მომხმარებელი (Consumer)

შესაბამის ბაზარზე საქონლის/მომსახურების შემძენი სუბიექტი. კონკურენციის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის დაცვა, რათა მომხმარებელმა მიიღოს დანაზოგი.

ევროკავშირის კონკურენციის პრაქტიკაში, ტერმინს აქვს ორი - ფართო და ვიწრო - განმარტება. ფართო გაგებით, ტერმინი „მომხმარებელი" გულისხმობს ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც შესაბამის ბაზარზე იძენს საქონელს ან სარგებლობს მომსახურებით. აღნიშნული სუბიექტი შესაძლოა იყოს როგორც ე.წ. საბოლოო მომხმარებელი (ანუ, პირი რომელიც პირადი მოხმარებისთვის იძენს საქონელს), ისე ე.წ. შუალედური მომხმარებელი (ანუ, პირი რომელიც საქონლის შეძენას ახორციელებს მისი შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნით). აღნიშნული გაგებით, ტერმინი „მომხმარებელი" „კლიენტის" სინონიმია. ვიწრო გაგებით, „მომხმარებელი" აღნიშნავს მხოლოდ საბოლოო მომხმარებელს. ამ მნიშვნელობით, ტერმინი „მომხმარებელი" ასევე გამოიყენება მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალშიც.

კონკურენციის სამართლის მიზნებისათვის, საქართველოში მიღებულია ტერმინის ფართო განმარტება. ამასთანავე, ტერმინის ვიწრო გაგებით გამოყენებისას, კონკურენციის კანონმდებლობა იყენებს ფრაზას „საბოლოო მომხმარებელი".