მონოპოლია (Monopoly)

ბაზრის სტრუქტურის ერთ-ერთი სახე, რომელიც გულისხმობს, რომ შესაბამის ბაზარზე მხოლოდ ერთი გამყიდველი ანუ მიმწოდებელია. ეკონომიკურ თეორიაში, მონოპოლია სრულყოფილი კონკურენციის საპირისპირო მდგომარეობად ითვლება. მონოპოლიის პირობებში, წარმოების მოცულობა ნაკლები, ხოლო ფასი - უფრო მეტია, ვიდრე ეს კონკურენციის პირობებში იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მონოპოლისტის ფასწარმოქმნაც გარკვეულწილად შეზღუდულია ბაზარზე არსებული მოთხოვნით, ის, როგორც წესი, მოქმედებს, როგორც ფასის დამდგენი და არა როგორც ფასის მიმღები (რასაც ადგილი აქვს კონკურენტული ბაზრის შემთხვევაში). გარდა ამისა, მონოპოლისტი იღებს კონკურენტულზე მაღალ მოგებას. შედეგად, მომხმარებელი იხდის უფრო მაღალ ფასს და ადგილი აქვს კეთილდღეობის აუნაზღაურებელ დანაკარგს. მონოპოლიის შენარჩუნება დიდწილად დამოკიდებულია ბაზარზე შესვლის ბარიერების არსებობაზე. ბაზარზე შესვლისა და ბაზრიდან გასვლის სიმარტივის შემთხვევაში, მონოპოლიის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა. მონოპოლია განსხვავდება საბაზრო ძალაუფლებისგან. ეს უკანასკნელი მოიცავს ყველა სიტუაციას, როდესაც ეკონომიკური აგენტების წინაშეა მოთხოვნის დაღმავალი მრუდი, რაც მათ საშუალებას აძლევს, დააწესონ კონკურენტულ ნიშნულზე მაღალი ფასი. საბაზრო ძალაუფლება შესაძლოა არსებობდეს როგორც მონოპოლიის, ასევე ოლიგოპოლიისა და მონოპოლისტური კონკურენციის პირობებში. კონკურენციის პოლიტიკის მიზნებისთვის, ტერმინი „მონოპოლია" ზოგჯერ გამოიყენება ისეთი ბაზრის აღსანიშნავადაც, სადაც სრული 100%-იანი საბაზრო წილი ერთ ეკონომიკურ აგენტს არ უკავია. სხვადასხვა ქვეყნები სამართლებრივად განსხვავებულად განმარტავენ ამ ტერმინს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მონოპოლიზაცია ანტიტრასტული კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარღვევაა. საქართველოში მონოპოლიური საქმიანობა აკრძალულია კონსტიტუციით, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მონოპოლიის მსგავს სიტუაციას მოთხოვნის მხრივ, ე.ი. როდესაც ბაზარზე არსებობს ერთადერთი მყიდველი, მონოფსონია ეწოდება.