ვერტიკალური შეზღუდვები გულისხმობს მწარმოებლების ან მიმწოდებლების მიერ განხორციელებულ გარკვეული ტიპის პრაქტიკას, რომელიც უკავშირდება მათი პროდუქციის გადაყიდვას. ამ მხრივ ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა: სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება, ექსკლუზიური დილინგი და ექსკლუზიური ტერიტორიული ან გეოგრაფიული ბაზრის შეზღუდვები.
ექსკლუზიური დილინგის ან/და ექსკლუზიური ტერიტორიის პირობებში, მხოლოდ ერთი დისტრიბუტორი იღებს მწარმოებლისგან პროდუქტის რეალიზაციის უფლებას. ეკონომიკურ ლიტერატურაში არსებობს სერიოზული დებატები იმის შესახებ, ანიჭებს თუ არა ეს მიდგომა დისტრიბუტორს მონოპოლიურ ძალაუფლებას. როგორც წესი, დისტრიბუტორის საბაზრო ძალაუფლება შეზღუდულია ბრენდთაშორისი კონკურენციით. მწარმოებლის მიზანი, ჩვეულებრივ, არის დისტრიბუტორის წახალისება, რათა მან მეტი პოპულარიზაცია გაუწიოს პროდუქტს და უკეთესი მომსახურება შესთავაზოს მომხმარებლებს. © OECD
საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება ვერტიკალური შეზღუდვები ჩაითვალოს კონკურენციის შემზღუდველად, მეტად საკამათოა. ხშირ შემთხვევაში, ვერტიკალური შეთანხმებით გათვალისწინებული შეზღუდვები გამართლებულია და შესაძლოა პროკონკურენტულ ხასიათსაც ატარებდეს. მაგალითად, როდესაც დისტრიბუტორს მოეთხოვება ინვესტიციის განხორციელება კონკრეტული ბრენდის საქონლის დასაწყობებაში, პოპულარიზაციასა და რეკლამირებაში, იგი, როგორც წესი, საჭიროებს დაცვას ისეთი პირებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ დისტრიბუტორის მიერ გაწეული ხარჯებით და იგივე პროდუქტი უფრო დაბალ ფასად გაყიდონ. პრინციპში, დისტრიბუტორი „უფასო მყიდველისგან“ შეიძლება დაცულ იქნას კონკრეტულ ტერიტორიაზე ან მომხმარებელთა ჯგუფზე ექსკლუზიურობის მინიჭებით, ან გადაყიდვის მინიმალური ფასების დაწესებით.
ამ შეზღუდვების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ საბაზრო ძალაუფლების არარსებობის პირობებში მათ შეუძლიათ გააძლიერონ ბრენდთაშორისი კონკურენცია (მაგალითად, Canon-ისა და HP-ის პრინტერებს შორის), მიუხედავად იმისა, რომ შიდაბრენდული კონკურენცია (მაგალითად, Canon-ის პრინტერის სხვადასხვა მომწოდებელს შორის) შესაძლოა შემცირდეს. ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლა მსგავს შეზღუდვებს, ზოგადად, ეფექტიანად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, მათი ეფექტიანობა ყოველთვის არ არის გარანტირებული. მაგალითად, თუ მომხმარებლები არ საჭიროებენ დამატებით სარეკლამო მომსახურებას, რადგან უკვე კარგად იცნობენ პროდუქტს, მათ შესაძლოა ამჯობინონ ნაკლების გადახდა სარეკლამო ხარჯების გამორიცხვის ხარჯზე.
