ინტელექტუალური საკუთრების უფლებები (Intellectual Property Rights – IPR)

ინსტიტუციური განმარტება

ეს საკუთრების უფლებები მფლობელს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას, გამოიყენოს (მოახდინოს კომერციალიზაცია) ინოვაცია. შესაბამისად, მფლობელი ფლობს მონოპოლიურ ძალაუფლებას მოცემული ობიექტის გამოყენებაზე, როგორც წესი, განსაზღვრული ვადითა და კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.

ეს ძალაუფლება ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელს საშუალებას აძლევს, შეზღუდოს შესაბამისი პროდუქტის იმიტაცია და დუბლირება (კოპირება). ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ხელს უშლის სხვა ეკონომიკური აგენტების მიერ სხვისი შრომით უსასყიდლოდ სარგებლობას და წარმოადგენს სტიმულს კვლევისა და განვითარების (R&D) საქმიანობის განსახორციელებლად. © ევროპული კომისია

ზოგადი ტერმინი პატენტების, საავტორო უფლებებისა და სასაქონლო ნიშნების მეშვეობით საკუთრების უფლებების მინიჭების აღსანიშნავად. ეს საკუთრების უფლებები მფლობელს საშუალებას აძლევს, განსაზღვრული ვადით მოახდინოს მონოპოლიის რეალიზება მოცემული ობიექტის გამოყენებაზე.

იმიტაციისა და დუბლირების შეზღუდვით წარმოიშობა მონოპოლიური ძალაუფლება, თუმცა ამ მონოპოლიური ძალაუფლების სოციალური დანახარჯები შეიძლება კომპენსირდეს იმ სოციალური სარგებლით, რომელიც მოაქვს შემოქმედებითი და კრეატიული საქმიანობის უფრო მაღალ დონეს, რაც წახალისებულია და სტიმულირებულია მონოპოლიური შემოსავლებით. © OECD

კომენტარი

ფარმაცევტული საშუალებები - პატენტების მნიშვნელობა ინოვაციების ხელშეწყობის პროცესში განსხვავდება ინდუსტრიების მიხედვით. ფარმაცევტული სექტორი, სადაც ბაზარზე შეღწევა რთული და ხარჯიანია, სწორედ ის სფეროა, რომელშიც პატენტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ეს ინდუსტრია ასევე გამოირჩევა კომპლექსური მარეგულირებელი რეჟიმებით, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ინოვაციებს, ისე კონკურენციას. შეერთებულ შტატებში Hatch-Waxman-ის აქტი ითვალისწინებს 180-დღიან ექსკლუზიურობას პირველი ჯენერიკისთვის, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ბრენდირებული კომპანიის პატენტს. ამასთან, აშშ-სა და ევროკავშირის კანონმდებლობა ფარმაცევტებს აძლევს უფლებას (ან ავალდებულებს მათ), ჩაანაცვლონ ბრენდირებული მედიკამენტი ჯენერიკით იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ექიმი რეცეპტში წამლის ბრენდულ ვერსიას უთითებს.

ფარმაცევტულ ინდუსტრიას ახასიათებს კრიტიკული მომენტი, ბაზარზე ჯენერიკების გამოჩენა, რაც მკვეთრად ამცირებს მედიკამენტების ფასებს. შესაბამისად, ბრენდირებული მწარმოებლები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა სტრატეგიას ამ მომენტის მაქსიმალურად გადასავადებლად. მსოფლიო პრაქტიკაში ამისათვის გამოიყენება ისეთი მექანიზმები, როგორიცაა: ანგარიშსწორება დაყოვნების სანაცვლოდ, რაც გულისხმობს ჯენერიკების მწარმოებლებისთვის თანხის გადახდას საპატენტო დავების მოსაგვარებლად; პროდუქტის ჩანაცვლება, რაც გულისხმობს მომხმარებლების გადაყვანას წამლის ერთი ვერსიიდან მეორეზე (პატენტის ვადის გასვლამდე); მარეგულირებელ ორგანოებში წარდგენილი „მოქალაქეთა პეტიციები“ და ჯენერიკებისთვის ბაზარზე გასასვლელად საჭირო პრეპარატების ნიმუშების მიწოდებაზე უარის თქმა.

