ბაზრის თეორიული და იდეალური სტრუქტურა, რომლის დროსაც ეკონომიკური ეფექტიანობა და შედეგად, საზოგადოების სოციალური კეთილდღეობა უმაღლეს მაჩვენებელს აღწევს. სრულყოფილი კონკურენციის პირობებში საქონლის ფასი ზღვრული დანახარჯის ტოლია და ხდება ყველაზე დაბალი შესაძლო დანახარჯებით წარმოება (პარეტო-ეფექტიანობა). შესაბამის ბაზარზე სრულყოფილი კონკურენციის არსებობისათვის საჭიროა სრულდებოდეს შემდეგი პირობები: ა) არსებობდეს მიმწოდებლებისა და მომხმარებლების უსასრულო რაოდენობა - შესაბამისად, ბაზრის არც ერთ მონაწილეს არ შეეძლოს ფასებზე გავლენის მოხდენა; ბ) ბაზარზე შეთავაზებული ყველა პროდუქტი იდენტური იყოს; გ) მიმწოდებლები და მომხმარებლები ფლობდნენ სრულყოფილ ინფორმაციას ბაზარზე არსებულ პირობებთან დაკავშირებით; დ) არ არსებობდეს ბაზარზე შესვლის და ბაზრიდან გასვლის ბარიერები - შედეგად, ბაზრის მონაწილეები სურვილის შემთხვევაში უპრობლემოდ შედიოდნენ ბაზარზე და გადიოდნენ ბაზრიდან; ე) მომხმარებლისათვის არ არსებობდეს ტრანსპორტირების, ძებნისა და შესაძენი პროდუქტის შეცვლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები (switching costs). სრულყოფილი კონკურენციის თეორიაში ასევე ივარაუდება, რომ ბაზრის მონაწილეების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება რაციონალურია. როდესაც ხსენებული პირობები კმაყოფილდება ყველა შესაბამის ბაზარზე, ეკონომიკა სრულყოფილად კონკურენტულია. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოხსენებული პირობების დაკმაყოფილება ფაქტობრივად შეუძლებელია, სრულყოფილი კონკურენცია რჩება თეორიულ მოდელად. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ თეორიას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს კონკურენციის პოლიტიკაში, განსაკუთრებით მისი მთავარი მიზნების განსაზღვრისას.