კარტელი (Cartel)

ინსტიტუციური განმარტება

შეთანხმება (შეთანხმებები) კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის, რომელიც მიზნად ისახავს მათ შორის კონკურენციის შეზღუდვას ან აღმოფხვრას, მონაწილე ეკონომიკური აგენტების მოგების გაზრდის მიზნით, ყოველგვარი ობიექტური დამაბალანსებელი სარგებლის შექმნის გარეშე.

პრაქტიკაში ეს, როგორც წესი, ხორციელდება:

ფასების ფიქსირებით;

პროდუქციის გამოშვების (მოცულობის) შეზღუდვით;

ბაზრების გაყოფით/განაწილებით;

მომხმარებლების ან ტერიტორიების გადანაწილებით;

შესყიდვებში (ტენდერებში) შეთანხმებული ქმედებით ან ამ ყველა ქმედებათა კომბინაციით.

კარტელები საზიანოა მომხმარებლებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, ვინაიდან მონაწილე ეკონომიკური აგენტები აწესებენ უფრო მაღალ ფასებს (და იღებენ უფრო მაღალ მოგებას), ვიდრე ეს კონკურენტულ ბაზარზე იქნებოდა შესაძლებელი.

© ევროპული კომისია

კარტელი არის ფორმალური შეთანხმება ოლიგოპოლიურ სექტორში მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის. კარტელის წევრები შეიძლება შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფასები, სექტორის მთლიანი მოცულობა, საბაზრო წილები, მომხმარებლების ან ტერიტორიების გადანაწილება, შესყიდვებში შეთანხმებული ქმედებები, გაყიდვების ერთობლივი არხების შექმნა, მოგების განაწილება ან ამ ყველაფრის კომბინაცია.

კარტელი, ამ ფართო გაგებით, კოორდინაციის (კოლუზიის) „აშკარა“ ფორმების სინონიმია და იქმნება წევრი ეკონომიკური აგენტების ორმხრივი სარგებლისთვის. „კოოპერაციული“ ოლიგოპოლიის თეორია წარმოადგენს კარტელების ფორმირებისა და მათი ეკონომიკური შედეგების ანალიზის საფუძველს. ზოგადად, კარტელური ქცევა ცდილობს მონოპოლიის სიმულაციას, მოცულობის შეზღუდვისა და ფასების ფიქსირების გზით, უფრო მაღალი მოგების მისაღებად.

სახელმწიფო და კერძო კარტელების გამიჯვნა:

სახელმწიფო კარტელები: ამ შემთხვევაში სახელმწიფომ შეიძლება თავად დაადგინოს და აღასრულოს წესები ფასებთან, პროდუქციის მოცულობასთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. ექსპორტის კარტელები და საზღვაო კონფერენციები საჯარო კარტელების მაგალითებია. ბევრ ქვეყანაში „დეპრესიის კარტელები“ დაშვებული იყო იმ დარგებში, რომლებიც საჭიროებდნენ ფასებისა და წარმოების სტაბილურობას ან ჭარბი სიმძლავრეების რაციონალიზაციას (მაგ. იაპონიაში ფოლადის, ალუმინის დნობის, გემთმშენებლობისა და ქიმიურ მრეწველობაში; აშშ-ში 1930-იანი წლების დეპრესიისას ნახშირის მოპოვებასა და ნავთობის წარმოებაში). საერთაშორისო სასაქონლო შეთანხმებები (მაგ. OPEC) ასევე სახელმწიფო კარტელების მაგალითებია, რომლებიც მოიცავს შეთანხმებებს სახელმწიფოებს შორის. მკვეთრი დეფიციტის პერიოდში მთავრობების მიერ ასევე იქმნება „კრიზისული კარტელები“ (crisis cartels) წარმოებისა და დისტრიბუციის რაციონირებისთვის.

