მიწოდებაზე უარი (Refusal to Supply)

სიტუაცია, როდესაც ერთი ეკონომიკური აგენტი უარს ამბობს მეორეს მიჰყიდოს საქონელი, ან გაყიდვაზე თანხმდება მხოლოდ ზედმეტად მაღალ ფასად ან აწესებს ისეთ (არაფასისმიერ) პირობებს, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევა. მიწოდებაზე უარის შედეგად, შესაძლოა გამოირიცხოს ბაზარზე დომინანტი ეკონომიკური აგენტის კონკურენტების შესვლა, რითაც კონკურენციას მიადგება ზიანი. გარდა ამისა, მიწოდებაზე უარმა შეიძლება შეზღუდოს კონკურენცია იმ ბაზრებზე, სადაც დომინანტი ეკონომიკური აგენტის საქონელი ან მომსახურება არსებით საშუალებას წარმოადგენს. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის სამართალი აღიარებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, გარკვეულ შემთხვევებში, დომინანტი ეკონომიკური აგენტის მიერ მიწოდებაზე უარი შესაძლოა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად ჩაითვალოს. საქართველოსა და ევროკავშირის კონკურენციის კანონმდებლობით, დომინანტი ეკონომიკური აგენტის მიერ მიწოდებაზე უარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. მიწოდებაზე უარი, როგორც წესი, შეიცავს კონკურენტულ რისკებს, თუ დომინანტი ეკონომიკური აგენტი, რომელიც საქმიანობას ეწევა როგორც ზედა, ასევე ქვედა დონის ბაზრებზე, უარს ამბობს ზედა დონის პროდუქციის (მაგალითად, ნედლეულის) მიწოდებაზე იმ ეკონომიკური აგენტებისთვის, რომლებიც ქვედა დონის ბაზარზე (მაგალითად, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ბაზარზე) მისივე კონკურენტები არიან. ხსენებული ქმედება შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით, მაგალითად: საქონლის ან მომსახურების, ინტელექტუალური საკუთრების, ტექნიკური (ურთიერთჩართვის ან სხვა ტიპის) ინფორმაციის ან არსებით ინფრასტრუქტურასთან წვდომაზე უარის თქმით. ამასთან, სავარაუდო კანონდამრღვევ ეკონომიკურ აგენტს შეუძლია დაასაბუთოს მიწოდებაზე უარის ობიექტური აუცილებლობა ან ქმედებით გამოწვეული ტექნიკურ-ეკონომიკური პროგრესის უპირატესობა კონკურენციის შეზღუდვასთან შედარებით. აღსრულების პროცესში აუცილებელია საქმის გარემოებების დეტალური ეკონომიკური ანალიზი.