1/2003 რეგულაციის (EC) მე-18 მუხლისა და 139/2004 რეგულაციის (EC) მე-11 მუხლის შესაბამისად, ევროკომისიას შეუძლია მოსთხოვოს ეკონომიკურ აგენტებსა და მათ ასოციაციებს ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რათა განახორციელოს ამ რეგულაციებით მასზე დაკისრებული მოვალეობები. ეს პროცესი შეიძლება წარიმართოს მარტივი მოთხოვნის ან გადაწყვეტილების საფუძველზე.
მარტივი მოთხოვნის სტანდარტი:
ეკონომიკური აგენტისთვის მარტივი მოთხოვნის გაგზავნისას, კომისია ვალდებულია:
მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და მიზანი;
ზუსტად განსაზღვროს გამოსათხოვი ინფორმაციის ჩამონათვალი;
დაადგინოს ინფორმაციის მიწოდების ვადა;
მიუთითოს ის სანქციები, რომლებიც გათვალისწინებულია არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდებისთვის.
ინფორმაციის მიმწოდებელი სუბიექტები:
პასუხისმგებელი პირები: მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ეკონომიკური აგენტის მესაკუთრეებმა ან მათმა წარმომადგენლებმა (ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში - კანონით ან წესდებით უფლებამოსილმა პირებმა).
ადვოკატების როლი: სათანადოდ უფლებამოსილ ადვოკატებს შეუძლიათ ინფორმაციის კლიენტების სახელით წარდგენა. თუმცა, კლიენტი რჩება სრულად პასუხისმგებელი, თუ მოწოდებული ინფორმაცია არასრული, არასწორი ან შეცდომაში შემყვანია.
კოორდინაცია კონკურენციის უწყებებთან:
კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გაუგზავნოს მოთხოვნის ან გადაწყვეტილების ასლი:
იმ წევრი სახელმწიფოს კონკურენციის უწყებას, რომლის ტერიტორიაზეც რეგისტრირებულია შესაბამისი ეკონომიკური აგენტი;
იმ წევრი სახელმწიფოს კონკურენციის უწყებას, რომელსაც ეს საქმე უშუალოდ ეხება.
თავის მხრივ, წევრი სახელმწიფოების მთავრობები და კონკურენციის უწყებები ვალდებულნი არიან, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდონ მას რეგულაციით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა ინფორმაცია. © ევროპული კომისია
ევროკავშირი
ევროკავშირში N1/2003 რეგულაციის მე-18 მუხლი უფლებამოსილებას ანიჭებს კომისიას, მოითხოვოს „ყველა საჭირო ინფორმაციის“ მიწოდება ამავე რეგულაციით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. „აუცილებლობის“ კონცეფცია გულისხმობს, რომ მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საშუალებას მისცემს კომისიას, გამოიძიოს სავარაუდო დარღვევები ან გამოავლინოს ქცევა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კონკურენციის დებულებებს (იხ. საქმე T-446/05 Amann & Söhne v Commission, პუნქტი 333).
მე-18 მუხლის თანახმად, ინფორმაციის გამოთხოვა შეიძლება განხორციელდეს ორიდან ერთი ფორმით: მარტივი მოთხოვნით ან კომისიის გადაწყვეტილებით. ორივე შემთხვევაში კომისიამ უნდა მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და მიზანი, დააზუსტოს, თუ რა ინფორმაციაა საჭირო, დაადგინოს მისი მიწოდების ვადა და მიუთითოს 23-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდებისთვის.
გადაწყვეტილების ფორმით გაგზავნილი მოთხოვნა საჩივრდება ევროკავშირის სასამართლოებში და, როგორც წესი, უფრო ეფექტურია, ვინაიდან ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობამ შეიძლება გამოიწვიოს პერიოდული საჯარიმო გადასახადის დაკისრება. 24-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს წინა საფინანსო წლის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს. თუმცა, კომისიას ეკისრება ზოგადი ვალდებულება, აირჩიოს მოკვლევის ყველაზე ნაკლებად მძიმე ღონისძიება. ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა გადაწყვეტილების ფორმით მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული, თუ მარტივი მოთხოვნით ვერ მიიღწევა კომისიის ლეგიტიმური მიზნები (იხ. Rousseva (ed), EU Antitrust Procedure, პუნქტი 2.19).
