ფრენშაიზინგი გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას. ეს არის შეთანხმება, რომლის თანახმადაც ერთი ეკონომიკური აგენტი (ფრენშაიზის მიმცემი) მეორეს (ფრენშაიზის მიმღები) ანიჭებს უფლებას, გამოიყენოს მისი ინდუსტრიული ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების პაკეტი გარკვეული საქონლის ან/და მომსახურების წარმოების ან რეალიზაციისთვის. ეს პაკეტი, ძირითადად უკავშირდება სასაქონლო ნიშნებს, სავაჭრო დასახელებებს, მოდელებს, დიზაინს, საგამომცემლო უფლებებს, ნოუ-ჰაუს და პატენტებს. როგორც წესი, ფრენშაიზინგი გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა და მოიცავს ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა: 1) საერთო სახელის, აბრის, საკონტრაქტო პირობებისა და საშუალებების სტანდარტული გამოყენება; 2) ფრენშაიზის გამცემის კომუნიკაცია მის მიმღებთან; 3) ფრენშაიზის გამცემის მიერ კომერციული და ტექნიკური დახმარების მიწოდება ხელშეკრულების მთელი პერიოდის განმავლობაში. ფრენშაიზინგის ხელშეკრულებები ექცევა კონკურენციის სამართლის ინტერესის სფეროში, განსაკუთრებით კი ვერტიკალური შეზღუდვების ნაწილში. ფრენშაიზინგის ხელშეკრულებამ შეიძლება გაამარტივოს ბაზარზე ახალი ეკონომიკური აგენტების და პროდუქტების შესვლა და გაზარდოს ეფექტიანობა. თუმცა, ამავე დროს, ფრენშაიზინგის ხელშეკრულებებმა, რიგ შემთხვევებში, შეიძლება შეზღუდონ კონკურენცია. ფრენშაიზინგის შეთანხმებების კონკურენტული ეფექტის შეფასებისას კონკურენციის ორგანოები ითვალისწინებენ მათ როგორც დადებით, ასევე უარყოფით შედეგებს ბაზარზე.