საჩივარი (Complaint)

კანონიერი ინტერესის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვა კონკურენციის ორგანოსთვის კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის მოკვლევის, დადგენის ან/და აღკვეთის მოთხოვნით. საჩივარი კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შესახებ მოკვლევის დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს. საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საჩივრის წარდგენა შეუძლია პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მას უშუალოდ ადგება ქონებრივი ზიანი. ევროკავშირის პრაქტიკაში საჩივარი შეიძლება იყოს ფორმალური, არაფორმალური ან ანონიმური. ფორმალური საჩივარი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და იგი ევროკომისიას აკისრებს ვალდებულებას, დაადგინოს კანონდარღვევა ან უარყოს ფორმალური საჩივარი. ამასთან, ფორმალური საჩივრის ავტორს ენიჭება გარკვეული პროცედურული უფლებები. არაფორმალურად მიიჩნევა საჩივარი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ და მატერიალურ მოთხოვნებს, მაგრამ ევროკომისიას აწვდის ინფორმაციას ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის შესახებ. კომისია უფლებამოსილია აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საკუთარი ინიციატივით დაიწყოს საქმის მოკვლევა. ანონიმურია საჩივარი, რომლის ავტორს არ სურს ვინაობის გამხელა კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დამრღვევისთვის, მაგრამ ევროკომისიას ანონიმურად დარჩენის თხოვნასთან ერთად, აწვდის ინფორმაციას კონკურენციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის თაობაზე. არაფორმალური ან ანონიმური საჩივრის ავტორებს არ ენიჭებათ ფორმალური მომჩივნის მსგავსი პროცედურული უფლებები. ევროკავშირში ასევე არსებობს შესაძლებლობა, პირმა ევროკომისიას კონკურენციის სავარაუდო დარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დაშიფრული სისტემის მეშვეობით, სრული ანონიმურობის გარანტიით. ამ შემთხვევაში, თავად ევროკომისიასაც არ აქვს ინფორმაცია პირის ვინაობის შესახებ.