ზოგადი ტერმინი იმ ეკონომიკური აგენტებისთვის ჯარიმებისგან სრული ან ნაწილობრივი გათავისუფლების აღსანიშნავად, რომლებიც მოკვლევის პროცესში თანამშრომლობენ კონკურენციის უწყებებთან. კომისიის ამჟამინდელი თანამშრომლობის პროგრამა ეფუძნება კარტელურ საქმეებში ჯარიმებისგან გათავისუფლებისა და ჯარიმების შემცირების შესახებ 2006 წლის შეტყობინებას, 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით. © ევროპული კომისია
კარტელებში ჩართულ კომპანიებს შესაძლოა დაეკისროთ მკაცრი სანქციები. თანამშრომლობის პროგრამის სისტემა გულისხმობს, რომ კომპანიას, რომელიც პირველი აღიარებს კარტელის არსებობას, შეუძლია მიიღოს სრული იმუნიტეტი, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებიც ვერ სარგებლობენ სრული იმუნიტეტით, შეუძლიათ მიაღწიონ ჯარიმის შემცირებას, კარტელური დარღვევის შესახებ „ინსაიდერული“ მტკიცებულებების წარდგენის სანაცვლოდ. გამოცდილება მოწმობს, რომ კონკურენციის ორგანოებისთვის ეს პროგრამები გადამწყვეტი ინსტრუმენტია კარტელების გამოსავლენად როგორც ევროკავშირში, ისე აშშ-ში.
თანამშრომლობის პროგრამები, როგორც წესი, ვრცელდება მხოლოდ მძიმე ფორმის, ფარულ კარტელებზე, რომლებშიც უშუალო კონკურენტები არიან ჩართულები, თუმცა, ზოგიერთი იურისდიქცია ამ პროგრამებს ხელმისაწვდომს ხდის „Hub-and-Spoke“ ტიპის კარტელებისთვისაც (რომლებიც როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ მახასიათებლებს აერთიანებს) და სარეალიზაციო ფასის შენარჩუნების (RPM) შემთხვევებისთვის. ევროკავშირსა და აშშ-ში ჰორიზონტალური შეთანხმებები, რომლებსაც ეს თანამშრომლობის პროგრამები ფარავს, ზოგადად მოიცავს კონკურენტებს შორის ფასების ფიქსირებას, სატენდერო გარიგებებს (კარტელებს ტენდერებში), სიმძლავრეების/წარმოების შეზღუდვას, ან ბაზრების, მომხმარებლების, გაყიდვებისა თუ წარმოების გადანაწილებას. ეს კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებები მიიჩნევა per se ანუ უპირობო (მძიმე) დარღვევებად. ეს ნიშნავს, რომ კონკურენციის უწყებებს არ მოეთხოვებათ მათგან გამომდინარე კონკურენციის საწინააღმდეგო შედეგების მტკიცება. სუფთა ვერტიკალური შეთანხმებები ბევრად უფრო იშვიათად ხვდება თანამშრომლობის პროგრამების მოქმედების სფეროში. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ეს პროგრამები ვერტიკალურ შეთანხმებებსაც მოიცავს, მათი ფარგლები, როგორც წესი, შემოიფარგლება მხოლოდ ყველაზე მძიმე ვერტიკალური დარღვევებით, როგორიცაა სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება (RPM).
ევროკავშირის ზოგიერთ იურისდიქციასა და შეერთებულ შტატებში, მესამე მხარეს შეუძლია შეიტანოს სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თანამშრომლობის პროგრამის ბენეფიციარის წინააღმდეგ. თუმცა, აშშ-ში, პროგრამის მონაწილეების მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შემოიფარგლება მხოლოდ რეალური ზიანის ოდენობით და მათზე არ ვრცელდება სამმაგი ზიანის ანაზღაურების წესი, რომელიც ზოგადად ხელმისაწვდომია მოსარჩელეებისთვის.
თანამშრომლობის პროგრამის განაცხადის წარდგენის დრო, მოწოდებული მტკიცებულებების ხარისხი და ბუნება არსებით ელემენტებს წარმოადგენს.
დროულობა: განაცხადის წარდგენის დრო განსაზღვრავს, მიიღებს თუ არა ეკონომიკური აგენტი სრულ იმუნიტეტს, თუ ჯარიმის მხოლოდ ნაწილობრივ შემცირებას.
მტკიცებულებათა ხარისხი: მტკიცებულებების შეფასებისას, კონკურენციის ორგანოები ადგენენ, არის თუ არა წარმოდგენილი ინფორმაცია საკმარისი მოკვლევის/გამოძიების დასაწყებად ან კარტელური დარღვევის დასამტკიცებლად (იმ შემთხვევაში, თუ უწყება უკვე ფლობს გარკვეულ ინფორმაციას).
კონკურენციის ორგანოები ამტკიცებენ შეღავათიანი რეჟიმით სარგებლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულება ქმნიან მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას, რაც აძლიერებს კარტელის საქმის მტკიცებულებით ბაზას.
ევროპაში, თანამშრომლობის მოდელური პროგრამა განსაზღვრავს რამდენიმე სავალდებულო კრიტერიუმს იმუნიტეტით ან შეღავათიანი რეჟიმით სარგებლობისთვის:
პირველ რიგში, განმცხადებელი ვალდებულია ითანამშრომლოს სრულად, გულწრფელად, ოპერატიულად, უწყვეტ საფუძველზე და თანამშრომლობის კეთილსინდისიერი სულისკვეთებით;
მეორე - მან უნდა შეწყვიტოს მონაწილეობა სამართალდარღვევაში განაცხადის შეტანის დღიდან;
მესამე - განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს მტკიცებულებების ხელშეუხებლობა და მათი განადგურების აღკვეთა; საბოლოოდ, განმცხადებელს ეკრძალება თანამშრომლობის პროგრამის განაცხადის წარდგენის ფაქტის გამჟღავნება მესამე პირებისთვის.
შეერთებულ შტატებში, იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობის პროგრამა მოითხოვს, რომ განმცხადებელმა შეწყვიტოს კონკურენციის შემზღუდველი საქმიანობა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, აღიაროს დანაშაული და უზრუნველყოს კარტელის შედეგად დაზარალებული მხარეებისათვის ზიანის რესტიტუცია. გარდა ამისა, იმ შემთხვევებში, როდესაც იუსტიციის დეპარტამენტი უკვე ფლობს ინფორმაციას დარღვევის შესახებ, უწყება ადგენს, იქნება თუ არა შეღავათიანი რეჟიმის გამოყენება უსამართლო სხვა მონაწილეების მიმართ. ამ პროცესში მხედველობაში მიიღება ისეთი ელემენტები, როგორიცაა: განმცხადებლის როლი კარტელში, დარღვევის ბუნება და ქმედების გამჟღავნების დროულობა.