ქსელური ეფექტი სახეზეა, როდესაც გარკვეული საქონლის ან მომსახურების მომხმარებელთა რაოდენობის მომატება იწვევს ამ უკანასკნელის ღირებულების ზრდას. ყოველი დამატებითი მომხმარებლის მიერთებას არსებულ მომხმარებელთა ქსელთან (მაგალითად, სატელეფონო ქსელთან, ინტერნეტთან, სოციალურ მედიასთან და ა.შ.) გააჩნია დადებითი გარეგანი ეფექტი ამ ქსელის უკვე არსებული მომხმარებლებისათვის. თეორიაში განასხვავებენ პირდაპირ და არაპირდაპირ ქსელურ ეფექტს. პირდაპირია ქსელური ეფექტი, როდესაც დამატებითი მომხმარებლის მიერ ქსელის გამოყენება დადებით გარეგან ეფექტს ქმნის ამავე ქსელის ანალოგიური მიზნით მომხმარებელთა ფართო წრისათვის. მაგალითად, ინტერნეტ საძიებო სისტემაში ყოველი დამატებითი მომხმარებლის ჩართვით იზრდება სისტემის მიერ დაგროვებული მონაცემების რაოდენობა ძებნის კონკრეტულ პარამეტრებთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საძიებო ალგორითმების გაუმჯობესებას და სისტემის ყველა მომხმარებლისათვის ძიების უკეთესი შედეგების შეთავაზებას. არაპირდაპირია ქსელური ეფექტი, როდესაც დამატებითი მომხმარებლის მიერ ქსელის გამოყენება დადებით გარეგან ეფექტს ქმნის ამავე ქსელის სხვა დანიშნულებით მომხმარებლებისათვის. მაგალითად, რაც უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს საძიებო სისტემას, მით უფრო ღირებული ხდება ის სარეკლამო და ონლაინ-გაყიდვებით დაკავებული კომპანიებისათვის. შესაბამისად, ხსენებული კომპანიები მომხმარებლის მოზიდვისთვის ეცდებიან ძებნის შედეგებში წინ წაწევას. ეს დადებითად იმოქმედებს მომხმარებელზეც, რადგან მას ექნება წვდომა ძიების უკეთეს შედეგებზე. რადგან მსგავსი ეფექტის წარმოშობისთვის საჭიროა მომხმარებელთა სულ მცირე ორი ჯგუფი, არაპირდაპირი ქსელური ეფექტები ხშირად ორმხრივ/მრავალმხრივ ბაზრებს ახასიათებს. ქსელურ ეფექტებს კონკურენციაზე შესაძლოა ჰქონდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა. დადებითი გავლენაა ქსელის მეშვეობით მომხმარებელთა ჯგუფებისათვის გაუმჯობესებული საქონლის ან მომსახურების შეთავაზება. ძირითად უარყოფით მოვლენად კი მიიჩნევა ქსელის მომხმარებელთა მიერ მხოლოდ აღნიშნული ქსელის მასობრივად გამოყენების შემთხვევები, რაც ქსელის მფლობელს ანიჭებს საბაზრო ძალაუფლებას. დომინანტური მდგომარეობა შეიძლება მიიღწეს ქსელთაშორისი კონცენტრაციის გზითაც. აღნიშნულ შემთხვევებში, მაეგულირებელი ორგანოს მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ არ მოხდეს ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება (ქსელში დაშვებაზე უარის თქმა, ალგორითმების მანიპულირების გზით დისკრიმინაცია და ა.შ.).