კერძო კარტელები: ამის საპირისპიროდ, კერძო კარტელები გულისხმობს ფარულ შეთანხმებებს, საიდანაც წევრები ორმხრივ სარგებელს იღებენ, თუმცა მათ შესახებ გარეშე პირებმა არ იციან. იურისდიქციების უმეტესობაში კერძო კარტელები მიიჩნევა უკანონოდ და კონკურენციის (ანტიტრასტული) სამართლის უხეშ დარღვევად. წარმატებული კარტელი (იქნება ეს საჯარო თუ კერძო) წევრებისგან მუდმივად

მოითხოვს სამ კომპონენტს:

თანხმობას (concurrence);

კოორდინაციას (coordination);

წესების დაცვას/შესრულებას (compliance).

ეს ნიშნავს, რომ კარტელის წევრებს უნდა შეეძლოთ შეთანხმების დარღვევის (ფასების ფარული დაწევის) ფაქტების დაუყოვნებლივ გამოვლენა და დამრღვევთა მიმართ სანქციების გამოყენება. ამ პირობების შესრულება რთულია, რაც ხშირად ხსნის იმას, თუ რატომ იშლება კერძო კარტელები დროთა განმავლობაში შიდა ღალატის გამო. © OECD

კომენტარი

კარტელი გულისხმობს შეთანხმებას კონკურენტ კომპანიებს შორის კონკურენციის დარღვევის, შეზღუდვის ან აღმოფხვრის მიზნით. მისი უმთავრესი ამოცანაა მაღალი ფასების დაწესება და მოგების მაქსიმიზაცია ყოველგვარი ობიექტური და დამაბალანსებელი სარგებლის შექმნის გარეშე. ამის გამო, კარტელები კონკურენციის შემზღუდველი ქცევის ყველაზე მავნე ფორმად მიიჩნევა და მათთან ბრძოლა კონკურენციის ორგანოების პრიორიტეტია. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, 2021 წელს მსოფლიოს მასშტაბით კონკურენციის უწყებებმა კარტელებისთვის დაახლოებით 4,6 მილიარდი აშშ დოლარის (4 მილიარდი ევრო) ოდენობის ჯარიმები დააწესეს. კარტელში მონაწილეობამ გარკვეულ იურისდიქციებში შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკურ პირთა ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე დაზარალებული კომპანიებისა და მომხმარებლების მხრიდან კერძო სამართლებრივი დავები ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

კარტელი ყოველთვის გულისხმობს კომპანიებს შორის შეთანხმებას, რითაც იგი მკაფიოდ განსხვავდება ცალმხრივი ქმედებებისგან, რომლებმაც ასევე შეიძლება დაარღვიონ კონკურენციის კანონმდებლობა (მაგალითად, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ერთი კომპანიის მიერ).

კარტელი, როგორც წესი, მოიცავს ფარულ შეხვედრებს ან კომუნიკაციას მონაწილეებს შორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუმცა გარკვეულ იურისდიქციებში ერთჯერადი კონტაქტიც შეიძლება გახდეს კარტელის დადგენის საკმარისი საფუძველი. ამგვარ შეთანხმებებს შესაძლოა მრავალი ფორმა ჰქონდეს: კარტელი შეიძლება ეფუძნებოდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირ შეთანხმებას და ატარებდეს ფორმალურ ან არაფორმალურ ხასიათს (იხ. Monsanto Co. v. Spray-Rite Service Corp., 465 U.S. 752, 768; Suiker Unie, პუნქტი 26).

კარტელის მონაწილეები, ძირითადად, არიან ისეთი სუბიექტები, რომლებიც ერთმანეთის კონკურენტები არიან შესაბამისი პროდუქციისა თუ მომსახურების წარმოებასა და მიწოდებაში. თუმცა, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა სავაჭრო ასოციაციები და საკონსულტაციო კომპანიები, ასევე შეიძლება ცნობილ იქნენ კარტელური ქმედების მონაწილეებად, თუ ისინი შეგნებულად უწყობენ ხელს კარტელურ შეხვედრებს, კონტაქტებს ან კონკურენტებს შორის სენსიტიური ინფორმაციის გაცვლას.

