ვერტიკალური შეთანხმება (VERTICAL AGREEMENT)

ინსტიტუციური განმარტება

შეთანხმება ან შეთანხმებული ქმედება, რომელიც დადებულია ორ ან მეტ ისეთ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომელთაგან თითოეული, ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე, ოპერირებს წარმოების ან დისტრიბუციის ჯაჭვის სხვადასხვა დონეზე და რომელიც ეხება პირობებს, რომლითაც მხარეებს შეუძლიათ შეიძინონ, გაყიდონ ან გადაყიდონ გარკვეული საქონელი ან მომსახურება. © ევროპული კომისია

კომენტარი

მომწიფებული კონკურენციის რეჟიმები, მათ შორის ევროკავშირისა და შეერთებული შტატების იურისდიქციები, პრიორიტეტს ანიჭებენ ვერტიკალური შეთანხმებების ეკონომიკური ეფექტიანობისა და მომხმარებელთა კეთილდღეობის შეფასებას. აღნიშნული რეჟიმები აღიარებენ, რომ ვერტიკალური შეთანხმებების უმეტესობა მიზნად ისახავს დისტრიბუციის გაუმჯობესებას, მომხმარებლისთვის ფასების შემცირებას და, შესაბამისად, კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ამასთან, ორივე იურისდიქცია თანხმდება, რომ ვერტიკალური შეთანხმებები საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას, როდესაც მათი ერთ-ერთი ან ორივე მხარე ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას.

ევროკავშირის სამართლის მიხედვით, ვერტიკალური შეთანხმებები, ისევე როგორც მათი ჰორიზონტალური ანალოგები, ფასდება „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების“ (TFEU) 101-ე მუხლის საფუძველზე. თუ შეთანხმება არღვევს 101(1) მუხლს, იგი მიიჩნევა უკანონოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასზე ვრცელდება „ვერტიკალური ჯგუფური გამონაკლისის რეგულაცია“ ან ინდივიდუალურად აკმაყოფილებს 101(3) მუხლის მოთხოვნებს. VBER, რომელიც ევროკომისიამ პირველად 1999 წელს გამოსცა (გადაიხედა 2010 და ბოლოს - 2022 წელს), ადგენს, რომ ვერტიკალური შეთანხმებები თავისუფლდება 101-ე მუხლის აკრძალვისგან, თუ: შეთანხმების მხარეთა ინდივიდუალური საბაზრო წილი არ აღემატება 30%-ს; შეთანხმება არ შეიცავს „მძიმე ფორმის შეზღუდვებს“, მუხლი 4); შეთანხმება არ შეიცავს იმგვარ „გამორიცხულ შეზღუდვებს“, რომელთა განცალკევებაც ხელშეკრულებიდან შეუძლებელია (მუხლი 5).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვერტიკალური შეთანხმება, რომელიც შეიცავს „მძიმე ფორმის შეზღუდვას“, ავტომატურად არ მიიჩნევა კონკურენციის შემზღუდველად „მიზნის მიხედვით“ (by object) და თეორიულად შესაძლოა ისარგებლოს TFEU-ს 101(3) მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო წესით. ეს გულისხმობს, რომ ევროკომისიამ 101(1) მუხლის ჭრილში უნდა შეაფასოს მსგავსი შეზღუდვების შემცველი შეთანხმებები და განიხილოს, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი 101(3) მუხლის ოთხ კუმულაციურ პირობას. მაგალითად, ევროკავშირის სასამართლოები ისტორიულად მიიჩნევდნენ, რომ აბსოლუტური ტერიტორიული დაცვა და გადაყიდვის ფასის ფიქსირება ბუნებით საზიანოა კონკურენციისთვის. თუმცა, საქმეზე Super Bock სასამართლომ განმარტა, რომ შეთანხმებაში RPM-ის მსგავსი „მძიმე შეზღუდვის“ არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს 101(1) მუხლით მის აკრძალვას, თუ იგი არ აკმაყოფილებს საქმეზე Cartes Bancaires დადგენილ „მიზნის მიხედვით“ შეზღუდვის ტესტს. სასამართლოს განმარტებით, შეთანხმების კონკურენციის საწინააღმდეგო მიზანი უნდა დადასტურდეს ფორმალური შეთანხმების შინაარსის, მისი ობიექტური მიზნებისა და ეკონომიკურ-სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით. თუ აღნიშნული ტესტი ვერ კმაყოფილდება, შეთანხმება შესაძლოა მაინც მიჩნეულ იქნეს კონკურენციის საწინააღმდეგოად ბაზარზე მისი ფაქტობრივი გავლენის საფუძველზე.

