კონკურენციის საწინააღმდეგო ბიზნესპრაქტიკა (მათ შორის, მომხმარებლების არასათანადო ექსპლუატაცია ან კონკურენტების ბაზრიდან განდევნა), რომელიც შეიძლება განახორციელოს დომინანტმა კომპანიამ ბაზარზე საკუთარი პოზიციის შენარჩუნების ან გაძლიერების მიზნით. კონკურენციის სამართალი კრძალავს ასეთ ქცევას, რადგან ის აზიანებს კომპანიებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, ჩაგრავს (ექსპლუატაციას უწევს) მომხმარებლებს და დომინანტ სუბიექტს უმცირებს სტიმულს, რომ კონკურენტებს საკუთარი დამსახურებითა და ეფექტიანობით (on the merits) გაეჯიბროს. ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 102-ე მუხლი ასახელებს ბოროტად გამოყენების რამდენიმე მაგალითს, კერძოდ: უსამართლო ფასწარმოქმნას, წარმოების მოცულობის შეზღუდვას და სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობაში დისკრიმინაციული ან არასაჭირო პირობების დაწესებას. © ევროკომისია
კონკრეუნციის საწინააღმდეგო ბიზნესპრაქტიკა, რომელსაც დომინანტი კომპანია იყენებს ბაზარზე საკუთარი პოზიციის შენარჩუნების ან გაძლიერების მიზნით. ფირმის მიერ განხორციელებული ეს ქმედებები, რაც ხშირად აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ბაზარზე მონოპოლიური კონტროლის „ბოროტად ან არასათანადო გამოყენებად“, რაც მიზნად ისახავს კონკურენციის შეზღუდვას. ტერმინი „დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება“ პირდაპირ არის ასახული სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის კანადის, ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობისა (EEC) და გერმანიის კონკურენციის კანონმდებლობაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამის ანალოგიური დებულებები არეგულირებს მონოპოლიას, მონოპოლიზაციის მცდელობას ან ბაზრის მონოპოლიზაციას. თუ რომელი ბიზნესპრაქტიკა ჩაითვლება ბოროტად გამოყენებად, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ საქმესა და ქვეყანაზე. გარკვეული ქმედებები სხვადასხვა იურისდიქციაში შესაძლოა განსხვავებულადაც შეფასდეს. თუმცა, იმ ბიზნესპრაქტიკებს შორის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის რეალურ საქმეებში გამხდარა დავის საგანი, აღსანიშნავია: დაუსაბუთებლად მაღალი ან ჭარბი ფასების დაწესება, ფასისმიერი დისკრიმინაცია, მტაცებლური ფასწარმოქმნა, ფასების შეზღუდვა (price squeezing) ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიების მიერ, მიწოდებაზე/გაყიდვაზე უარის თქმა, პროდუქციის მიბმა ან დაჯგუფება (tied selling or product bundling) და ინფრასტრუქტურაზე/რესურსებზე წინასწარი ექსკლუზიური უფლების მოპოვება (preemption of facilities). © ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)
განსხვავების დადგენა მართლზომიერ ქცევასა და ქცევას შორის, რომელიც არღვევს დომინანტური მდგომარეობის შესახებ დებულებებს, ხშირად სირთულეს წარმოადგენს. იურისდიქციების უმეტესობაში არ არის დადგენილი საბაზრო წილის ზუსტი ზღვარი დომინანტობის ან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების განსაზღვრისთვის. თუმცა, ზოგიერთ იურისდიქციაში (მაგალითად, ჩინეთი, სამხრეთ კორეა) დომინანტობის პრეზუმფცია წარმოიშობა ბაზრის განსაზღვრული წილის ფლობის საფუძველზე. ევროკავშირი დომინანტობის კრიტერიუმს იყენებს TFEU-ს 102-ე მუხლის ფარგლებში.
დომინანტური მდგომარეობა გულისხმობს საწარმოს ძალაუფლებას, იმოქმედოს კონკურენტებისგან, კლიენტებისა და მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად (Hoffmann-La Roche). 102-ე მუხლი კრძალავს „ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის“ მიერ კოლექტიური დომინირების ბოროტად გამოყენებას. მხოლოდ საბაზრო ძალაუფლების საჭირო ხარისხის ფლობა არ არის საკმარისი დარღვევის დასადგენად. თავად „ბოროტად გამოყენება“ კანონმდებლობით არ არის დეფინირებული, თუმცა სხვადასხვა პრეცედენტი ასახავს ამ ქცევას კონკრეტულ გარემოებებში (იხ. მაგალითად, Hoffmann-La Roche; Deutsche Telekom AG, 174). 102-ე მუხლი (ა)-(დ) პუნქტებში არაამომწურავად ჩამოთვლის პოტენციურ სამართალდარღვევებს: შესყიდვის ან გაყიდვის ფასების, ან სხვა არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პირობების ფიქსირება; წარმოების, ბაზრების ან ტექნიკური განვითარების შეზღუდვა მომხმარებელთა საზიანოდ; სავაჭრო პარტნიორების მიმართ დისკრიმინაციული პირობების გამოყენება და დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, რომლებსაც არ გააჩნიათ კავშირი ხელშეკრულების საგანთან.
