საბჭოს №139/2004 რეგულაციის (ეკონომიკურ აგენტებს შორის კონცენტრაციების კონტროლის შესახებ) შესაბამისად, კომისიის კონსოლიდირებული იურისდიქციული შეტყობინება ერთპიროვნულ კონტროლს შემდეგნაირად განმარტავს: „ერთპიროვნული კონტროლი მოიპოვება მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთ ეკონომიკურ აგენტს შეუძლია გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს მეორე ეკონომიკურ აგენტზე. გამოიყოფა ორი ძირითადი სიტუაცია, როდესაც ეკონომიკური აგენტი ფლობს ერთპიროვნულ კონტროლს.
პირველი - როდესაც სრულად მაკონტროლებელი ეკონომიკური აგენტი სარგებლობს უფლებამოსილებით, დამოუკიდებლად განსაზღვროს მეორე ეკონომიკური აგენტის სტრატეგიული კომერციული გადაწყვეტილებები. ეს ძალაუფლება, როგორც წესი, მიიღწევა კომპანიაში ხმის უფლების მქონე წილის (აქციების) უმრავლესობის შეძენით.
მეორე - სიტუაცია, რომელიც ასევე ანიჭებს ერთპიროვნულ კონტროლს, სახეზეა მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთ აქციონერს (პარტნიორს) აქვს უფლება ვეტო დაადოს ეკონომიკური აგენტის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, თუმცა ამავე აქციონერს არ აქვს საკმარისი ძალაუფლება, რომ დამოუკიდებლად გაიტანოს და სხვებს თავს მოახვიოს ასეთი გადაწყვეტილებები (ეს არის ე.წ. ნეგატიური ერთპიროვნული კონტროლი).
ასეთ გარემოებებში, ცალკეული აქციონერი ფლობს ზუსტად იმავე დონის გავლენას, როგორითაც, როგორც წესი, სარგებლობს ერთობლივად მაკონტროლებელი აქციონერი ანუ მას აქვს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების ბლოკირების უფლებამოსილება. თუმცა, ერთობლივი კონტროლისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ბაზარზე არ არსებობენ სხვა აქციონერები, რომლებიც იმავე დონის გავლენით სარგებლობენ. შესაბამისად, ნეგატიური ერთპიროვნული კონტროლის მქონე აქციონერს არ უწევს სხვა კონკრეტულ აქციონერებთან თანამშრომლობა კონტროლირებადი ეკონომიკური აგენტის სტრატეგიული ქცევის განსაზღვრისას.
ვინაიდან ამ აქციონერს შეუძლია პროცესის სრული ჩიხში შეყვანა (Deadlock), იგი მოიპოვებს გადამწყვეტ გავლენას მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობით და, შესაბამისად, კონტროლს შერწყმის რეგულაციის ფარგლებში.“ © ევროკომისია
ერთპიროვნული კონტროლი ვლინდება ორ ძირითად სიტუაციაში, რომლებიც ცნობილია როგორც „პოზიტიური“ და „ნეგატიური“ ერთპიროვნული კონტროლი. პირველ შემთხვევაში, მხოლოდ ერთ პირს ან საწარმოს აქვს შესაძლებლობა, აქტიურად მიიღოს გადაწყვეტილებები სხვა საწარმოს ბიზნესსტრატეგიის შესახებ. როდესაც მსგავსი რეზოლუციების ერთპიროვნულად მიღება არავის შეუძლია და მხოლოდ ერთ პირს ან საწარმოს აქვს კონტროლირებადი საწარმოს სტრატეგიული გადაწყვეტილებების დაბლოკვის უფლებამოსილება, სახეზეა ნეგატიური ერთპიროვნული კონტროლი. სწორედ ეს სიტუაცია განიხილა კომისიამ საქმეში M.2777 Cinven Limited/Angel Street Holdings (2002), სადაც, მიუხედავად იმისა, რომ Cinven-ს არ შეეძლო „საკუთარი ნების თავს მოხვევა“, მიიჩნიეს, რომ მას ჰქონდა გადამწყვეტი გავლენა სამიზნე კომპანიაზე „სტრატეგიული გადაწყვეტილებების ფართო სპექტრზე არსებული ექსკლუზიური ვეტოს უფლების საფუძველზე, [...] რადგან მას დამოუკიდებლად შეეძლო ჩიხური სიტუაციის შექმნა საკვანძო გადაწყვეტილებების დაბლოკვის გზით“.
