კონკურენცია იმ ეკონომიკურ აგენტებს შორის, რომლებმაც საკუთარი პროდუქციის სხვა იდენტური საქონლისგან გამიჯვნის მიზნით შექმნეს ბრენდები ან სასაქონლო ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები ასეთ ბრენდირებულ პროდუქტებს სრულფასოვან ანალოგებად არ აღიქვამენ, ისინი მაინც უწევენ ერთმანეთს კონკურენციას, თუმცა, როგორც წესი, შედარებით ნაკლები ინტენსივობით. ბრენდთაშორისი კონკურენციის კლასიკური მაგალითია Coca-Cola-სა და Pepsi-ს დაპირისპირება. © ევროკომისია
კომენტარი - ჩანაწერი არ არის
აღნიშნული ტერმინი, როგორც წესი, არ გვხვდება კონკურენციის შესახებ კანონებში. ამის ნაცვლად, ეს ტერმინი გამოიყენება სასამართლო პრაქტიკასა და სახელმძღვანელოებში ისეთი სხვადასხვა ტიპის ქცევის აღსანიშნავად, რომელიც წარმოადგენს ბაზრიდან განდევნის მიზნით განხორციელებულ ქმედებას და ზღუდავს არსებულ და პოტენციურ კონკურენტებს, დომინანტური პოზიციის შენარჩუნების ან გაძლიერების მიზნით. მსგავსი პრაქტიკა მოიცავს სტრატეგიებს, რომლებიც აიძულებს კონკურენტებს გავიდნენ ბაზრიდან, ზღუდავს მათი გაფართოების შესაძლებლობას და/ან აკავებს ახალ კომპანიებს ბაზარზე შესვლისგან.
ბაზრიდან განდევნის მიზნით განხორციელებულმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰორიზონტალური შეზღუდვა (მაგალითად, როდესაც დომინანტი კომპანია მოქმედებს კონკურენტების წინააღმდეგ იმ ბაზარზე, სადაც ის დომინირებს) და ვერტიკალური შეზღუდვა (მაგალითად, როდესაც ვერტიკალურად ინტეგრირებული დომინანტი კომპანია მოქმედებს ქვემდგომი ბაზრის კონკურენტის წინააღმდეგ). ბაზრიდან განდევნის მეთოდები შეიძლება მოიცავდეს ერთი კომპანიის ქცევას, როგორიცაა კონკურენტის ქმედებებზე შეზღუდვების დაწესება (მაგალითად, კონკურენტთა დანახარჯების გაზრდა), მტაცებლური ფასები, მარჟის შეზღუდვა, მიბმა და დაჯგუფება, ფასისმიერი დისკრიმინაცია, ექსკლუზიური გარიგება, ლოიალობის ფასდაკლებები და ფასდათმობები, გაყიდვაზე ან მიწოდებაზე უარის თქმა, ურთიერთთავსებადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ლიცენზირებაზე უარის თქმა, სხვათა შორის. ასეთი პრაქტიკა ასევე შეიძლება გამოიხატოს კოლექტიური ბოიკოტის ფორმით. იურისდიქციებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება კონკრეტული ქმედებების კანონიერების, ბაზრიდან განდევნის მიზნით განხორციელებული თითოეული ტიპის ქცევის ელემენტების, მტკიცების ტვირთისა და, ზოგადად, აღსრულების პრაქტიკის თვალსაზრისით. ამ ნიუანსების საილუსტრაციოდ, ტექსტის დარჩენილი ნაწილი წარმოადგენს ასეთი პრაქტიკის წამყვან საქმეებს ევროკავშირიდან (EU), ამერიკის შეერთებული შტატებიდან და განვითარებადი ბაზრებიდან. სასამართლო პრაქტიკის მაგალითზე განხილულია ბაზრიდან განდევნის მიზნით განხორციელებული სამი ტიპის ქცევა: ფასდაკლებები და ფასდათმობები, მიწოდებაზე უარის თქმა (როგორც ჰორიზონტალური შეზღუდვა) და კონკურენტებისთვის მიწოდებული (საწარმოო) რესურსის ხარისხის გაუარესება.