ყველაზე საკამათო შეზღუდვას წარმოადგენს მინიმალური სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება (RPM), რომლის დროსაც გამყიდველები ადგენენ საფასო ზღვარს, რომლის ქვემოთაც მყიდველებს პროდუქციის რეალიზაციის უფლება არ აქვთ. გარდა იმისა, რომ აღნიშნული პრაქტიკა პირდაპირ გავლენას ახდენს სამომხმარებლო ფასებზე, მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს ფასების ფიქსირების კარტელურ შეთანხმებებს. კონკურენციის ორგანოები RPM-ის მიმართ მკაცრ პოლიტიკას ატარებენ, რასაც მოწმობს ამ პრაქტიკისთვის დაკისრებული მრავალრიცხოვანი ჯარიმები. მაგალითად, 2018 წელს ევროკომისიამ დააჯარიმა ელექტრონიკის ოთხი მწარმოებელი ონლაინ საცალო მოვაჭრეებისთვის მინიმალური სარეალიზაციო ფასების დაწესების გამო (იხ. კომისიის 2018 წლის გადაწყვეტილებები საქმეებზე: Asus, Denon & Marantz, Philips და Pioneer).
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადასტურა, რომ ვერტიკალური შეზღუდვები შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 101(1) მუხლს (იხ. Consten and Grundig, 1966). მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში საჭიროა შედეგების ანალიზი იმის დასადგენად, ახდენს თუ არა ვერტიკალური შეზღუდვა კონკურენციის საწინააღმდეგო ზეგავლენას, გარკვეული ქმედებები მიიჩნევა კონკურენციის საწინააღმდეგოად „მიზნის მიხედვით“. ამის მაგალითებია მინიმალური RPM და დებულებები, რომლებიც დისტრიბუტორს აბსოლუტურ ტერიტორიულ დაცვას ანიჭებენ. ამ უკანასკნელის ჩართვა „მიზნის მიხედვით“ კატეგორიაში განპირობებულია იმ საფრთხით, რომელსაც ტერიტორიული შეზღუდვები უქმნის ევროკავშირის ერთიან ბაზარს, რაც TFEU-ს უმთავრესი ამოცანაა.
ევროკავშირის ძირითადი მარეგულირებელი ჩარჩო მოცემულია „ვერტიკალური შეთანხმებების ჯგუფური გამონაკლისის რეგულაციაში“ - №2022/720 რეგულაცია, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 ივნისს შევიდა და შეცვალა №330/2010 რეგულაცია. ჯგუფური გამონაკლისით სარგებლობისთვის, შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს. ამასთან, შეთანხმება არ უნდა შეიცავდეს ე.წ. „მძიმე შეზღუდვებს“, რომლებიც განსაზღვრულია VBER-ის მე-4 მუხლში და მოიცავს: მინიმალური სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებას; ტერიტორიულ შეზღუდვებს (თუმცა, გარკვეულ პირობებში, დასაშვებია მყიდველის მიერ აქტიური გაყიდვების აკრძალვა მისთვის გამოყოფილი ტერიტორიის მიღმა და საბითუმო მოვაჭრეებისათვის საბოლოო მომხმარებელზე პირდაპირი რეალიზაციის შეზღუდვა); შერჩევითი დისტრიბუციის სისტემებში ჯვარედინი მიწოდების შეზღუდვას; კომპონენტების რეალიზაციის შეზღუდვას (მომწოდებლებს უნდა შეეძლოთ პროდუქციის მიყიდვა საბოლოო მომხმარებლებისთვის, შემკეთებლებისა და სხვა სერვისპროვაიდერებისთვის). თუ ვერტიკალური შეთანხმება ვერ აკმაყოფილებს VBER-ის პირობებს და ექცევა TFEU-ს 101(1) მუხლის მოქმედების სფეროში, მისი კანონიერებისათვის აუცილებელია TFEU-ს 101(3) მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი გამონაკლისის მოთხოვნებთან შესაბამისობა. VBER-ს თან ახლავს „სახელმძღვანელო მითითებები ვერტიკალური შეზღუდვების შესახებ“, რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2022 წლის 30 ივნისს