კარტელი შეიძლება იყოს იზოლირებული მოვლენის, ქმედებათა ერთობლიობის ან ხანგრძლივი, უწყვეტი ქცევის შედეგი. ბევრი კარტელი კომპლექსური სტრუქტურისაა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოქმედებს. კარტელის არსებობის მანძილზე ზოგიერთი კომპანია შესაძლოა სხვებზე მეტად აქტიურობდეს: ზოგმა შეიძლება დატოვოს კარტელი და შემდგომ კვლავ შეუერთდეს მას, ზოგი კი მხოლოდ რამდენიმე შეხვედრას დაესწროს. თუ კარტელი გლობალურ დონეზე მოქმედებს, შესაძლოა არსებობდეს რამდენიმე ქვეხელშეკრულებაც, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტს, მომსახურებასა თუ იურისდიქციას მოიცავს. ამ მიზეზების გამო, კონკურენციის ორგანოებმა შეიმუშავეს მექანიზმები, რათა მსგავსი კონკურენციის შემზღუდველი ქმედებები განიხილონ როგორც ერთიანი, კომპლექსური კარტელი.

მაგალითად, ევროკავშირში „ერთჯერადი და უწყვეტი დარღვევის“ კონცეფცია კონკურენციის ორგანოს საშუალებას აძლევს, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 101-ე მუხლის მთელი რიგი დარღვევები გააერთიანოს და განიხილოს ისინი კარტელური ქცევის ნაწილად იმ მოტივით, რომ ისინი ერთიან ზოგად გეგმას ემსახურებიან. შეერთებულ შტატებში შემუშავებულია ანალოგიური მიდგომა, რომელიც ცნობილია როგორც „ერთჯერადი შეთქმულების“ დოქტრინა. ამ კონცეფციის თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს, არის თუ არა კარტელური შეთანხმებები საკმარისად დაკავშირებული იმისათვის, რომ ჩაითვალოს ერთიანი კარტელის ნაწილად და არა დამოუკიდებელ, მცირე მასშტაბის შეთანხმებულ პრაქტიკათა ერთობლიობად.

კარტელურ შეთანხმებებში გავრცელებული პრაქტიკა, როგორიცაა ფასების ფიქსაცია, მიწოდების შეზღუდვა და ბაზრის გადანაწილება, კონკურენციის სამართლის ყველაზე მძიმე დარღვევებს განეკუთვნება. ევროკავშირში ასეთი შეთანხმებები კლასიფიცირდება როგორც კონკურენციის შეზღუდვა მიზნის მიხედვით, ხოლო აშშ-ში ისინი განიხილება როგორც „თავისთავად“ უკანონო ქმედებები შერმანის აქტის პირველი მუხლის საფუძველზე. ამგვარი კატეგორიზაციის უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი ის არის, რომ კონკურენციის ორგანოებს, როგორც წესი, არ მოეთხოვებათ კარტელის რეალური საბაზრო ეფექტის (შედეგის) დადგენა დარღვევის დასასაბუთებლად; კონკურენციისთვის მიყენებული ზიანი თავისთავად აშკარაა ამ ქმედებათა ბუნებიდან გამომდინარე (იხ. Cartes Bancaires, პუნქტი 51).

კარტელური საქმიანობის ფორმათა უმეტესობა მოიცავს ინფორმაციის გაცვლას კონკურენტებს შორის, რაც შესაძლოა დამოუკიდებელი კარტელის დადგენის საფუძველიც გახდეს. კონკურენციის ორგანოების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის გაცვლა. აღნიშნული საშუალებას აძლევს კომპანიებს, წინასწარ განსაზღვრონ ერთმანეთის სამომავლო ნაბიჯები და კოორდინაცია გაუწიონ თავიანთ ქცევას ბაზარზე არსებული გაურკვევლობის შემცირების ხარჯზე, რაც ზღუდავს კონკურენციას (იხ. T-Mobile, პუნქტი 35).

სენსიტიური ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს სამომავლო ფასებს, მარკეტინგულ სტრატეგიებს, პროდუქციის რაოდენობას, კონკრეტულ კლიენტებთან ან მომწოდებლებთან არსებულ კომერციულ პირობებს, ხარჯებს, საოპერაციო გეგმებს, წარმოების დონეს, საწარმოო სიმძლავრეების ცვლილების გეგმებსა და ტექნიკურ მონაცემებს. სენსიტიური ინფორმაციის გაცვლა უკანონოა, თუ იგი წარმოადგენს კარტელის აღსრულების ან მონიტორინგის მექანიზმის ნაწილს, ან თავისთავად წარმოადგენს დამოუკიდებელ დარღვევას.

