მრავალმხრივი ბაზარი (Multi-sided Market)

ბაზარი, სადაც ეკონომიკური აგენტი მოქმედებს, როგორც პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ხდება საქონლის ან/და მომსახურების შეთავაზება მომხმარებელთა რამდენიმე ჯგუფისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებელთა ერთი ჯგუფის მოთხოვნის ოდენობის ცვლილება დამოკიდებულია მომხმარებელთა დანარჩენი ჯგუფების მოთხოვნის ოდენობის ცვლილებაზე და პირიქით. მრავალმხრივი ბაზრის ყველაზე გავრცელებული სახეა ე.წ. მრავალმხრივი (ონლაინ) პლატფორმები. პლატფორმის მომხმარებელთა თითოეული ჯგუფის მოქმედებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს პლატფორმის დანარჩენი მომხმარებლების ჯგუფების ქცევაზე და შესაბამისად, გამოიწვიოს პლატფორმის ქსელის ზრდა ან შემცირება. შესაბამისად, "პლატფორმათაშორისი ქსელური ეფექტის" შეფასება მრავალმხრივი პლატფორმების ანალიზის ამოსავალი წერტილია. მრავალმხრივი ბაზრები/პლატფორმები ასევე ხასიათდება არა-ნეიტრალური ფასწარმოქმნით (ფასწარმოქმნა გავლენას ახდენს პლატფორმის გავრცელების დონეზე). ამავდროულად, როგორც წესი, ხსენებული ბაზრები ერთ-ერთი მიმართულებით (ანუ, მომხმარებელთა ერთ-ერთი კატეგორიისთვის) ნულოვანი ფასის მქონეა. მრავალმხრივი პლატფორმის მაგალითია დაჯავშნის კომპლექსური ვებგვერდები, სადაც ერთდროულად შეიძლება თვითმფრინავის ბილეთების შეძენა და სასტუმროს დაჯავშნა. ასეთი პლატფორმა ემსახურება ერთდროულად სამი სახის მომხმარებელს - ავიაკომპანიებს, სასტუმროს მეპატრონეებსა და ზემოაღნიშნული ორი სახის კომპანიის კლიენტებს. მრავალმხრივი პლატფორმაა ონლაინ ვიდეო ვებგვერდებიც, რომლებიც ემსახურება მინიმუმ სამი სახის მომხმარებელს: ვიდეომასალის განმათავსებლებს, რეკლამის განმათავსებლებს და მაყურებელს. მრავალმხრივი ბაზრების ანალიზი მნიშვნელოვანია კონკურენციის პოლიტიკის წარმართვისას, რადგან ეს უკანასკნელნი ყოველთვის არ ემორჩილებიან „კლასიკური" ბაზრის ფუნქციონირების წესებს. მაგალითად, სადავოა მრავალმხრივ ბაზრებთან დაკავშირებულ საქმეებზე შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის წესი. ბაზრის განსაზღვრის სირთულიდან გამომდინარე, გართულებულია აღსრულების მთელი რიგი პროცედურებიც (მაგალითად, კონცენტრაციების შეფასება, საბაზრო ძალაუფლების/დომინანტური მდგომარეობის დადგენა და სხვა).