ზედა დონის ბაზარი (UPSTREAM MARKET)

ინსტიტუციური განმარტება

წარმოების ან დისტრიბუციის ჯაჭვის წინა ეტაპზე არსებული ბაზარი (ზედა დონის ბაზარი). მაგალითად: ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარმოება, დისტრიბუცია და მარკეტინგი წარმოადგენს ზედა დონის ბაზარს ამავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბოლოო მომხმარებლებზე რეალიზაციის (ქვედა დონის ბაზრის) მიმართ. © ევროპული კომისია

კომენტარი

კონკურენციის სამართალში ზედა დონის (და ქვედა დონის) ბაზრების ეკონომიკურ კონცეფციას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც კომპანიებმა, პრაქტიკოსებმა, კონკურენციის ორგანოებმა და ტრიბუნალებმა უნდა შეაფასონ, შეესაბამება თუ არა დაგეგმილი ტრანზაქცია კონცენტრაციების კონტროლის მოქმედ რეგულაციებს ან/ან ხომ არ აქვს ადგილი სამართალდარღვევას (მაგალითად, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას).

კონცენტრაციების კონტროლის სფეროში არსებობს ეროვნული მარეგულირებლებისა და ევროკომისიის მრავალი გადაწყვეტილება, რომლებითაც მტკიცდება გარკვეულ პირობებზე (ვალდებულებებზე) დაქვემდებარებული ტრანზაქციები. მხარეების მიერ შემოთავაზებული ან მარეგულირებლის მიერ მოთხოვნილი ვალდებულებების უმეტესობა მიზნად ისახავს იმ რისკების აღმოფხვრას, რომლებიც, როგორც წესი, წარმოიშობა პროდუქტის ზედა ან ქვედა დონის ბაზრებზე. საქმეზე Veolia/Suez (საქმე M.9969, 2021 წლის 14 დეკემბერი), ევროკომისიამ მხარეებს რამდენიმე ზედა დონის ბაზართან დაკავშირებული ვალდებულება დააკისრა, რათა თავიდან აეცილებინა ბაზრის შესაძლო ბლოკირების ეფექტი. ვერტიკალურად დაკავშირებული ზედა დონის ბაზრების ეკონომიკური ანალიზი გადამწყვეტი აღმოჩნდა იმის დასადგენად, შეაფერხებდა თუ არა დაგეგმილი ტრანზაქცია კონკურენციას საფრანგეთში სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისა თუ წყლის დამუშავების, გადამუშავებისა და შეგროვების ბაზრებზე. აღნიშნულ საქმეში რამდენიმე მესამე მხარემ გამოხატა შეშფოთება ტრანზაქციის თაობაზე ევროკომისიის მიერ ჩატარებული „ბაზრის ტესტის“ ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა არასახიფათო ნარჩენებისა და მუნიციპალური თუ სამრეწველო წყლის მართვის სექტორებს.გადაწყვეტილების ტექსტი ნათლად ასახავს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ზედა დონის ბაზრების ანალიზს იმის შესაფასებლად, პასუხობდა თუ არა შერწყმის მხარეების მიერ შემოთავაზებული ვალდებულებები გამოკვეთილ პრობლემურ საკითხებს.

უფრო მეტიც, კონცენტრაციის შემთხვევებში, შესაბამისი ზედა დონის ბაზრების ანალიზი კონკურენციის ორგანოებს ეხმარება იმის დადგენაში, წარმოადგენს თუ არა ორი, ერთი შეხედვით დიფერენცირებული პროდუქტი, ერთი და იმავე ზედა დონის ბაზრის ნაწილს. საქმეზე General Electric/Honeywell (საქმე M.2220, 2001 წლის 3 ივლისი), ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაგეგმილი ტრანზაქცია შეუთავსებლად გამოეცხადებინა იმ დროისთვის არსებულ საერთო ბაზართან და EEA-ს შეთანხმებასთან. ამ შემთხვევაში, ზედა დონის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ ორი რეაქტიული ძრავა რადიკალურად განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლებით, რომლებიც წარმოებული იყო ორ განსხვავებულ საჰაერო კონფიგურაციაში, სინამდვილეში ერთსა და იმავე ზედა დონის ბაზარს განეკუთვნებოდა. ეს განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ამ ძრავებზე მოთხოვნა დამოკიდებული იყო იმ თვითმფრინავების მოთხოვნაზე, რომლებშიც ისინი საბოლოოდ მონტაჟდებოდა (შესაბამისად, ისინი ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ). ამრიგად, შემოთავაზებული ტრანზაქცია მოიცავდა დიდი რეგიონალური თვითმფრინავების (და არა ორ ან ოთხძრავიანი თვითმფრინავების) რეაქტიული ძრავების ორი ძირითადი მიმწოდებლის გაერთიანებას.

