შუალედური ზომები (Interim Measures)

ევროკავშირის სამართალში ტერმინი "შუალედური ზომები" გამოიყენება ორი მნიშვნელობით: (1) კონკურენციის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისთვის მოკვლევის მიმდინარეობისას, საბოლოო (არსებითი) გადაწყვეტილების მიღებამდე დადგენილი სპეციალური ზომები. შუალედური ზომების მიზანია გამოუსწორებელი ზიანის მომტანი კონკურენციის საწინააღმდეგო ქცევის შეჩერება, მის საბოლოო აღკვეთამდე. შუალედური ზომები შეიძლება მიღებულ იქნას კონკურენციის ორგანოს ინიციატივით, უფრო ხშირად კი მოთხოვნილია ფორმალურ საჩივართან ერთად. შუალედური ზომების გამოყენება შესაძლებელია ორი პირობის თანხვედრისას: ა) ეკონომიკური აგენტის ქცევა კონკურენციის წესების აშკარა დარღვევაა და ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, მომჩივნისთვის სერიოზული და გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხიდან გამომდინარე. მაგალითად, კომპანიას, რომლის არსებობასაც ემუქრება საფრთხე სხვა კომპანიის კონკურენციის შემზღუდველი ქმედებით, შეუძლია ევროკომისიას სთხოვოს მოკვლევის დაწყება და, ასევე, მოკვლევის დასრულებამდე, შესაბამისი ქმედების აკრძალვა შუალედური ზომების გამოყენებით. ევროკომისიას შეუძლია მიიღოს შუალედური ზომები კონცენტრაციების საქმეების განხილვის პროცესშიც, რათა თავიდან აიცილოს კონცენტრაციის განხორციელება ყველა გარემოების გამოკვლევისა და დასკვნის გაცემამდე. (2) ეკონომიკურმა აგენტმა შუალედური ზომები (მაგალითად, გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება) შეიძლება მოითხოვოს სასამართლოსგან, ევროკომისიის მიერ მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პარალელურად, თუკი მის აღსრულებას მნიშვნელოვანი და გამოუსწორებელი ზიანი მოჰყვება. საქართველოს კონკურენციის სამართალში, კონკურენციის სააგენტოს არ გააჩნია ეკონომიკური აგენტებისთვის შუალედური ზომების დაკისრების ერთპიროვნული უფლებამოსილება და ვალდებულია, ამ მიზნით მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით.