მონოპოლისტური კონკურენცია (Monopolistic Competition)

არასრულყოფილი კონკურენციის მქონე საბაზრო სტრუქტურის ერთ-ერთი სახე, რომელშიც მრავალი ეკონომიკური აგენტი ყიდის მსგავს, მაგრამ არა იდენტურ საქონელს. სრულყოფილი კონკურენციის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ბაზარზე საქმიანობს მრავალი გამყიდველი და ბაზარზე შესვლა/ბაზრიდან გასვლა შედარებით მარტივია. თუმცა, თუ სრულყოფილი კონკურენციის შემთხვევაში პროდუქცია ერთგვაროვანია, მონოპოლისტური კონკურენციის პირობებში წარმოებული პროდუქცია დიფერენცირებულია. მონოპოლისტური კონკურენციის არსებობისას თითოეული ეკონომიკური აგენტი ხასიათდება მოთხოვნის დაღმავალი მრუდით, რაც მას გარკვეულ საბაზრო ძალაუფლებას ანიჭებს. ამით ეკონომიკური აგენტი ემსგავსება მონოპოლისტს, თუმცა მონოპოლისტისაგან განსხვავებით, მისი მოთხოვნის მრუდი უფრო მეტად ელასტიკურია. მართალია წარმოებული პროდუქცია დიფერენცირებულია, თუმცა მას მაინც ჰყავს ჩამნაცვლებლები, ამიტომ მოთხოვნის მრუდის დახრილობა მსგავსი პროდუქციის ფასებზეა დამოკიდებული. საბაზრო წონასწორობის წერტილში მონოპოლისტური კონკურენტების ეკონომიკური მოგება მცირეა ან ნულის ტოლია. მონოპოლისტური კონკურენცია ყველაზე გავრცელებულ საბაზრო სტრუქტურას წარმოადგენს, განსაკუთრებით მომსახურების ინდუსტრიაში. ეფექტიანობის ასპექტში მონოპოლისტური კონკურენცია არ არის პარეტო ოპტიმალური (ვინაიდან საბაზრო წონასწორული ფასი მეტია ზღვრულ დანახარჯზე). ეს არაეფექტურობა განპირობებულია სხვადასხვა სახეობის პროდუქციის წარმოებით. თუმცა, ვინაიდან ბაზარზე საქმიანობს მრავალი ეკონომიკური აგენტი და ბაზარზე შესვლა/ბაზრიდან გასვლა მარტივია, მონოპოლისტური კონკურენცია, როგორც წესი, კონკურენციის პოლიტიკისათვის პრობლემას არ წარმოადგენს.