როგორც კი ეკონომიკური აგენტი ინფორმაციის გამოთხოვის ადრესატი ხდება, იგი ვალდებულია შეასრულოს მოთხოვნა და პროაქტიულად ითანამშრომლოს კომისიასთან (იხ. საქმე 374/87 Orkem v Commission, პუნქტი 27). მოთხოვნა შეიძლება გავრცელდეს მთელ საწარმოსთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი უშუალოდ მხოლოდ საწარმოში შემავალ გარკვეულ სუბიექტებს მიემართება. კომისიას ასევე შეუძლია მოსთხოვოს კომპანიას იმ ინფორმაციის წარდგენა, რომელიც მესამე მხარისგან უნდა იქნას მოპოვებული.
კომისიასთან თანამშრომლობის ვალდებულება ითვალისწინებს შეზღუდულ პრივილეგიას თვითინკრიმინაციის წინააღმდეგ. Orkem-ის საქმეში დადგინდა, რომ კომისიას არ შეუძლია აიძულოს კომპანიები, პირდაპირ აღიარონ დარღვევა, თუმცა მას აქვს უფლება მოითხოვოს ყველა საჭირო ფაქტობრივი ინფორმაციის წარდგენა და დოკუმენტაციის გამჟღავნება, მაშინაც კი, თუ აღნიშნული მასალები შემდგომში ამავე საწარმოს წინააღმდეგ კონკურენციის წესების დარღვევის დასადგენად იქნება გამოყენებული.
აშშ
ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფორმაციის გამოთხოვის ეკვივალენტი ცნობილია როგორც „სამოქალაქო საგამოძიებო მოთხოვნა“ (Civil Investigative Demand – CID). CID-ებს იყენებენ ისეთი მარეგულირებლები, როგორიცაა ფედერალური სავაჭრო კომისია და იუსტიციის დეპარტამენტის ანტიტრასტული სამმართველო, ანტიმონოპოლიურ დარღვევებთან დაკავშირებული რელევანტური ინფორმაციის მისაღებად. FTC-ის უფლებამოსილება, გამოსცეს CID-ები (სამოქალაქო საგამოძიებო მოთხოვნები), გამომდინარეობს ფედერალური სავაჭრო კომისიის კანონის 57b-1 მუხლიდან. ამ დებულების თანახმად, თუ FTC-ს აქვს საფუძველი მიიჩნიოს, რომ ნებისმიერ პირს შეიძლება ჰქონდეს ან აკონტროლებდეს რაიმე დოკუმენტურ მასალას, ან ფლობდეს ინფორმაციას ანტიმონოპოლიური დარღვევების შესახებ, მას შეუძლია გამოსცეს CID. პირს შეიძლება მოეთხოვოს მოთხოვნილი დოკუმენტური მასალის წარდგენა შესამოწმებლად ან შესაბამის ინფორმაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. CID-ის ადრესატები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ მას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთხოვნის შესრულება შეიძლება აღსრულდეს სასამართლო წესით.
