სახელმწიფო დახმარება (State Aid)

ევროკავშირის და საქართველოს კანონმდებლობაში დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური აგენტების სუბსიდირების ცალკეულ ფორმებს. სახელმწიფო დახმარებად ჩაითვლება შერჩევითად, ერთი ან მეტი საწარმოსთვის, სახელმწიფო რესურსებიდან მინიჭებული უპირატესობა (მაგალითად, სესხის ხელსაყრელი პირობებით გაცემა, საოპერაციო აქტივების გადაცემა, ფულადი დახმარების გაწევა, მოგების მიღების გარანტიის მიცემა, შეღავათების მინიჭება და სხვა). სახელმწიფო დახმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს კონკურენტული მდგომარეობის ხელოვნური ცვლილება დახმარების მიმღებ ეკონომიკურ აგენტებსა და მათ კონკურენტებს შორის, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. ამდენად, სახელმწიფო დახმარება, რიგ შემთხვევებში, კონკურენციის ორგანოების დაინტერესების საგანია. ევროკავშირში სახელმწიფო დახმარება აკრძალულია, კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისების გარდა. სახელმწიფო დახმარების გასაცემად, როგორც წესი, საჭიროა ევროკომისიის წინასწარი თანხმობა. სახელმწიფო დახმარება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითაც. რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო დახმარების გაცემამდე სავალდებულოა კონკურენციის სააგენტოს წინასწარი თანხმობა.