სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება (Resale Price Maintenance)

მიმწოდებლისა და დისტრიბუტორის შეთანხმება საქონლის ან მომსახურების მომხმარებლისთვის მისაყიდ ფასზე. კონკურენციის კუთხით, განსაკუთრებული რისკის შემცველია მინიმალური სარეალიზაციო ფასის დადგენა, რადგან ის მიმწოდებელს ბაზარზე გარკვეულ კონტროლს ანიჭებს და ხელს უშლის დისტრიბუტორებს შორის კონკურენციას, შედეგად კი - მარჟისა და საბოლოო ფასის შემცირებას. მეორე მხრივ, სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებას შეიძლება ჰქონდეს საქონლის რეპუტაციის დაცვის, დისტრიბუტორთა შორის არაჯანსაღი ფასისმიერი კონკურენციის თავიდან არიდების ან სხვა სახის ლეგიტიმური მიზეზები. შედეგად, სხვადასხვა იურისდიქციაში გასაყიდი ფასის შენარჩუნების მიმართ მიდგომა განსხვავებულია. მაგალითად, ევროკავშირში სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება წარმოადგენს კონკურენციის მძიმე ფორმით შეზღუდვას. სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებად მიიჩნევა შეთანხმება, რომლის პირდაპირი ან არაპირდაპირი შედეგია ფიქსირებული ან მინიმალური ფასის დადგენა. აღნიშნული ფასი შენარჩუნებული უნდა იქნეს დისტრიბუტორის მიერ საქონლის ან მომსახურების მომხმარებლისათვის მიყიდვისას. ისეთი სახელშეკრულებო დებულებების ან შეთანხმებული ქმედებების შემთხვევაში, რომლებიც პირდაპირ აწესებს შემდგომი გაყიდვის ფასს, შეზღუდვა მკაფიოდ გამოკვეთილია. თუმცა სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება შეიძლება მიღწეულ იქნას არაპირდაპირი გზებითაც, მაგალითად: სადისტრიბუციო მარჟის ფიქსირებით, დისტრიბუტორისთვის წინასწარ გათვალისწინებული ფასიდან ფასდათმობის მაქსიმალური ოდენობის დადგენით, დადგენილი სარეალიზაციო ფასიდან გადამხვევი დისტრიბუტორის გაფრთხილებით, დაშინებით, ან უფრო მკაცრი ზომების გამოყენებით (როგორიცაა: ჯარიმა, მიწოდების შეწყვეტა ან დაგვიანებით მიწოდება, კონტრაქტის შეწყვეტა).