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ანგარიშსწორება დაყოვნების სანაცვლოდ, როდესაც ბრენდირებული კომპანიები და ჯენერიკების მწარმოებლები თანხმდებიან ბაზარზე კონკურენტის შესვლის გადავადებაზე. 2013 წელს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საქმეში FTC v. Actavis დაადგინა, რომ ასეთ შეთანხმებებს შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი კონკურენციის შემზღუდველი ეფექტი და დაარღვიოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. სასამართლომ განმარტა, რომ მორიგების კონკურენტული ეფექტის განსაზღვრაში გადამწყვეტ როლს ანტიმონოპოლიური სამართალი (და არა მხოლოდ საპატენტო სამართალი) ასრულებს. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ დავების მორიგების მხარდამჭერი ზოგადი პოლიტიკა არ არის პრიორიტეტული ამ კონტექსტში და ქვედა ინსტანციის სასამართლოებს დაავალა, პატენტის „სიძლიერე“ შეაფასონ არა მხოლოდ ტექნიკური ანალიზით, არამედ იმის მიხედვით, გადაიხადა თუ არა ბრენდულმა კომპანიამ ჯენერიკისთვის დიდი და გაუმართლებელი თანხა.

ევროპულ პრაქტიკაშიც არსებობს მნიშვნელოვანი პრეცედენტული გადაწყვეტილებები. ერთ-ერთი მაგალითია ევროკომისიის მიერ 2014 წელს კომპანია Servier-ისა და მისი ჯენერიკი კონკურენტებისთვის დაკისრებული 427 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა ბაზარზე ჯენერიკების შესვლის შეფერხების გამო. კომისიამ დაასკვნა, რომ Servier ცდილობდა დაცვას ჯენერიკების კონკურენციისგან ხუთ ყველაზე პერსპექტიულ ჯენერიკულ კომპანიასთან საპატენტო დავების მორიგების შესახებ შეთანხმებების გაფორმებით. აღნიშნული შეთანხმებები „ითვალისწინებდა მნიშვნელოვან ფულად გადახდებს ან სხვა სტიმულებს, რის სანაცვლოდაც ჯენერიკები რამდენიმე წლის განმავლობაში არ უნდა გამოსულიყვნენ ბაზარზე (პირდაპირ ან ირიბად).

კომისიამ ასევე განსაზღვრა კრიტერიუმები იმის დასადგენად, მიეკუთვნება თუ არა მორიგება მიზნობრივი შეზღუდვის კატეგორიას (რაც გულისხმობს ქმედების დასჯადობას მისი ეკონომიკური ეფექტის დეტალური ანალიზის გარეშე):

წარმოადგენდნენ თუ არა ბრენდირებული კომპანია და ჯენერიკი მწარმოებელი „მინიმუმ პოტენციურ კონკურენტებს“;

აიღო თუ არა ჯენერიკმა მწარმოებელმა ვალდებულება, შეეზღუდა თავისი დამოუკიდებელი ძალისხმევა ევროკავშირის ერთ ან რამდენიმე ბაზარზე ჯენერიკული პროდუქტით შესვლის მიზნით;

განხორციელდა თუ არა „ღირებულების გადაცემა“, როგორც მნიშვნელოვანი სტიმული, რამაც არსებითად შეამცირა ჯენერიკული საწარმოს მოტივაცია, დამოუკიდებლად განეგრძო ბაზარზე შესვლის მცდელობა.

მოკლედ, ანგარიშსწორება დაყოვნების სანაცვლოდ ცხადყოფს, თუ როგორ შეუძლია კონკურენციის სამართალს გადამწყვეტი როლის შესრულება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბრენდირებული კომპანია ფლობს მოქმედ პატენტს. ტექნოლოგიური სტანდარტები - მეორე მიმართულება, სადაც პატენტებისა და კონკურენციის ინტერესები იკვეთება, უკავშირდება ტექნოლოგიურ სტანდარტებს - საერთო პლატფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქტების თავსებადობას და მომხმარებელთა ნდობას. თუმცა, პრობლემა იქმნება მაშინ, როდესაც პატენტის მფლობელი კომპანია, მას შემდეგ რაც აიღებს ვალდებულებას, გასცეს ლიცენზია გონივრული პირობებით, ცდილობს დაბლოკოს კონკურენტის პროდუქტი ან დააწესოს არაპროპორციულად მაღალი ფასი.

