ორმხრივი ბაზარი (Two-sided Market)

ორმხრივია ბაზარი, რომლის ფარგლებშიც მიმწოდებლები საქონელს ან მომსახურებას ერთდროულად სთავაზობენ მომხმარებლთა ორ ურთიერთდამოკიდებულ ჯგუფს. ორმხრივ ბაზრებს ხშირად ორმხრივ პლატფორმებს უწოდებენ. ორმხრივი პლატფორმის მომხმარებელთა ჯგუფებს შორის ადგილი აქვს არაპირდაპირ ქსელურ ეფექტებს. ამასთან, აღნიშნული ბაზრები ხასიათდება არანეიტრალური ფასწარმოქმნით (ფასწარმოქმნა გავლენას ახდენს პლატფორმის გავრცელების დონეზე). ორმხრივი პლატფორმებია, მაგალითად: რეკლამაზე დამოკიდებული მედია (ჟურნალები, ტელევიზიები და სხვა), რომელიც ერთდროულად ემსახურება მკითხველს ან მაყურებელს და რეკლამის განმათავსებელს; გადახდის სისტემები (ნაღდი ფული, საბანკო ბარათები და სხვა), რომელიც მომსახურებას უწევს როგორც მყიდველს, ასევე გამყიდველს; კომპიუტერული პროგრამების პლატფორმები, რომელიც ერთდროულად ემსახურება აპლიკაციების შემქმნელებს და მომხმარებლებს და სხვა. ორმხრივი ბაზრების ანალიზი ყოველთვის არ ემორჩილება „კლასიკური" ბაზრის ფუნქციონირების წესებს. მაგალითად, ორმხრივი ბაზრის არსებობისას შესაძლებელია, რომ მომხმარებელთა ერთი ჯგუფისათვის საქონლის ან მომსახურების შეთავაზება მოხდეს ნულოვანი ფასით. ეს თავისთავად ართულებს შესაბამისი ბაზრის განსაზღვრას. ასევე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ორმხრივ ბაზრებზე ცალკეული ქმედებების კონკურენტული ეფექტის შეფასების შესახებ. მაგალითად, არ არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ უნდა გაიზომოს ან რა კუთხით უნდა იქნას მხედველობაში მიღებული ეფექტიანობის ზრდა ბაზრის ერთ-ერთ მხარეს, როდესაც ბაზრის მეორე მხარეს კონკურენციის შეზღუდვას აქვს ადგილი. საერთაშორისო დონეზე, გამოწვევად რჩება სხვადასხვა იურისდიქციებში ერთობლივი მიდგომების არარსებობა.