(შესაბამისი) ბაზრის განსაზღვრა (Market Definition)

ეკონომიკურ აგენტთა შორის კონკურენციის საზღვრების დადგენის მექანიზმი. ბაზრის განსაზღვრა ნებისმიერი სახის კონკურენტული ანალიზის საწყისი ეტაპია და მოიცავს: (1) ბაზრის პროდუქციული საზღვრების დადგენას; (2) ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენას. რიგ შემთხვევებში, აღნიშნულს ემატება მესამე განზომილება - დროითი ჩარჩო, რომელიც მნიშვნელოვანია სეზონური საქონლის ან მომსახურების კუთხით.

ბაზრის პროდუქციული საზღვრების დადგენისას მხედველობაში მიიღება მოთხოვნისა და მიწოდების ჩანაცვლებადობა. მოთხოვნის მხრივ, საქონელი მყიდველისთვის უნდა იყოს ურთიერთჩანაცვლებადი - ერთი პროდუქტის ფასის მცირე (თუმცა მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი) და ხანგრძლივი პერიოდით ზრდის შემთხვევაში, მყიდველს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მისი ჩანაცვლება მოახდინოს სხვა მსგავსი პროდუქტით. მიწოდების მხრივ კი, პროდუქტის ფასის ხსენებული სახით ცვლილებისას, მწარმოებლებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, მოკლე ვადაში გადაერთონ აღნიშნული პროდუქტის ან მისი ჩამნაცვლებლის წარმოებაზე.

ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენისას, მიმწოდებლებისა და მყიდველების ადგილმდებარეობა და კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში საქონლის/მომსახურების ურთიერთჩანაცვლებადობის ხარისხი განსაზღვრავს ბაზრის ადგილობრივ, რეგიონულ, სახელმწიფო თუ საერთაშორისო ხასიათს.

საბოლოოდ, დროის კონკრეტულ მონაკვეთში (მაგალითად, წლის კონკრეტულ დროს, სეზონზე) პროდუქტზე არსებული მოთხოვნის მიმართება სხვა საქონლის ან მომსახურების მოთხოვნასთან აჩვენებს, თუ რამდენად მიეკუთვნება ყველა მათგანი ერთსა და იმავე ბაზარს.

აღსრულების პროცესში, შესაბამისი ბაზრის საზღვრების დადგენა კონკურენტული ანალიზის საწყისი ეტაპია. ბაზრის საზღვრების დადგენის გარეშე ვერ დადგინდება, ვრცელდება თუ არა ცალკეულ ქმედებაზე კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებებიდან გამონაკლისები; დომინანტური მდგომარეობა დგინდება შესაბამის ბაზარზე და ა.შ. ამ დროს, ბაზრის საზღვრების ზედმეტად ვიწროდ განსაზღვრის შემთხვევაში, შეიძლება არსებული კონკურენციის სრულად გათვალისწინება ვერ მოხდეს, ხოლო ბაზრის საზღვრების ზედმეტად ფართოდ განსაზღვრისას, ანალიზი შეიძლება შეცდომით კონკურენციის არსებულზე მაღალ ხარისხს აღწერდეს. ამდენად, ბაზრის საზღვრების სწორად დადგენას კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პროცესში პრინციპული მნიშვნელობა აქვს.