ასეთ შემთხვევაში სტანდარტის მომხმარებლები (სხვა მწარმოებლები) „მძევლის“ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან მათ უკვე განახორციელეს ინვესტიცია ამ სტანდარტზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებში. ისინი შესაძლოა აიძულონ, გადაიხადონ ფასი, რომელიც ასახავს არა თავად ტექნოლოგიის დამატებულ ღირებულებას, არამედ ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლის მაღალ ხარჯებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადგილი აქვს „საპატენტო ჩიხს“.

წლების განმავლობაში, საპატენტო ჩიხის საფრთხე არაერთხელ იქნა აღიარებული აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ. აშშ-ის კონკურენციის უწყებების 2007 წლის ერთობლივ ანგარიშში (გვ. 35-36) განმარტებულია განსხვავება პატენტის ძალაუფლებას შორის Ex-ante ეტაპზე (როდესაც რამდენიმე ტექნოლოგია კონკურირებს სტანდარტში ჩართვისთვის) და Ex-post ეტაპზე (როდესაც არჩეულ ტექნოლოგიას აღარ გააჩნია ეფექტიანი ალტერნატივა). ეს უკანასკნელი პატენტის მფლობელს საშუალებას აძლევს, მოითხოვოს გაზვიადებული ჰონორარი (როიალტი). ანალოგიურად, აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ 2011 წლის მოხსენებაში (გვ. 234) ხაზი გაუსვა, რომ მთელი ინდუსტრია შესაძლოა მოწყვლადი აღმოჩნდეს ამგვარი შეფერხებების მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფასების ზრდა და სტანდარტიზაციის პროცესების მოშლა, რაც საბოლოოდ აფერხებს ინოვაციებს.

ვითარება შეიცვალა ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, როდესაც კონკურენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაკან დელრაჰიმმა, აგრესიულად პროპატენტური პოზიცია დაიკავა. დელრაჰიმი ამტკიცებდა, რომ პატენტები წარმოადგენს აბსოლუტური საკუთრების ტიპს, რომლის მფლობელებსაც აქვთ მათი დაცვისა და ავტომატური აკრძალვის უფლება. იგი ასევე მიიჩნევდა, რომ პატენტის შეკავება არ წარმოადგენს კონკურენციის სამართლის პრობლემას. ეს პოზიციები შორს იყო ამეინსტრიმისგან და გადახედვას საჭიროებს.

ევროკავშირმა ამ საკითხზე უფრო ნიუანსირებული პოზიცია ჩამოაყალიბა. საქმეში Huawei v. ZTE, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (61-71) განსაზღვრა ჩარჩო, რომელიც მხარეებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილებას გულისხმობს: პატენტის მფლობელი (ლიცენზიის გამცემი) ატყობინებს მოპასუხეს დარღვევის შესახებ, მოპასუხე გამოხატავს მზადყოფნას ლიცენზირებაზე, ხოლო ლიცენზიის მაძიებელი წარადგენს წერილობით შეთავაზებას, ჰონორარის გაანგარიშების ჩათვლით.

გარდა ამისა, ევროკომისიის 2017 წლის კომუნიკაციამ (გვ. 6) ნათლად აჩვენა, რომ ლიცენზირების პირობებს უნდა ჰქონდეს მკაფიო კავშირი დაპატენტებული ტექნოლოგიის ეკონომიკურ ღირებულებასთან, რომელიც ფოკუსირებულია უშუალოდ ტექნოლოგიაზე და არ მოიცავს იმ ღირებულებით ელემენტს, რომელიც ტექნოლოგიამ სტანდარტში ჩართვის გადაწყვეტილების შედეგად შეიძინა. კომუნიკაცია ასევე (გვ. 7) მიზნად ისახავდა „როიალტების დაგროვების“ თავიდან აცილებას, რადგან მხარეებმა „უნდა გაითვალისწინონ სტანდარტისთვის გონივრული საერთო განაკვეთი.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ კონკურენციის სამართალი გადამწყვეტ როლს ასრულებს იმის ანალიზში, თუ როგორ გამოიყენება პატენტები სტანდარტიზაციის კონტექსტში, რაც აღიარებულია როგორც ევროპის, ისე (ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდის გარდა) შეერთებული შტატების მიერ. როგორც ფარმაცევტული სექტორისა და ტექნოლოგიური სტანდარტების მაგალითები მოწმობს, პატენტებისა და კონკურენციის სამართლის კვეთა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.