესაც ეკონომიკური აგენტის მიერ ერთი სახის პროდუქტის წარმოებისას, წარმოებული ერთეული პროდუქციის საშუალო დანახარჯები მისი წარმოების მოცულობის ზრდის პარალელურად მცირდება. მაგალითად, დიდი ზომის სატვირთო მანქანის ხარჯი არ იცვლება იმის მიუხედავად, თუ რა რაოდენობის პროდუქციას განვათავსებთ მასზე. ამდენად, მისი სრულად დატვირთვით მიიღწევა მასშტაბის ეფექტი. მასშტაბის ეფექტის მიღწევა შესაძლებელია მრავალი გზით, მათ შორის, ეკონომიკურ აგენტებს შორის შეთანხმებით ან კონცენტრაციის განხორციელებით. შეთანხმება შესაძლებელია მიწოდების ჯაჭვის ნებისმიერ დონეზე, მათ შორის, როგორც წარმოებისა და დისტრიბუციის დროს, ასევე კვლევისა და განვითარების პროცესში. მასშტაბის ეფექტის შეფასება კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, საბაზრო ძალაუფლების მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ მასშტაბის ეფექტის მიღწევის უნარი მხედველობაში მიიღება ბაზარზე შესვლის ბარიერების ანალიზისას. კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებებიდან გამონაკლისების შემთხვევაში, მასშტაბის ეფექტი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის დასტურად, რომ შეთანხმებას ბაზრისთვის დადებითი შედეგი მოაქვს. მასშტაბის ეფექტი მხედველობაში მიიღება დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების საქმეებშიც. მაგალითად, კონკურენციის ორგანო აფასებს, ბაზრიდან კონკურენტების გასვლა დომინანტური მდომარეობის ბოროტად გამოყენების შედეგია, თუ დომინანტი ეკონომიკური აგენტის ეფექტიანობის (მათ შორის, მასშტაბის ეფექტის) საფუძველზე დაწეული ფასის პირობებში, კონკურენტებმა ვეღარ შეძლეს კონკურენციის გაწევა. მასშტაბის ეფექტი მხედველობაში მიიღება კონცენტრაციის შეფასების დროსაც, მაგალითად, წვდომის შეზღუდვის უნარის ან კონცენტრაციის შედეგად წარმოშობილი ტექნიკურ-ეკონომიკური პროგრესის შესაფასებლად.