კონკურენციის ორგანოებს, როგორც წესი, გააჩნიათ ფართო უფლებამოსილებები საეჭვო კარტელების გამოსაძიებლად. ეს მოიცავს კომპანიებისგან ინფორმაციის უშუალო გამოთხოვასა და მოულოდნელი ადგილზე შემოწმების ჩატარების უფლებას ბიზნეს ან კერძო შენობებში, ფიზიკური თუ ელექტრონული დოკუმენტების მოძიებისა და გამოკითხვის მიზნით. საგამოძიებო უფლებამოსილებები, როგორც წესი, შემოიფარგლება პროფესიული საიდუმლოების დაცვის და თვითინკრიმინაციის საწინააღმდეგო პრივილეგიით (რომელთა ფარგლები და ხასიათი შესაძლოა განსხვავდებოდეს იურისდიქციების მიხედვით). კარტელების წინააღმდეგ ბრძოლის ფუნდამენტური ასპექტია კონკურენციის ორგანოების უფლებამოსილება, დააწესონ მკაცრი სანქციები კარტელში მონაწილე კომპანიების დასასჯელად. კონკურენციის უწყებების უმეტესობას შეუძლია სოლიდური ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრება სამართალდამრღვევთათვის.

მონაცემების მიხედვით, 2021 წელს ყველაზე მსხვილი ჯარიმები კარტელებისთვის დააწესეს: ევროკომისიამ (ჯამში დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი; 1,7 მილიარდი ევრო), სამხრეთ კორეამ (865 მილიონი აშშ დოლარი; 763 მილიონი ევრო), ბრაზილიამ (656 მილიონი აშშ დოლარი; 578 მილიონი ევრო), ჩინეთმა (268 მილიონი აშშ დოლარი), აშშ-მა (150 მილიონი აშშ დოლარი; 132 მილიონი ევრო) და ინდოეთმა (117 მილიონი აშშ დოლარი).

კარტელური ქცევით დაზარალებული მხარეები სულ უფრო ხშირად მიმართავენ სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. გარკვეულ იურისდიქციებში (მაგალითად, ევროკავშირში), კონკურენციის ორგანოს დასკვნები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პრეიუდიციულ მტკიცებულებად, რაც მოსარჩელეს ათავისუფლებს კარტელის არსებობის ფაქტის ხელახალი მტკიცების ვალდებულებისგან.

მრავალ იურისდიქციაში, მათ შორის ავსტრალიაში, კანადაში, ბრაზილიაში, ჩილეში, დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ისრაელში, იტალიაში, იაპონიაში, მექსიკაში, პოლონეთში, რუმინეთში, სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ კორეაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, მოქმედებს კარტელურ საქმიანობაში ჩართული ფიზიკური პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმი. მძიმე დარღვევების შემთხვევაში, ამ სანქციებმა შესაძლოა თავისუფლების აღკვეთაც გამოიწვიოს. თვალსაჩინო მაგალითია გაერთიანებული სამეფო, სადაც კონკურენციისა და ბაზრების უწყებასა და მძიმე თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო უწყებას აქვთ კარტელური დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებამოსილება, თუმცა უშუალოდ სანქციების დაკისრება მხოლოდ სისხლის სამართლის სასამართლოებს შეუძლიათ.

კარტელების გამოვლენისა და აღკვეთის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია თანამშრომლობის პროგრამები. მათი მეშვეობით, კარტელის იმ მონაწილეებს, რომლებიც პირველები შეატყობინებენ კონკურენციის ორგანოს კარტელის არსებობის შესახებ და წარადგენენ მტკიცებულებებს, ენიჭებათ სრული იმუნიტეტი ან მნიშვნელოვნად უმცირდებათ ჯარიმა. თანამშრომლობის პროგრამები დანერგილია მსოფლიოს უმეტეს იურისდიქციაში.