წლიური ბრუნვა (Annual Turnover)

ეკონომიკური აგენტის წლიური შემოსავლის მაჩვენებელი, რომელიც ხშირად გამოიყენება კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებისას. ევროკავშირში, წლიური ბრუნვა განიმარტება, როგორც წლის განმავლობაში საქონლის გაყიდვიდან ან/და მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი.

კონკურენციის სფეროში, ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვა მხედველობაში მიიღება მისი საბაზრო ძალაუფლების შეფასებისას. ამას გარდა, ბრუნვა დაკავშირებულია კონცენტრაციის შეტყობინების ვალდებულებასთან. კერძოდ, კონცენტრაციის მხარეების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წლიური ბრუნვის ზღვრების გადალახვის შემთხვევაში, სავალდებულოა კონკურენციის ორგანოსათვის კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენა. კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების გამო დაკისრებული ჯარიმა, როგორც წესი, ეფუძნება ეკონომიკური აგენტების წლიურ ბრუნვას (წარმოადგენს წლიური ბრუნვის გარკვეულ პროცენტს) და სხვა.