აშშ-ის კონკურენციის რეჟიმი ვერტიკალურ შეთანხმებებს ძირითადად აფასებს 1890 წლის „შერმანის აქტის“ პირველი მუხლის საფუძველზე - დებულებით, რომელიც ასევე გამოიყენება ჰორიზონტალური შეთანხმებების სამართლებრივი ანალიზისთვის. აშშ-ის სასამართლოებმა, რომლებიც ადრეულ ეტაპზე ვერტიკალური შეთანხმებების მიმართ ფორმალისტურ მიდგომას იყენებდნენ, ამჟამად პრიორიტეტს ეკონომიკურ თეორიას ანიჭებენ. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს ისეთი მკაცრი ვერტიკალური შეზღუდვების პროკონკურენტული ეფექტების დასაბუთებას, როგორიცაა აბსოლუტური ტერიტორიული დაცვა და გადაყიდვის ფასის შენარჩუნება (RPM). ეს ტენდენცია ნათლად გამოიკვეთა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე Continental TV, Inc. v. GTE Sylvania, Inc., სადაც სასამართლომ შეცვალა მანამდე არსებული პრაქტიკა და დაადგინა, რომ ATP დებულებები „გონივრულობის წესით“ (rule of reason) უნდა შეფასდეს. ანალოგიური მიდგომა აისახა საქმეში Leegin Creative Leather Products, Inc. v. PSKS, Inc., სადაც განიმარტა, რომ RPM პირობები კონკურენციის საწინააღმდეგო ზიანს მხოლოდ მაშინ იწვევს, როდესაც მხარე ფლობს საბაზრო ძალაუფლებას.

აღნიშნული ტრანსფორმაციის შედეგად, გარკვეული ვერტიკალური შეთანხმებები აღარ მიიჩნევა თავისთავად უკანონოდ. აშშ-ის ანტიმონოპოლიური ორგანოების პოზიციით, ყველაზე აშკარა ვერტიკალური შეზღუდვებიც კი სარგებლობენ კანონიერების პრეზუმფციით, რომლის გაბათილებაც მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. შესაბამისად, მხარემ, რომელიც აპროტესტებს ვერტიკალურ შეზღუდვას, პირველ რიგში უნდა დაასაბუთოს მისი რეალური ან სავარაუდო კონკურენციის შემზღუდველი ეფექტი. ორივე მხარის არგუმენტაციის მოსმენის შემდეგ, მარეგულირებელი ორგანოები აფასებენ კონკურენციის საწინააღმდეგო ზიანსა და პროკონკურენტულ სარგებელს (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა გონივრულად აუცილებელია ამ სარგებლის მისაღწევად). თუ სარგებელი აჭარბებს ზიანს, ვერტიკალური შეთანხმება კანონიერად მიიჩნევა.

ბოლო წლებში გაერთიანებული სამეფოს კონკურენციის რეჟიმი ასევე გადავიდა უფრო მეტად ეკონომიკურ ანალიზზე დაფუძნებულ მიდგომაზე „მძიმე შეზღუდვების“ შეფასებისას. 2005 წლამდე გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ყველა ვერტიკალურ შეზღუდვას (გარდა RPM-ისა) გამორიცხავდა „კონკურენციის შესახებ“ აქტის პირველი თავის მოქმედების სფეროდან, რომელიც ძირითადად TFEU-ს 101-ე მუხლის მოდელით არის შექმნილი. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრების ორგანო ამ შეთანხმებების მიმართ დიდწილად ევროკავშირის მიდგომას მიჰყვებოდა.