DOJ-ს (აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს) მსგავსი უფლებამოსილებები გააჩნია ანტიმონოპოლიური სამოქალაქო პროცესის შესახებ კანონის 1312-ე მუხლის საფუძველზე. ევროკავშირის მსგავსად, აშშ-ში CID-ის შესრულების ვალდებულება შემოიფარგლება თვითინკრიმინაციის საწინააღმდეგო პრივილეგიით. შეერთებულ შტატებში ეს პრივილეგია დაცულია ჩვენების იძულებითი მიცემისა და იმუნიტეტის გამოყენების გზით. თუ პირი გამოიყენებს პრივილეგიას და უარს იტყვის CID-ზე პასუხის გაცემაზე, მისი ჩვენება შეიძლება იძულებით იქნეს მიღებული გენერალური პროკურორის თანხმობის საფუძველზე. ამასთან, იძულებით მიცემული ჩვენება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოწმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში, გარდა ცრუ ჩვენების შემთხვევებისა. საქმეში Kastigar v. United States, 406 U.S. 441 (1972), აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ იძულებისა და იმუნიტეტის ეს კომბინაცია წარმოადგენს რაციონალურ ბალანსს თვითინკრიმინაციის საწინააღმდეგო პრივილეგიის იმპერატივსა და ხელისუფლების ლეგიტიმურ საჭიროებას შორის, აიძულოს მოქალაქეები მისცენ ჩვენება. შესაბამისად, ასეთი კომპრომისი კონსტიტუციურია. თუმცა, იძულებით მიცემული ჩვენება შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის წინააღმდეგ მხოლოდ სამოქალაქო სანქციების მოთხოვნისას, მათ შორის, სამოქალაქო სახდელის დაკისრების პროცესში.
ჰონგ-კონგში კონკურენციის შესახებ მოკვლევის ფარგლებში ინფორმაციის გამოთხოვის რეჟიმი ანალოგიურია. „კონკურენციის შესახებ“ დადგენილების (Cap 619) (შემდგომში - განკარგულება) 41-ე მუხლი უფლებამოსილებას ანიჭებს კომისიას, მოსთხოვოს პირს დოკუმენტების წარდგენა ან მოკვლევასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული პირი ფლობს ან აკონტროლებს ასეთ ინფორმაციას. გარდა ამისა, განკარგულების 42(1) მუხლის თანახმად, პირს შეიძლება მოეთხოვოს კომისიის წინაშე გამოცხადება ნებისმიერ იმ საკითხზე პასუხის გასაცემად, რომელიც გონივრული საფუძვლით მნიშვნელოვნად მიიჩნევა მოკვლევისთვის. ასეთი მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს სამართალდარღვევას და, 52-ე მუხლის შესაბამისად, შეიძლება გამოიწვიოს დაჯარიმება ან თავისუფლების აღკვეთა.
ჰონგ-კონგში მოქმედი მოდელი ითვალისწინებს თვითინკრიმინაციის საწინააღმდეგო პრივილეგიის შეზღუდვას (გაუქმებას). 45(1) მუხლი პირდაპირ გამორიცხავს პირის უფლებას, გამოიყენოს თვითინკრიმინაციის საწინააღმდეგო პრივილეგია, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული პრივილეგია არ შეიძლება გახდეს ახსნა-განმარტების მიცემაზე ან კითხვებზე პასუხზე უარის თქმის საფუძველი. თუმცა, 45(2) მუხლი ადგენს „პირდაპირი გამოყენების აკრძალვას“, რომლის მიხედვითაც, იძულებითი წესით მიღებული არცერთი განცხადება არ არის დასაშვები მტკიცებულება სისხლის სამართლის პროცესში. პირდაპირი გამოყენების ეს შეზღუდვა იცავს მხოლოდ უშუალოდ განცხადების გამკეთებელს - ამ უფლებით სარგებლობს მხოლოდ ის პირი, რომლის მიმართაც გამოცემულია შეტყობინება 42-ე მუხლის საფუძველზე და იგი არ ვრცელდება მესამე პირებზე (იხ. Nutanix, პუნქტი 101).
შესაბამისად, თუ 42-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება მიმართულია დასაქმებულისადმი, დამსაქმებელი ვერ დაეყრდნობა პირდაპირი გამოყენების აკრძალვის პრინციპს თავისი თანამშრომლის მიერ იძულებითი წესით მიცემული პასუხების მტკიცებულების სახით გამოსარიცხად. გარდა ამისა, 46-ე მუხლი აკონკრეტებს, რომ პირს არ ეზღუდება კომისიისთვის ინფორმაციის ან დოკუმენტების მიწოდება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მას აკისრია კონფიდენციალურობის/ნდობის ვალდებულება სხვა პირის მიმართ.