ეკონომიკური აგენტის მიერ პროდუქციის დამატებითი ერთეულის წარმოებისთვის გაწეული ხარჯი. ზღვრული დანახარჯი წარმოადგენს მხოლოდ ცვლადი ხარჯის ფუნქციას, ვინაიდან ფიქსირებული ხარჯები არ იცვლება გამოშვებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით. © ევროპული კომისია
ზღვრული დანახარჯის არსი საუკეთესოდ სხვა სახის დანახარჯებთან მიმართებით ვლინდება. ამ მიზნით, ამოსავალი წერტილია მთლიანი დანახარჯის ცნება, რომელიც წარმოადგენს პროდუქციის მოცემული მოცულობის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო ხარჯის ჯამს. მთლიანი დანახარჯი, თავის მხრივ, იყოფა ცვლად და ფიქსირებულ ხარჯებად. ცვლადი დანახარჯები წარმოადგენს ხარჯებს, რომლებიც იცვლება გამოშვების მოცულობის ცვლილების შესაბამისად; მაგალითად, დამატებითი სამუშაო ძალის დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამის საპირისპიროდ, ფიქსირებული დანახარჯები არის ხარჯები, რომლებიც - სულ მცირე, გარკვეული პერიოდისა და წარმოების მოცულობის ფარგლებში - არ იცვლება გამოშვების ცვლილების შედეგად; როგორიცაა საწარმოს ექსპლუატაციისთვის საჭირო მუნიციპალური ნებართვების მოსაკრებელი ან პატენტის შემუშავების ხარჯები. შესაბამისად, წარმოების შეჩერების შემთხვევაშიც, ფიქსირებული დანახარჯების ოდენობა უცვლელი რჩება. ამ კონტექსტში, ზღვრული დანახარჯი ასახავს ცვლადი დანახარჯების ცვლილებას პროდუქციის დამატებითი ერთეულის წარმოებისას და იგი აშკარად არ მოიცავს ფიქსირებულ ხარჯებს. ალტერნატიულად, ცვლადი დანახარჯები წარმოების ყველა წინა ზღვრული დანახარჯის ჯამს წარმოადგენს. მაგალითად, თუ ზღვრული დანახარჯი შეადგენს 10 აშშ დოლარს ერთეულზე, სამი ერთეული პროდუქციის გამოშვების ცვლადი დანახარჯი იქნება 30 აშშ დოლარი.
გამოშვების დონის მატებასთან ერთად, ზღვრული დანახარჯი შესაძლოა გაიზარდოს, დარჩეს უცვლელი ან შემცირდეს. თუ შრომის დამატებითი ერთეულების გამოყენება კომპანიას წარმოების პროცესის უკეთ ორგანიზებისა და სპეციალიზაციის საშუალებას აძლევს, მაშინ წარმოების ზღვრული დანახარჯი შესაძლოა რეალურად შემცირდეს (ყოველ შემთხვევაში, გამოშვების გარკვეულ დიაპაზონში). თუმცა, ზოგადად, ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ზღვრული დანახარჯი მუდმივია ან ხასიათდება ზრდის ტენდენციით“.
საბოლოო ჯამში, კომპანიებისათვის ზღვრული დანახარჯის გაანგარიშება პრიორიტეტულია, რადგან იგი პასუხობს კითხვას - რა მოცულობის პროდუქცია უნდა იქნას წარმოებული და რა ფასად. წარმოების გაფართოებისას საწარმოები აფასებენ როგორც წარმოების ზღვრულ სარგებელს (ანუ ზღვრულ შემოსავალს), ისე ამ პროცესის ზღვრულ დანახარჯს. აღნიშნული ანალიზი მიზნად ისახავს მოგების მაქსიმიზაციას. თუმცა, რეალობა ისაა, რომ კომპანიები ხშირად ხარჯებს უფრო ფართო ჭრილში განიხილავენ, ფიქსირებულ და ცვლად კატეგორიებად მკაცრი დაყოფის გარეშე, ვინაიდან დროთა განმავლობაში ყველა ხარჯი ცვალებადია და ზღვარი მათ შორის ყოველთვის მკაფიო არ არის.
კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების კონტექსტში ზღვრული დანახარჯი რელევანტურია სხვადასხვა ასპექტში. მაგალითად, დამკვიდრებული მოსაზრებით, სხვაობა ფასსა და ზღვრულ დანახარჯს შორის კომპანიის საბაზრო ძალაუფლების საზომია. ეს იდეა ფორმალიზებულია ლერნერის ინდექსში, რომელიც წარმოადგენს სხვაობას ფასსა და ზღვრულ დანახარჯს შორის, შეფარდებულს პროდუქტის ფასთან. შესაბამისად, რაც უფრო უახლოვდება ლერნერის ინდექსი ერთს, მით უფრო მაღალ საბაზრო ძალაუფლებაზე შეიძლება მიუთითებდეს იგი. თუმცა, ზღვრულ დანახარჯზე მაღალი ფასი ყოველთვის არ ნიშნავს საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ან ზეკონკურენტულ მოგებას. პირიქით, მსგავსი საფასო პრაქტიკა შესაძლოა წარმოადგენდეს აუცილებელ მარჟას ფიქსირებულ დანახარჯებში განხორციელებული ინვესტიციების ამოსაღებად ან პროდუქტის განვითარებასა და წარმოებასთან დაკავშირებული რისკების დასაზღვევად“.ამასთან დაკავშირებით, ზღვრული დანახარჯი შესაძლოა გამოყენებულ იქნას კრიტიკული დანაკარგის გამოსათვლელად, რაც შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. კრიტიკული დანაკარგის ფორმულა მოიცავს ჰიპოთეტური მონოპოლისტის ტესტს (SSNIP) და ფასისა და დანახარჯის მარჟას (ანუ ლერნერის ინდექსს). ზღვრული დანახარჯი ბუნებრივად შეესაბამება ამ მოდელს, თუმცა შესაძლებელია დანახარჯების სხვა საზომების გამოყენებაც, როგორიცაა საშუალო ცვლადი დანახარჯი, რაც წარმოადგენს მთლიანი ცვლადი დანახარჯის შეფარდებას პროდუქციის რაოდენობასთან.
ზღვრული დანახარჯების შემცირება ასევე განიხილება ეფექტიანობის ფაქტორად შერწყმის ანალიზისას; მაგალითად, როდესაც ორი კომპანიის გაერთიანება და საწარმოო სიმძლავრეების ოპტიმიზაცია იწვევს ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებას. ზღვრული დანახარჯების შემცირება ეკონომისტ ოლივერ უილიამსონის მიერ ჩამოყალიბებული პარადიგმის ნაწილია, რომელიც ხაზს უსვამს შერწყმისას წარმოქმნილ პოტენციურ კომპრომისებს. კერძოდ, შერწყმამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ფასების ზრდის ტენდენცია კონკურენციის შემცირების გამო, ისე ფასების კლების შესაძლებლობა ზღვრული დანახარჯების სპეციფიკური დაზოგვის ხარჯზე.„ზღვრული დანახარჯი ასევე გამოიყენება ზიანის თეორიების ანალიზისას, რაც მოიცავს თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზაციას, მაგალითად — მტაცებლურ ფასწარმოქმნას. მტაცებლური ფასების შესახებ დავებისას ზღვრული დანახარჯის ზუსტი გაზომვა ხშირად სირთულეებთანაა დაკავშირებული, რის გამოც სასამართლოები უპირატესობას ანიჭებენ დანახარჯების სხვა საზომებს, მათ შორის საშუალო ცვლად დანახარჯს (AVC).
საბოლოო ჯამში, ზღვრული დანახარჯების არსის გაგება ცენტრალურ როლს ასრულებს ანტიმონოპოლიურ ანალიზში, ვინაიდან ეს კონცეფცია ასახავს საწარმოს საწარმოო შესაძლებლობებს დროის კონკრეტულ მონაკვეთში გამოშვების მოცულობის ცვლილებასთან მიმართებით. იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენციის სამართალი მიზნად ისახავს ბიზნესის ქცევის შესწავლას, ამ ამოცანის შესრულება შეუძლებელია ზღვრული დანახარჯების გააზრების გარეშე. პრაქტიკულ სირთულეს წარმოადგენს ზღვრული დანახარჯების შეფასება ისეთი ანალიზებისთვის, როგორიცაა კრიტიკული დანაკარგი, ეფექტიანობა და მტაცებლური ფასწარმოქმნა, ვინაიდან ზღვრული დანახარჯი ყოველთვის არ წარმოადგენს იმ მაჩვენებელს, რომელსაც ყველა კომპანია აღრიცხავს ან ფლობს ინფორმაციას მის შესახებ“.