საქმე 1 — ლოიალობის ფასდაკლებები. საქმეში British Airways v Commission, ევროკავშირის პირველი ინსტანციის სასამართლომ (CFI) ძალაში დატოვა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, British Airways-ის მიერ ტურისტული აგენტებისთვის შეთავაზებული მიზნობრივი წამახალისებელი სისტემა კომპანიის მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეფასდა. კომისიამ დაასკვნა, რომ British Airways-ის მიერ დანერგილი ბონუსური სქემები, მათი „ერთგულებაზე ორიენტირებული ბუნების“ გამო, ბაზრიდან განდევნის ეფექტს წარმოშობდა. კომისიამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული ერთგულების ფასდაკლებები აზარალებდა კონკურენტ ავიაკომპანიებს და არ ეფუძნებოდა ეკონომიკურად გამართლებულ გარემოებებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 102-ე მუხლის (ყოფილ 82-ე მუხლის) დარღვევის დასადგენად, არ არის აუცილებელი იმის მტკიცება, რომ კონკრეტულ ქმედებას უკვე ჰქონდა რეალური ნეგატიური ეფექტი შესაბამის ბაზარზე“.
საქმე 2 — დაჯგუფებული ფასდაკლებები. საქმეში Cascade Health Solutions v. PeaceHealth, აშშ-ის მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლომ განიხილა დავა ორეგონის შტატის ლეინის ოლქში მოქმედ საავადმყოფოს მოვლის ორ მიმწოდებელს შორის. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოებისას, მოსარჩელემ მოპასუხე დაადანაშაულა კონკურენციის საწინააღმდეგო ქცევაში, რაც გამოიხატებოდა მზღვეველებისთვის „დაჯგუფებული“ ან „პაკეტური“ ფასდაკლებების შეთავაზებაში. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს არც შემაჯამებელი გადაწყვეტილება და არც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი. სასამართლომ შეაჯამა თავისი მსჯელობა ჯგუფურ ფასდაკლებებსა და მათ პოტენციურ გამომრიცხავ ეფექტებზე:
მრავალპროდუქტიანი ჯგუფური ფასდაკლებით გამოწვეული პირველადი კონკურენციის შემზღუდველი საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ მსგავს შეღავათს შეუძლია ბაზრიდან განდევნოს წარმოების თვალსაზრისით თანაბრად ეფექტური კონკურენტი, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი არ აწარმოებს პროდუქციის იმავე ასორტიმენტს, რაც ჯგუფურ ფასდაკლებაშია წარმოდგენილი. ამრიგად, მოსარჩელემ, რომელიც სადავოდ ხდის პაკეტური ფასდაკლების კონკურენციის საწინააღმდეგო ბუნებას, უნდა დაამტკიცოს, რომ როდესაც მოპასუხის მიერ გაცემული ფასდაკლებების სრული ოდენობა მიეკუთვნება კონკურენტულ პროდუქტს (ან პროდუქტებს), ამ პროდუქტის საბოლოო ფასი მოპასუხის ზღვრულ (დამატებით) დანახარჯებზე დაბალია“.
საქმე 3 — მიწოდებაზე უარის თქმა. საქმეში United Brands v. Commission, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEU) განიხილა დავა, რომლის ფარგლებშიც დომინანტურმა საწარმომ (United Brands – UBC) უარი განაცხადა პროდუქციის (ბანანის) მიწოდებაზე იმ დისტრიბუტორისთვის, რომელიც პარალელურად კონკურენტი კომპანიების ნაწარმსაც ყიდდა. კერძოდ, UBC ცდილობდა დაესაჯა საკუთარი დისტრიბუტორი ერთ-ერთი კონკურენტის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობის გამო. ევროკომისიამ დაადგინა, რომ UBC-მ დაარღვია ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 102-ე მუხლი დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სხვადასხვა ფორმით, მათ შორის: საფასო დისკრიმინაციის, მიწოდებაზე უარის თქმისა და უსამართლოდ მაღალი (გადაჭარბებული) ფასების დაწესების გზით. მართლმსაჯულების სასამართლომ ძალაში დატოვა კომისიის დასკვნები ქმედების ორ სახესთან დაკავშირებით, ხოლო მესამე ნაწილში (ზედმეტი ფასები) კომისიის პოზიცია არ გაიზიარა. მიწოდებაზე ცალმხრივ უარის თქმასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა: „დომინანტურ მდგომარეობაში მყოფ საწარმოს... არ შეუძლია შეწყვიტოს მიწოდება ძველი კლიენტისთვის, რომელიც მისდევს დამკვიდრებულ კომერციულ პრაქტიკას“ (პუნქტი 182). სასამართლოს განცხადებით, UBC-მ ვერ წარმოადგინა ვერავითარი რელევანტური არგუმენტი მიწოდებაზე უარის მართლზომიერების დასასაბუთებლად (პუნქტი 189).
