სტრატეგია, რომლის თანახმადაც დომინანტი ეკონომიკური აგენტი ამცირებს ფასს და (გააზრებულად) უარს ამბობს მოგების გარკვეულ ნაწილზე მცირე ვადით, რათა ბაზრიდან განდევნოს კონკურენტები ან ხელი შეუშალოს ბაზარზე მათ შემოსვლას. თუკი ეს სტრატეგია გაამართლებს და კონკურენტები დატოვებენ ბაზარს ან თავს შეიკავებენ ბაზარზე შემოსვლისგან, დომინანტი ეკონომიკური აგენტი, გრძელვადიან პერსპექტივაში, კვლავ გაზრდის ფასს და მიიღებს მაღალ მოგებას. ეკონომიკურ ლიტერატურაში მტაცებლური ფასის რაციონალობისა და ეფექტიანობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა, რაც სხვადასხვა იურისდიციაში ამ ქმედების მიმართ განსხვავებულ მიდგომასაც განაპირობებს. ევროკავშირისა და საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის თანახმად, დომინანტი ეკონომიკური აგენტის მიერ მტაცებლური ფასის დაწესება დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა. ევროკავშირის პრაქტიკაში გავრცელებული პრეზუმფციის თანახმად, მტაცებლურია ფასი, რომელიც საშუალო ცვლად დანახარჯზე ნაკლებია. ხსენებული ქმედება მიიჩნევა ბაზრიდან კონკურენტების განდევნისკენ მიმართულად, რადგან სხვაგვარად, ეკონომიკურად უფრო რაციონალური იქნებოდა პროდუქტის წარმოებისგან თავის შეკავება, ვიდრე საშუალო ცვლად დანახარჯზე დაბალ ფასად მისი გაყიდვა. საშუალო ცვლად დანახარჯზე უფრო მაღალი, მაგრამ საშუალო სრულ დანახარჯზე დაბალი ფასის შემთხვევაში, საჭიროა დამატებითი ელემენტების გათვალისწინება. ამასთან, ეკონომიკურ აგენტს კონკურენტების ბაზრიდან განდევნის ნაცვლად, შესაძლოა დარჩენილი საქონლის მარაგების სრულად რეალიზაციის სურვილი ან სხვა ლეგიტიმური მოტივები ამოძრავებდეს, რომლებიც კონკურენციის ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს.