შეთანხმება მოქმედ ან პოტენციურ კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის, ე.ი. მათ შორის, ვინც საქმიანობს წარმოების ან დისტრიბუციის ერთსა და იმავე საფეხურზე. ითვლება, რომ მსგავს შეთანხმებებს ყველაზე მეტად სდევს თან კონკურენციის შეზღუდვის რისკი. შესაბამისად, მათი შეფასება კონკურენციის ორგანოების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
აღსანიშნავია, რომ ჰორიზონტალურ შეთანხმებას შესაძლებელია ჰქონდეს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი საბაზრო ეფექტები. მაგალითად, ჰორიზონტალურმა შეთანხმებამ შეიძლება შეზღუდოს კონკურენცია, თუ შეთანხმების საგანია ფასის ფიქსირება, ბაზრების განაწილება ან საბაზრო ძალაუფლების მოპოვება, რადგან აღნიშნული იწვევს უარყოფით საბაზრო შედეგებს ფასებთან, წარმოების მოცულობასთან, ინოვაციებთან, ან პროდუქტის მრავალფეროვნებასა და ხარისხთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, ჰორიზონტალური თანამშრომლობა ეკონომიკურ აგენტებს შორის შესაძლოა იყოს რისკების განაწილების, დანახარჯების დაზოგვის, ექსპერტული ცოდნის გაერთიანების, საქონლისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ინოვაციების უფრო სწრაფად დანერგვის საშუალება. გარდა ამისა, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების თანამშრომლობა შეიძლება გახდეს საბაზრო ცვლილებებთან ადაპტირების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ჰორიზონტალური შეთანხმება შეიძლება ეხებოდეს, მაგალითად, საერთო კვლევასა და განვითარებას, წარმოებას, შესყიდვებს ან პროდუქტის ბაზარზე განთავსებას.
კონკურენციის ორგანოს მიზანია, ბაზრის მონიტორინგისა თუ მოკვლევის ფარგლებში, განასხვავოს დადებითი და უარყოფითი შედეგების მქონე შეთანხმებები, წაახალისოს შეთანხმებების პირველი კატეგორია, როგორც კონკურენციის ხელშემწყობი, და აკრძალოს მეორე კატეგორია, როგორც კონკურენციის შემზღუდველი ქმედება. საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობით, აკრძალულია კონკურენციის შემზღუდველი ჰორიზონტალური შეთანხმებები. ამასთან, ცალკეული ჰორიზონტალური შეთანხმებების მიმართ დადგენილია კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების აკრძალვიდან გამონაკლისები, რაც ემსახურება დადებითი შედეგების მქონე შეთანხმებების წახალისების მიზანს.