ერთპიროვნული კონტროლი შეიძლება არსებობდეს სამართლებრივ („დე იურე“) ან ფაქტობრივ („დე ფაქტო“) საფუძველზე. „დე იურე“ ერთპიროვნული კონტროლი, უმარტივეს შემთხვევაში, წარმოიშობა მაშინ, როდესაც საწარმო მოიპოვებს სხვა საწარმოს საწესდებო კაპიტალის უმრავლესობას და, შესაბამისად, ხმის უფლებისა და დირექტორთა საბჭოს წევრთა უმრავლესობას. კონტროლის ეს ფორმა ასევე შეიძლება არსებობდეს მაშინაც, როდესაც საწარმოს არ აქვს ხმის უფლების მქონე აქციების უმრავლესობა, თუ უმცირესობის აქციონერი ფლობს პრივილეგირებულ აქციებს სტრატეგიულ კომერციულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ან აქვს კომპანიის ბიზნესსტრატეგიის განსაზღვრის უფლებამოსილება მისი ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „დე იურე“ ერთპიროვნული კონტროლი შეიძლება გამომდინარეობდეს: (i) საწარმოში ხმის უფლების უმრავლესობის მოპოვებიდან; (ii) სპეციფიკური უფლებების მქონე უმცირესობის წილის მოპოვებიდან; ან (iii) საწარმოს საქმიანობის მართვისა და მისი ბიზნესპოლიტიკის განსაზღვრის უფლების მოპოვებიდან მისი ორგანიზაციული სტრუქტურის საფუძველზე.
„დე ფაქტო“ ერთპიროვნული კონტროლი მოიპოვება მაშინ, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ უმცირესობის აქციონერი აქციონერთა კრებაზე ხმების უმრავლესობას მოიპოვებს. მისი შეფასება საკმაოდ რთულია და მოითხოვს თითოეული შემთხვევის ინდივიდუალურ, პროგნოზულ ანალიზს, რომელიც წინა კრებებზე ხმის მიცემის პრაქტიკას ეფუძნება. მსგავსი შეფასება საშუალებას აძლევს კომისიას, მხედველობაში მიიღოს აქციონერთა კრების სტრუქტურის მოსალოდნელი ცვლილებები და, განსაკუთრებით, ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი უმცირესობის აქციონერის ხმები საკმარისი აღმოჩნდეს სტრატეგიული გადაწყვეტილებებისთვის საჭირო კვორუმის შესავსებად.
„დე ფაქტო“ ერთპიროვნული კონტროლის შეფასების შესაბამისი კრიტერიუმები კომისიის პრაქტიკაში ეტაპობრივად ჩამოყალიბდა. მაგალითად, საქმეზე M.025 Arjomari/Wiggins Teape (1990) მიღებულ გადაწყვეტილებაში, კომისიამ კაპიტალის გაფანტულობა განიხილა, როგორც ფაქტორი უმცირესობის აქციონერის მიერ უმრავლესობის მოპოვების ალბათობის დასადგენად. ხოლო საქმეში M.343 Sociétè Générale de Belgique/Générale de Banque (1993), კომისიამ წინა წლების აქციონერთა კრებებზე დასწრების მაჩვენებელი გააანალიზა. მართლაც, თუ კრებებზე დამსწრე აქციონერთა რაოდენობიდან გამომდინარე (სასურველია რიგგარეშე და არა საგანგებო კრებებიდან), უმცირესობის აქციონერი კრებაზე ხმების სტაბილურ უმრავლესობას ფლობს, მაშინ მიიჩნევა, რომ ამ მსხვილ უმცირესობის აქციონერს გააჩნია ერთპიროვნული კონტროლი.
მიუხედავად ამისა, აქციონერთა კრებებზე ხმის მიცემის ისტორიული პრაქტიკა ყოველთვის არ წარმოადგენს საკმარისად საიმედო საფუძველს „დე ფაქტო“ კონტროლის შესაფასებლად. შესაბამისად, შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა ელემენტების განხილვაც, რათა დადგინდეს, მოიპოვა თუ არა უმცირესობის აქციონერმა საწარმოს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე გადამწყვეტი გავლენის მოხდენის უნარი. ამ თვალსაზრისით, კომისიის გადაწყვეტილება საქმეზე M.8465 Vivendi / Telecom Italia (2017) გვთავაზობს იმ ფაქტობრივი გარემოებების მაგალითებს, რომლებიც შეიძლება შეფასდეს იმის დასადგენად, ახორციელებს თუ არა უმცირესობის აქციონერი კონტროლს საწარმოზე მაშინ, როდესაც არ არსებობს კონტროლის განხორციელების სამართლებრივი საშუალებები ან ხმის მიცემის შესახებ ინფორმაციული ისტორიული პრაქტიკა.