2022 წელს, როდესაც CMA სრულად გადავიდა გაერთიანებული სამეფოს კონკურენციის აქტის დამოუკიდებელ აღსრულებაზე, მან გამოსცა „ვერტიკალური შეთანხმებების ჯგუფური გამონაკლისის ორდერი“, ისევე როგორც ევროკავშირმა მიიღო ახალი VBER. მიუხედავად იმისა, რომ VABEO-ს სტრუქტურა ფართოდ ჰგავს VBER-ის მოდელს, VABEO-ს სახელმძღვანელო მითითებების 8.8 პარაგრაფი იძლევა „მძიმე შეზღუდვების“ პროკონკურენტული ეფექტების განხილვის შესაძლებლობას, ხოლო 8.21 პუნქტი გვთავაზობს იმ გარემოებების მაგალითებს, რომლებშიც RPM შესაძლოა გამართლებული იყოს. CMA-ს მიდგომა „მძიმე შეზღუდვების“ მიმართ, თუმცა უფრო ლიბერალურია, ვიდრე ევროკავშირისა, მაინც ჩამორჩება აშშ-ში დამკვიდრებულ პრაქტიკას“. ვერტიკალურ შეთანხმებებში „მძიმე შეზღუდვების“ პროკონკურენტული ეფექტების შესწავლის ტენდენცია სულ უფრო თვალსაჩინო ხდება ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს კონკურენციის რეჟიმებში. ანალოგიური მიდგომა ფიქსირდება სხვა იურისდიქციებშიც; მაგალითად, ინდოეთში ყველა ვერტიკალური შეთანხმება, მათში არსებული შეზღუდვების ბუნების მიუხედავად, ფასდება „ინდოეთის კონკურენციის შესახებ“ 2002 წლის აქტის (2023 წლის რედაქციით) 3(4) მუხლის საფუძველზე, რომლის აღსრულებაც ინდოეთის კონკურენციის კომისიის (CCI) პრეროგატივაა.

პრაქტიკაში CCI განიხილავს ისეთი „მძიმე შეზღუდვების“ პროკონკურენტულ ეფექტებს, როგორიცაა გადაყიდვის ფასის შენარჩუნება (RPM). კერძოდ, საქმეებზე Ghanshyam Dass Vij v. Bajaj Corp Limited & Others (2013) და Jasper Infotech Pvt Limited v. Kaff Appliances (India) Pvt. Ltd. (2014), კომისიამ დაასკვნა, რომ RPM პუნქტების შემცველ ვერტიკალურ შეთანხმებებს ინდოეთის ბაზარზე კონკურენციაზე არსებითი უარყოფითი გავლენა (AAEC) არ მოუხდენია.

განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ვერტიკალური შეთანხმებებისადმი არსებული ყველა სტრატეგია ეფუძნება მომხმარებელთა კეთილდღეობის ფუნდამენტურ პრინციპს, რაც, განსაკუთრებით აშშ-ის კონტექსტში, საბოლოო მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ფასთან იგივდება. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში, პესტიციდების გიგანტების - Syngenta-სა და Corteva-ს წინააღმდეგ აღძრული დავების ფონზე, რომლებიც მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შედარებით იაფი გენერიკული ალტერნატივების ბაზრიდან გამოდევნას, აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ მომხმარებელთა წრე გააფართოვა და მასში შუალედური მომხმარებლებიც მოაქცია. ამით კომისიამ კეთილდღეობის ცნება ნეოკლასიკური საფასო თეორიის ვიწრო ჩარჩოებს მიღმა განიხილა და, რაც მთავარია, კვლავ გაააქტიურა ინტერესი ვერტიკალური შეთანხმებების მიმართ.

აღნიშნულ საქმეში, რომლის განხილვაც 2024 წლის იანვრის შემდგომ პერიოდში გაგრძელდა, Syngenta-მ და Corteva-მ ვერ შეძლეს FTC-ის სარჩელის უარყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება. FTC ამტკიცებს, რომ დისტრიბუტორებთან დადებულ შეთანხმებებში უკანონო „ანაზღაურების სანაცვლოდ ლოიალობის“ სქემების დანერგვით, აღნიშნული კომპანიები ხელოვნურად უზრდიდნენ ფასებს ფერმერებს. ეს, თავის მხრივ, იწვევს ფასების ზრდას საბოლოო მომხმარებლისთვის და ზღუდავს კონკურენციასა და ინოვაციებს პესტიციდების ბაზარზე. ჯერ კიდევ გასარკვევია, მოჰყვება თუ არა FTC-ის ამ ნაბიჯს რეზონანსი სხვა კონკურენციის რეჟიმებში, განსაკუთრებით განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, რომლებიც ხასიათდებიან მცირე ფერმერების, პროდუქციის მომწოდებლებისა თუ კომპონენტების მწარმოებლების სიმრავლით, და გაუჩენს თუ არა მათ მოტივაციას, გადახედონ ვერტიკალური შეზღუდვების უფრო ფართო სპექტრს.