ფართო გაგებით, რეგულირება გულისხმობს საჯარო ორგანოების მიერ ქცევის წესების დადგენას, რომელთა მიზანია კერძო სექტორის წარმომადგენლების (ფიზიკური და იურიდიული პირების) ეკონომიკური ქცევის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა, ხოლო აღსრულება უზრუნველყოფილია სანქციების გამოყენებით. არსებობს რეგულირების მრავალი ინსტრუმენტი, ხოლო მისი ყველაზე ხშირი სამიზნეა ფასი, წარმოების მოცულობა, მოგება, სტანდარტები და სხვა. რეგულირების მიზანშეწონილობის დასაბუთება ხდება ისეთი არგუმენტებით, როგორიცაა: ბაზრის ჩავარდნა, პოტენციური საბაზრო ძალაუფლების შეზღუდვა და ეფექტიანობის ზრდა და სხვა. პრაქტიკაში გავრცელებულია ისეთი დარგების რეგულირება, რომლებშიც, ბაზრის თავისებურებებიდან გამომდინარე, დერეგულირების პირობებში ვერ იქმნება ჯანსაღი კონკურენტული გარემო. ასეთ სექტორებს, როგორ წესი, მიეკუთვნება კომუნიკაციების, ენერგეტიკის, ფინანსური/საბანკო და სადაზღვევო სექტორები. ზოგიერთ ქვეყანაში რეგულირებულია ასევე სარკინიგზო, საფოსტო და სხვა მსგავსი სექტორებიც. ხსენებული რეგულაციების აღსრულება ევალებათ დარგის შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს. ამ ბაზრებზე კონკურენციის პარამეტრების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემოღების შემთხვევაში, აუცილებელი ხდება დარგობრივ მარეგულირებლებსა და კონკურენციის ორგანოებს შორის თანამშრომლობა. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური რეგულაციებით ეკონომიკურ აგენტებს ევალებათ გარკვეული ქმედებების განხორციელება, რომლებიც ამავდროულად წარმოადგენს კონკურენციის წესების დარღვევას, ისინი ამგვარი საკანონმდებლო ვალდებულების არგუმენტით გათავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან. ამასთან, სახელმწიფოს მიერ კონკრეტული ქმედების მხოლოდ წახალისება (როდესაც ეკონომიკური აგენტები ინარჩუნებენ ავტონომიური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას) ვერ იქნება კონკურენციის წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის აცილების საფუძველი.