მიბმა (Tying)

კომერციული პრაქტიკა, როდესაც ერთი პროდუქტის ან მომსახურების ყიდვა შესაძლებელია მხოლოდ მეორე პროდუქტთან ან მომსახურებასთან ერთად. ასეთმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კონკურენციის შეზღუდვა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტების ან მომსახურებების მიბმა, მათი ბუნების ან კომერციული გამოყენების გამო, ობიექტურად გამართლებული არ არის. ევროკავშირის პრაქტიკაში, განასხვავებენ ტექნიკურ და სახელშეკრულებო მიბმას. ტექნიკური მიბმის დროს ორი პროდუქტი სრულყოფილად ფუნქციონირებს მხოლოდ ერთობლიობაში და შეუძლებელია მიბმით დაკავშირებული პროდუქტის სხვა, კონკურენტების მიერ ბაზარზე შეთავაზებული საქონლით ჩანაცვლება. სახელშეკრულებო მიბმას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც „მთავარი პროდუქტის" გამყიდველთან მყიდველი იღებს სახელშეკრულებო ვალდებულებას, მისგან ასევე შეიძინოს მეორე (ე.წ. მიბმით დაკავშირებული) პროდუქტი და არა, მაგალითად, კონკურენტების საქონელი. მიბმა კონკურენტულ რისკებს შეიცავს როგორც კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების, ასევე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების კუთხით. პირველ შემთხვევაში, მიბმამ შესაძლოა შეამციროს კონკურენცია და ხელი შეუწყოს კონკურენტულზე მაღალი ფასის დაწესებას ან წვდომის შეზღუდვას ერთ-ერთ ან ორივე შესაბამის ბაზარზე. ამდენად, რიგ შემთხვევებში, მიბმა შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც კონკურენციის ვერტიკალური შეზღუდვა. ამასთან, დომინანტი ეკონომიკური აგენტის მიერ პროდუქტების მიბმის შედეგად მისმა კონკურენტებმა შესაძლოა ვეღარ შეძლონ ბაზარზე წვდომა. მიბმამ ასევე შესაძლოა შექმნას ბაზარზე შესვლის ხელოვნური ბარიერები ისეთი კომპანიებისათვის, რომლებიც ვაჭრობენ მიბმით დაკავშირებული არა ყველა, არამედ მხოლოდ ცალკეული პროდუქტებით.