შესაბამისი ბაზარი (Relevant Market)

კონკურენციის პოლიტიკის ცენტრალური ცნება, რომელიც ორი მთავარი განზომილებით ხასიათდება. შესაბამისი სასაქონლო ბაზარი წარმოადგენს როგორც თვისობრივი მახასიათებლებით, ისე ფასებითა და გამოყენების პირობების მიხედვით, ურთიერთჩანაცვლებადი საქონლის ან/და მომსახურების ერთობლიობას. შესაბამისი გეოგრაფიული ბაზარი მოიცავს ტერიტორიას, რომელზეც ეკონომიკური აგენტები მონაწილეობენ საქონლისა და მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების პროცესში და სადაც კონკურენციის პირობები საკმარისად ერთგვაროვანია. ამასთან, შესაძლებელია ამ ტერიტორიის განსხვავება მეზობელი ტერიტორიებისგან, რადგან მათ შორის კონკურენციის პირობები არსებითად განსხვავებულია.

ქართული კანონმდებლობის მიხედვით, შესაბამისი გეოგრაფიული ბაზარი შეიძლება მოიცავდეს საქართველოს მთელ ტერიტორიას, მის ნაწილს, საქართველოს მთელ ტერიტორიას ან მის ნაწილს სხვა ქვეყნის ტერიტორიასთან ან მის ნაწილთან ერთად. დროის იმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ბაზარი ფუნქციონირებს კონკრეტული პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრების პირობებში, შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩო ეწოდება.

შესაბამისი ბაზრის ანალიზი მნიშვნელოვანია კონკურენციის სფეროს ფაქტობრივად ყველა მიმართულებით (მაგალითად, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების მიერ შესაბამის ბაზარზე გამოწვეული კონკურენციის საწინააღმდეგო შედეგების შეფასებისას, შესაბამის ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ფაქტის დადგენისას, კონცენტრაციების კონკურენტული ეფექტის შეფასებისას და ა.შ.).