ბაზრის სტრუქტურის ერთ-ერთი სახე, რომელიც ხასიათდება მცირე რაოდენობის მსხვილი მიმწოდებლებით, რომლებიც აცნობიერებენ ურთიერთდამოკიდებულებას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას, მაგალითად, ფასებთან, წარმოების მოცულობასთან ან ხარისხთან დაკავშირებით. შედეგად, ოლიგოპოლიური ბაზრის ყოველი მონაწილე ითვალისწინებს სხვა მონაწილეთა შესაძლო საპასუხო რეაქციას მის ნებისმიერ ქცევაზე. ოლიგოპოლიური ბაზრის შეფასება რთული და კომპლექსურია, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ოლიგოპოლიის შეფასებისას მთავარი საკითხია იმის დადგენა, თუ როგორ მოქმედებენ ეკონომიკური აგენტები, როდესაც აანალიზებენ თავიანთ ურთიერთდამოკიდებულებას. კონკურენციის კუთხით, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ლეგიტიმური ოლიგოპოლიური ქცევისა და, მეორე მხრივ, ფარული გარიგების განსხვავება. მაგალითად, დამატებითი მტკიცებულებების გარეშე, კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებულ ქმედებად არ ჩაითვლება ეკონომიკური აგენტების პარალელური ქცევა, რაც ოლიგოპოლიური ბაზრის განჭვრეტადობით შეიძლება იყოს გამოწვეული. გარდა ამისა, ევროკავშირის კონკურენციის კანონმდებლობა ასევე იცნობს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის ცნებასაც, რაც სწორედ ოლიგიპოლიურ ბაზრებს უკავშირდება. ამასთან, ოლიგოპოლიური ბაზრის სტრუქტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს კონცენტრაციების ანალიზის დროსაც. მაგალითად, პრობლემურად მიიჩნევა ოლიგოპოლიურ ბაზარზე მნიშვნელოვანი კონკურენტების კონცენტრაცია, რომლებიც წარსულში ერთმანეთზე კონკურენტულ წნეხს ახორციელებდნენ.