სადისტირიბუციო სისტემა, რომლის ფარგლებშიც მიმწოდებელი სახელშეკრულებო საქონელს ან მომსახურებას პირდაპირ ან არაპირდაპირ მიყიდის მხოლოდ სპეციალური (რაოდენობრივი ან ხარისხობრივი) კრიტერიუმების მიხედვით შერჩეულ დისტრიბუტორებს. აღნიშნული დისტრიბუტორები, თავის მხრივ, იღებენ ვალდებულებას, არ მიყიდონ სახელშეკრულებო საქონელი ან მომსახურება არააუფლებამოსილ დისტრიბუტორებს. შერჩევითი დისტრიბუცია გავრცელებული კომერციული პრაქტიკაა და ფართოდ გამოიყენება ბრენდირებული პროდუქციის, მათ შორის, ფუფუნების საგნების, ავტომობილების და სხვა მრავალი საქონლითა თუ მომსახურებით ვაჭრობისას.
ზოგადად, შერჩევითი დისტრიბუცია ლეგიტიმურ მიზნებს (მომსახურების ხარისხის შენარჩუნება, უბილეთო მგზავრობის გამორიცხვა და სხვა) ემსახურება და ბრენდთაშორისი კონკურენციის ზრდას უწყობს ხელს. თუმცა მას გარკვეული კონკურენტული რისკებიც ახლავს. კერძოდ, შერჩევითი დისტრიბუციის ქსელის გარეთ სახელშეკრულებო საქონლით ან მომსახურებით ვაჭრობის აკრძალვა ქმნის დახურულ ქსელს და კონკურენტების მიერ ამ პროდუქციის ფასზე გავლენის შესაძლებლობას ამცირებს. ამასთან, შერჩევითმა დისტრიბუციამ შესაძლოა შიდაბრენდული კონკურენცია შეასუსტოს ან/და ბაზარზე ზოგიერთი ეკონომიკური აგენტის წვდომის შეზღუდვა გამოიწვიოს. შერჩევითი დისტრიბუციის კონკურენტული ეფექტის ანალიზისას, რისკებთან ერთად, კონკურენციის ორგანოები მხედველობაში იღებენ მის ლეგიტიმურ მიზნებსა და კონკურენციის ხელშემწყობ მხარეებსაც.