შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის შეფარდებითი ზომის მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს წარმოების, გაყიდვების ან საწარმოო სიმძლავრეების საერთო მოცულობაში კომპანიის წილის პროპორციას. მოგებასთან ერთად, საბაზრო წილის გაზრდა განსაკუთრებით ხშირად მოიხსენიება ეკონომიკური აგენტების მიზნებს შორის, რაც განპირობებულია იმით, რომ საბაზრო ეკონომიკაში საბაზრო წილი, მასშტაბის ეფექტი და მოგება ხშირად დადებითი ურთიერთკავშირით ხასიათდება. საბაზრო წილის გამოთვლა კონკურენტული ანალიზის ერთ-ერთი პირველი ეტაპია. საბაზრო წილი საბაზრო ძალაუფლების შესაფასებლად გამოიყენება. თუმცა, ბაზრის მნიშვნელოვანი წილის ფლობა ყოველთვის არ არის საკმარისი პირობა იმისათვის, რომ დადგინდეს ეკონომიკური აგენტის საბაზრო ძალაუფლება. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე შესვლის ბარიერები დაბალია და ბაზარზე ახალ მონაწილეთა შესვლის საფრთხე აფერხებს საბაზრო ძალაუფლების გამოყენებას, ითვლება, რომ ბაზრის მონაწილეები (მათ შორის, დიდი წილის მქონენიც) საკმარის კონკურენტულ წნეხს განიცდიან და შესაბამისად, საბაზრო ძალაუფლება სახეზე არაა. ანალიზისას აუცილებელია დაკვირვება არა მხოლოდ ეკონომიკური აგენტის აბსოლუტურ საბაზრო წილზე, არამედ საბაზრო წილზე კონკურენტებთან მიმართებაშიც.