მართლაც, კომისიამ დაადგინა, რომ Vivendi-მ მოიპოვა Telecom-ზე „დე ფაქტო“ ერთპიროვნული კონტროლი, რადგან „მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ მოიპოვა ხმების უმრავლესობა 2017 წლის 4 მაისის აქციონერთა კრებაზე, Vivendi მაინც ინარჩუნებდა დირექტორთა საბჭოს უმრავლესობის დანიშვნის შესაძლებლობას, რომელიც პასუხისმგებელია TIM-ის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე“. კერძოდ, Telecom Italia-ს დირექტორთა საბჭოს წევრების დანიშვნის მარეგულირებელი სპეციფიკური წესები იმ აქციონერს, რომელიც კრებაზე ხმების უდიდეს რაოდენობას დააფიქსირებდა, აძლევდა საბჭოს წევრთა უმრავლესობის დანიშვნის უფლებას; იმ დროისთვის კი Vivendi იყო Telecom Italia-ს უმსხვილესი და ერთადერთი ინდუსტრიული აქციონერი (ფლობდა ხმის უფლების 23.93%-ს, მაშინ როცა არცერთი სხვა აქციონერი არ ფლობდა აქციების 5%-ზე მეტს).
ამის საპირისპიროდ, იმავე გადაწყვეტილებაში კომისიამ დაასკვნა, რომ Vivendi, რომელიც Mediaset-ის საწესდებო კაპიტალის 28.80%-სა და ხმის უფლების 29.94%-ს ფლობდა, არ ახორციელებდა Mediaset-ზე არც ერთობლივ და არც ერთპიროვნულ კონტროლს. ეს არსებითად განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორებით: (i) სხვა ინდუსტრიული აქციონერი (Fininvest) ისტორიულად ფლობდა Mediaset-ის საწესდებო კაპიტალის უდიდეს წილს (იმ პერიოდში ჩვეულებრივი აქციების 39.53%-ს და ხმის უფლების მქონე აქციების 41.09%-ს), მოპოვებული ჰქონდა ხმების უმრავლესობა წინა ექვს აქციონერთა კრებაზე და დანიშნული ჰქონდა საბჭოს უმრავლესობა წინა ორი ვადით; (ii) Vivendi-მ ვერ შეძლო დირექტორთა საბჭოს ვერცერთი წევრის დანიშვნა და არ სარგებლობდა რაიმე სპეციფიკური ინფორმაციული თუ სხვა უფლებით, რაც მას არსებითად განასხვავებდა ნებისმიერი სხვა უმცირესობის აქციონერისგან; და (iii) Vivendi-სა და Mediaset-ს შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა მას შემდეგ, რაც ჩაიშალა მოლაპარაკებები Vivendi-ს მიერ Mediaset Premium-ის შეძენის თაობაზე, რაც გამორიცხავდა Vivendi-სა და Fininvest-ს შორის ინტერესთა ერთიანობის არსებობას. და ბოლოს, როგორც გენერალურმა სასამართლომ განმარტა საქმეში Air France v. Commission (1994), აქციების შეძენის ან კონვერტაციის ოპციონი არ წარმოადგენს საკმარის ელემენტს ერთპიროვნული კონტროლის დასადგენად. ოპციონის მინიჭება შესაძლოა რელევანტური იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებების საფუძველზე ნათელია, რომ ოპციონი უახლოეს მომავალში იქნება რეალიზებული; ასეთ დროს მან გამონაკლისის სახით შეიძლება მიგვიყვანოს კონტროლის დადგენამდე. სხვა შემთხვევაში, ის შეიძლება განხილულ იქნეს სხვა გარემოებებთან ერთად, როგორც „დე ფაქტო“ ერთპიროვნული კონტროლის არსებობის ერთ-ერთი მინიშნება.