საქმე 4 — უარი არსებითი რესურსის მიწოდებაზე. საქმეში Aspen Skiing Co. v. Aspen Highlands Skiing Corp., აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განიხილა დავა, რომელშიც კომპანიამ, რომელიც ასპენში სამ სამთო-სათხილამურო ობიექტს ფლობდა, სხვა საკურორტო ობიექტის მფლობელი დაადანაშაულა ბაზრიდან განდევნაში შერმანის აქტის მე-2 მუხლის დარღვევით. სადავო ქმედება გულისხმობდა თანამშრომლობის შეწყვეტასა და კონკურენტის გამორიცხვას სათხილამურო აბონემენტების (ბილეთების) საერთო სქემიდან. ადრეული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გარიგებაზე უარის თქმა აკრძალულია შერმანის აქტით, როდესაც იგი გამოიყენება როგორც „სახელმწიფოთაშორისი ვაჭრობის მონოპოლიზაციის განზრახული საშუალება“ (გვ. 602).
საქმე 5 — კონკურენტებისთვის მიწოდებული (საწარმოო) რესურსის ხარისხის გაუარესება. კოლუმბიის კონკურენციის შესახებ კანონის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტი (1992 წლის დეკრეტი №2153) პირდაპირ განსაზღვრავს ბაზრიდან განდევნისკენ მიმართულ შემდეგ ქმედებას, როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფორმას: „მესამე მხარის მიერ ბაზრებზე ან კომერციალიზაციის არხებზე წვდომის დაბრკოლება ან შეფერხება“. მაგალითად, Bulk Water-ის საქმეში (რეზოლუცია №14305/2018), კოლუმბიის კონკურენციის სააგენტომ სანქცია დააკისრა ბოგოტას წყლის სახელმწიფო კომპანიას ნაკადის შემზღუდველი სარქვლის დაყენების გამო, რამაც დააზარალა მცირე კომპანია, რომელიც სასმელ წყალს ქალაქის ჩრდილოეთ რაიონებსა და მიმდებარე დასახლებებს აწვდიდა. აღნიშნულმა სარქველმა წყლის წნევა 33%-ით შეამცირა, რამაც შეზღუდა ქვედა დონის კონკურენტის ოპერაციული შესაძლებლობები და უარყოფითად იმოქმედა საბოლოო მომხმარებლებზე. კონკურენციის სააგენტომ დაასკვნა, რომ კონკურენციის შეფერხება მოხდა ნაყარი წყლის მიწოდების ბაზარზე, სადაც სახელმწიფო კომპანია დომინანტურ მდგომარეობას ფლობდა, თუმცა ეფექტი აისახა „აკვედუკის მომსახურების ბაზარზე“. სააგენტომ ასევე დაადგინა, რომ სახელმწიფო კომპანიას ჰქონდა წინასწარ დაგეგმილი სტრატეგია კონკურენტის ბაზრიდან განდევნის მიზნით და არ არსებობდა ნაკადის შემზღუდველი სარქვლის დაყენების რაიმე ობიექტური გამართლება.
ბრენდთაშორისი კონკურენცია (INTER-BRAND COMPETITION)
განმარტება - ჩანაწერი არ არის.