დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი კატეგორია, რომელიც მიზნად ისახავს ან შედეგად იწვევს მომხმარებელთა ინტერესების პირდაპირ შელახვას, კონკურენციის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით. მაგალითად, კონკრეტულ საქონელზე ან მომსახურებაზე არაკონკურენტულად მაღალი ფასის ან არასამართლიანი სავაჭრო პირობების დაწესება, რის შედეგადაც მომხმარებელს მოუწევს კონკურენტულთან შედარებით მეტი ხარჯის გაღება, ჩაითვლება მომხმარებლის ინტერესების შეზღუდვად. მომხმარებელთა ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას განასხვავებენ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მეორე კატეგორიისგან - ბაზრიდან განდევნის მიზნით განხორციელებული ქმედებისაგან. მართალია, ორივე მათგანი კონკურენციის საწინააღმდეგოდ ითვლება, მაგრამ, აღსრულების პროცესში, მათი დადგენა განსხვავებულ ანალიზს მოითხოვს. მომხმარებელთა ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები ხასიათდება მომხმარებლისათვის უშუალოდ მიყენებული ზიანით. შედარებისთვის, ბაზრიდან განდევნის მიზნით განხორციელებული ქმედების არსებობისას, ხდება იმის შემოწმება, ხომ არ იწვევს კონკრეტული ქმედება ბაზრიდან ეფექტიანი კონკურენტების განდევნას, რომლებიც, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, შეძლებდნენ ბაზარზე დარჩენასა და კონკურენციის გაწევას. ამ დროს აუცილებელი არაა მომხმარებელთათვის მიყენებული ზიანის ფაქტის დადგენა, რადგან იგულისხმება, რომ მომხმარებელი (ირიბად) ზარალდება კონკურენციის კანონსაწინააღმდეგო შეზღუდვის შედეგად.