ევროკომისიამ და ევროკავშირის სასამართლოებმა ბოლო პერიოდში ტრადიციული, ფორმაზე დაფუძნებული მიდგომიდან გადაინაცვლეს აკრძალული ქმედებების ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზზე, თუმცა ცალმხრივი ქცევის გარკვეული სახეობების შეფასებისას კვლავ ნარჩუნდება ფორმალისტური ტენდენცია, განსაკუთრებით სასამართლო პრაქტიკაში.
ევროკავშირის სამართლით, დომინანტურ ეკონომიკურ აგენტს აკისრია „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“, არ დაუშვას საკუთარი ქმედებით შიდა ბაზარზე არსებული ნამდვილი და დაუმახინჯებელი კონკურენციის შეფერხება (Michelin, პუნქტი 70). მიუხედავად ამისა, 102-ე მუხლის მიზანს არ წარმოადგენს ნაკლებად ეფექტიანი კონკურენტების დაცვა (Intel). თუ დომინანტური საწარმო დაასაბუთებს საკუთარი ქცევის ობიექტურ გამართლებას, როგორიცაა საჯარო ინტერესების დაცვის ლეგიტიმური მიზანი, საკუთარი კომერციული ინტერესების დაცვა (United Brands) ან ეფექტიანობის ისეთი ზრდა, რომელიც სხვაგვარად მიუღწეველია (British Airways), პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედება არ კვალიფიცირდება ბოროტად გამოყენებად. ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ძირითადად ციფრულ ბაზრებზე არსებულ პრობლემებს ეხება, მაგალითად, Google Search (Shopping).
შეერთებულ შტატებში შერმანის აქტის მე-2 მუხლით დადგენილი აკრძალვა მიმართულია მონოპოლიზაციის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მონოპოლიური ძალაუფლების გამოყენებას კონკურენციის შემზღუდველი შედეგით. მონოპოლიური ძალაუფლება განიხილება როგორც მნიშვნელოვანი და მდგრადი საბაზრო ძალა. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს განმარტებით, უკანონო მონოპოლიზაცია ორი ელემენტისგან შედგება: მონოპოლიური ძალაუფლების ფლობა და ამ ძალაუფლების განზრახ მოპოვება ან შენარჩუნება (Grinnell Corp). კანონი მოითხოვს როგორც მონოპოლიური ძალაუფლების არსებობის, ისე ბაზრიდან განდევნისკენ მიმართული (ექსკლუზიური) ქცევის მტკიცებულებებს (Berkey Photo Inc v. Eastman Kodak Co).
ჩინეთი ეყრდნობა ევროპულ მიდგომას და აქცენტს აკეთებს ევროკავშირის კანონმდებლობის მსგავს ელემენტებზე, თუმცა ითვალისწინებს გარკვეულ დამატებით გარემოებებსაც. სინგაპური ასევე იყენებს ევროპულ მოდელს, მაგრამ ორიენტირებულია საერთო კეთილდღეობაზე და არა მხოლოდ მომხმარებელთა კეთილდღეობაზე. იგი პირდაპირ მიუთითებს კონკურენტების მიმართ განხორციელებულ მტაცებლურ ქცევაზე, როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ერთ-ერთ ფორმაზე.
ჰონგ-კონგმა, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ დააწესეს სამართლებრივი ბარიერები ცალმხრივი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. ავსტრალია და ახალი ზელანდია ნაკლებ ყურადღებას ამახვილებენ ბაზრის წილებზე; მათთვის ბაზრის ძალაუფლების განსაზღვრისას უფრო მნიშვნელოვანია ბაზარზე შესვლის ბარიერების ანალიზი. ავსტრალიაში მოქმედებს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის ან ეფექტის ტესტი, ხოლო ახალ ზელანდიაში ამჟამად გამოიყენება კონკურენციის შემზღუდველი მიზნის ტესტი. ჰონგ-კონგი, ავსტრალიური მოდელის მსგავსად, იყენებს მიზნის ან ეფექტის ტესტს. სამივე იურისდიქცია ფოკუსირებულია ქმედებებზე, რომლებიც იწვევს კონკურენციის არსებით შემცირებას ან ზიანს აყენებს მას.