ფასისმიერ დისკრიმინაციას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მომხმარებლებს ერთი და იმავე საქონლის ან მომსახურების შეძენისათვის, ბაზრის სხვადასხვა სეგმენტზე უწევთ განსხვავებული ფასის გადახდა იმ მიზეზებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული შესაბამის დანახარჯებთან. ფასისმიერი დისკრიმინაცია ხდება სხვადასხვა ფორმით, მაგალითად, განსხვავებული ფასები სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა ტიპის (მაგალითად, კომერციული და არაკომერციული), მდგომარეობის ან რეგიონის მომხმარებელთათვის. ფასისმიერი დისკრიმინაცია ასევე დამახასიათებელია რეგულირებადი სფეროებისთვის, სადაც მიღებულია განსხვავებული ფასის დაწესება ერთსა და იმავე საქონელსა და მომსახურებაზე დროის სხვადასხვა პერიოდში, ან უფრო დაბალი ფასის დაწესება დიდი ოდენობით (მოცულობით) შემძენთათვის. თუ ბაზრები სეგმენტირებას ექვემდებარება და ეს სეგმენტები იდენტიფიცირებადია, ეკონომიკური აგენტებისთვის მომგებიანია უფრო მაღალი ფასის დაწესება იმ ბაზრებზე, სადაც მოთხოვნა ფასის მიმართ ნაკლებად ელასტიკურია. ამან შესაძლოა გაზარდოს განაწილების ეფექტიანობა და გამოიწვიოს კონკურენციის წამახალისებელი შედეგი გაზრდილი წარმოების ან მომსახურების მიწოდების სახით. ამავდროულად, ფასისმიერ დისკრიმინაციას შესაძლოა ჰქონდეს კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტიც. მაგალითად: დომინანტ ეკონომიკურ აგენტს შეუძლია (დროებით) დაწიოს ფასები ზოგიერთ ბაზარზე, რათა ბაზრიდან განდევნოს მოქმედი კონკურენტები ან არ დაუშვას პოტენციური კონკურენტების ბაზარზე შესვლა. ფასისმიერი დისკრიმინაციის ეს ფორმა რიგ იურისდიქციებში (მაგალითად, ევროკავშირსა და საქართველოში) კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად მიიჩნევა.