სიტუაცია, როდესაც ერთი ეკონომიკური აგენტი სარგებელს იღებს სხვა ეკონომიკური აგენტის ქმედებებისგან შესაბამისი დანახარჯის გაღების ან გაზიარების გარეშე. მაგალითად, კომპიუტერული ტექნიკის ერთ-ერთმა დისტრიბუტორმა შეიძლება პოტენციურ მყიდველებს პროდუქციის შეძენამდე შესთავაზოს უფასო დეტალური კონსულტაცია, რაც თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებისა და მათ მიერ კონსულტაციაზე დახარჯული სამუშაო დროის გამო, დამატებითი დანახარჯია. ამავდროულად, იმავე კომპიუტერული ტექნიკით კონკურენტმა გამყიდველმა შესაძლოა პროდუქცია დამატებითი კონსულტაციის გარეშე გაყიდოს, თუმცა უფრო დაბალ ფასად. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს შეეძლება, ინფორმაცია მიიღოს პირველი დისტრიბუტორისგან, ხოლო პროდუქცია შეიძინოს მეორისგან. ეს უკანასკნელი, დანახარჯის გაზიარების გარეშე, სარგებლობს პირველი დისტრიბუტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციით. უბილეთო მგზავრობა განსაკუთრებით უარყოფით მოვლენადაა მიჩნეული ისეთ დარგებში, რომლებშიც საქონლის წარმოების ხარჯი მაღალია (მაგალითად, ფარმაცევტულ სფეროში, სადაც კვლევა და განვითარება წარმოების არსებითი შემადგენელი ნაწილია). თუ ასეთ დარგებში ეკონომიკურ აგენტებს მიეცათ შესაძლებლობა, მიიღონ სარგებელი შესაბამისი დანახარჯების გაზიარების გარეშე, ეს ზიანს აყენებს დანახარჯების გამღებ კომპანიას, უსპობს შესაბამისი ხარჯების გაღების მოტივაციას და გრძელვადიან პერსპექტივაში, აზიანებს ბაზარსა და მომხმარებელს.