გამოქვეყნდა. ეს ვრცელი სახელმძღვანელო ასახავს ვერტიკალური შეზღუდვების წესების ადაპტაციას ბაზრების ფართომასშტაბიანი ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 1911 წელს დაადასტურა, რომ არაკონკურენტ კომპანიებს შორის დადებული კონტრაქტები შესაძლოა მოექცეს „შერმანის აქტის“ პირველი მუხლის მოქმედების სფეროში (იხ. Dr. Miles). თავდაპირველად, გარკვეული შეზღუდვები, როგორიცაა ექსკლუზიური გარიგებები ან სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება, თავისთავად უკანონოდ მიიჩნეოდა. წლების განმავლობაში სამართლებრივი ანალიზი ტრანსფორმირდა, რაც ძირითადად ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლის პოსტულატების გაზიარებით იყო განპირობებული. 1977 წელს, საქმეზე GTE Sylvania, დამკვიდრდა „გონივრულობის წესი“ არასაფასო ტერიტორიული შეზღუდვების შესაფასებლად. ოცი წლის შემდეგ, მაქსიმალური RPM ასევე დაექვემდებარა გონივრულობის წესით ანალიზს. 2007 წელს, საეტაპო მნიშვნელობის გადაწყვეტილებით საქმეზე Leegin, ანალოგიური მიდგომა გავრცელდა მინიმალურ RPM-ზეც და განისაზღვრა, რომ ვერტიკალური საფასო შეზღუდვები უნდა შეფასდეს გონივრულობის წესის მიხედვით. მიუხედავად ამისა, აშშ-ის ზოგიერთი შტატის კანონმდებლობა მინიმალურ RPM-ს კვლავ თავისთავად უკანონო ქმედებად მიიჩნევს. თუმცა, ფედერალურ დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ გონივრული შეფასება ავტომატურ კანონიერებას არ ნიშნავს, მოსარჩელეებისთვის უკიდურესად გართულდა იმ დავების მოგება, სადაც ვერტიკალური შეზღუდვების მართლზომიერება დგება ეჭვქვეშ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ანტიმონოპოლიური კანონი“ პირდაპირ კრძალავს შეთანხმებებს, რომლებიც ითვალისწინებს „მესამე პირისათვის საქონლის სარეალიზაციო ფასის ფიქსირებას“ ან „საქონლის მინიმალური სარეალიზაციო ფასის შეზღუდვას“ (მუხლი 14). თუმცა, AML-ის მე-15 მუხლი შეიცავს ფართოდ განმარტებული საგამონაკლისო შემთხვევების მნიშვნელოვან ჩამონათვალს. თავდაპირველად, მიდგომა გადაყიდვის მინიმალური ფასის შენარჩუნების (მინიმალური RPM) მიმართ არათანმიმდევრული იყო. ადმინისტრაციული ორგანოები - ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაცია (SAMR) და მისი წინამორბედი უწყებები - მინიმალურ RPM-ს უკანონოდ მიიჩნევდნენ, თუ ის არ ექცეოდა AML-ის რომელიმე საგამონაკლისო წესში (იხ. საქმეები Kweichow Moutai ან Wuliangye). ამის საპირისპიროდ, სასამართლოები მე-14 მუხლთან შესაბამისობის დასადგენად „გონივრულობის წესს“ rule of reason) იყენებდნენ (იხ. Johnson & Johnson, 2013 და Gree, 2018).
2019 წელს უზენაესმა სახალხო სასამართლომ საბოლოოდ დაადასტურა, რომ აღნიშნული შეზღუდვები, როგორც წესი, უკანონოდ უნდა მიიჩნეოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოქმედებს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი (იხ. საქმე Yutai). [5, 6] ამასთან, მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა დაამტკიცონ, რომ კონკრეტულ პრაქტიკას არ გააჩნია კონკურენციის შემზღუდველი ეფექტი. „ანტიმონოპოლიურ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ძალაში 2022 წლის აგვისტოში შევიდა, დიდწილად სწორედ Yutai-ს საქმეში ჩამოყალიბებულ მიდგომას ეფუძნება.