ანალოგიურად, კონკურენციის ორგანოები იყენებენ ზედა დონის ბაზრის ანალიზს იმის დასადგენად, წარმოადგენს თუ არა დომინანტი სუბიექტის კონკრეტული ქმედება დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. მსგავსი შემთხვევები მრავალრიცხოვანია ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, სადაც აქტიური მოლეკულების პატენტის მფლობელები ხშირად კონკურენციას უწევენ საკუთარ მომხმარებლებს კონკრეტული მედიკამენტის წარმოების ეტაპზე. კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია შემთხვევები, როდესაც ვერტიკალურად ინტეგრირებული დომინანტური კომპანია ფლობს აუცილებელ ობიექტს, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი მომხმარებლებისთვის, რათა მათ კონკურენცია გაუწიონ თავად ინტეგრირებულ კომპანიას. ამის მაგალითებია სარკინიგზო ან საპორტო მომსახურებასთან დაკავშირებული საქმეები, როდესაც ვერტიკალურად ინტეგრირებული სუბიექტი აკონტროლებს პორტს ან ტექნიკურ საწყობებს, რომლებიც შეუცვლელია მისი ქვედა დონის მომხმარებლებისა თუ კონკურენტებისთვის.

საქმეზე Commercial Solvents v Commission (1974), მართლმსაჯულების სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც ზედა და ქვედა დონის ბაზრებზე მოქმედი ვერტიკალურად ინტეგრირებული დომინანტური კომპანია უარს ამბობს თავისი მომხმარებლებისთვის/კონკურენტებისთვის აუცილებელი ნედლეულის მიწოდებაზე - რითაც მათ ქვედა დონის ბაზრიდან გამოდევნის საფრთხის წინაშე აყენებს - სახეზეა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება მიწოდებაზე უარის თქმის ფორმით. Commercial Solvents-ის საქმეში კომპანია აწარმოებდა და ყიდდა ქიმიურ ნაერთებს (ზედა დონის ბაზარი), რომლებიც წარმოადგენდა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების წარმოებისთვის საჭირო ბაზისურ ელემენტს (ქვედა დონის ბაზარი).

ზედა დონის მიმწოდებელზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეწყო იმავე მედიკამენტების წარმოება, რომლებსაც მისი მომხმარებლები ქვედა დონის ბაზარზე აწარმოებდნენ და ყიდდნენ. მას შემდეგ, რაც კონკურენტი პრეპარატი შემუშავდა და რეალიზაციისთვის სახელმწიფო ნებართვა მიიღო, ზედა დონის კომპანიამ გააუქმა ხელშეკრულება, რომლითაც ქიმიური ნაერთების მიწოდების ვალდებულებას საკუთარი ძირითადი მომხმარებლისა და, ამავდროულად, კონკურენტის წინაშე იღებდა. ამ უკანასკნელმა აღმოაჩინა, რომ ზედა დონის ბაზარზე აღნიშნული ნაერთების სხვა მწარმოებლისგან შესყიდვა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ზედა დონის კომპანია მათზე მსოფლიო მონოპოლიას ფლობდა. ევროკომისიამ (იმ პერიოდში - ევროპული თანამეგობრობების კომისია) მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის სანქცირების შესახებ, რაც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეფასდა (აღნიშნული გადაწყვეტილება მოგვიანებით დაადასტურა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ). როგორც დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, კონკურენციის სამართალში ზედა დონის (ისევე როგორც ქვედა დონის) ბაზრის ეკონომიკური კონცეფცია ფუნდამენტურ როლს ასრულებს. იგი გვეხმარება სამართლებრივი შეფასების არეალის განსაზღვრასა და იმის დადგენაში, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული ქმედება დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას.

ანალოგიურად, კონცენტრაციების კონტროლის სფეროში, ეს არის ანალიზის საკვანძო ინსტრუმენტი კონკურენციის ორგანოებისთვის, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა მოცემული ტრანზაქცია მოქმედ მარეგულირებელ ჩარჩოს, ან ხომ არ გამოიწვევს გაერთიანებული სუბიექტი კონკურენციის შეფერხებას შესაბამის ბაზრებზე. აღნიშნული კონცეფცია ასევე ხელმძღვანელობს შერწყმის მხარეებს იმ ქცევითი ვალდებულებების განსაზღვრაში, რომლებიც აღმოფხვრიან კონკურენციის ეროვნული ორგანოებისა თუ ევროკომისიის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას ტრანზაქციაზე თანხმობის მისაღებად.