კერძო აღსრულება, ზოგადად, შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, ორგანიზაციის ან საჯარო უწყების (მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის ან შესყიდვების სააგენტოს მიერ ტენდერების შეთანხმებულად მოგების/კარტელის შემთხვევაში) მიერ ინიციირებული სასამართლო დავა, რომლის მიზანია სასამართლომ დაადგინოს ანტიტრასტული კანონმდებლობის დარღვევა, დაავალდებულოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება ან დააწესოს ამკრძალავი განკარგულებები (აღკვეთის ღონისძიებები). კერძო აღსრულება შეიძლება დაიწყოს დამოუკიდებელი სარჩელით ან საჯარო აღსრულების ორგანოს გადაწყვეტილების შემდგომი სარჩელით. იურისდიქციების უმეტესობაში კერძო აღსრულება ძირითადად სწორედ საჯარო გადაწყვეტილების შემდგომი კერძო სარჩელებით არის წარმოდგენილი. © OECD
კონკურენციის სამართლის კერძო აღსრულება დაშვებულია მრავალ ქვეყანაში. განხილული სამივე იურისდიქციის (აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი) პოლიტიკა ითვალისწინებს კერძო აღსრულების მექანიზმს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ანტიმონოპოლიური დარღვევების შედეგად დაზარალებულთა სრული კომპენსაცია. ამასთანავე, კერძო აღსრულება მიზნად ისახავს სამართალდარღვევათა პრევენციასა და შეკავებას.
აშშ-ში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს ანტიმონოპოლიური კერძო სარჩელები ზიანის ანაზღაურების შესახებ, რაც გათვალისწინებული არ არის ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში. ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებები: შეერთებულ შტატებში ეს ვადა ოთხი წელია, ევროკავშირში - ერთიდან ხუთ წლამდე (წევრი სახელმწიფოს მიხედვით), ხოლო დიდ ბრიტანეთში, ინგლისის უმაღლეს სასამართლოში წარდგენილი სარჩელებისთვის - ექვსი წელი.
გაერთიანებულ სამეფოში მოქმედებს სპეციალიზებული კონკურენციის სააპელაციო ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს როგორც დამოუკიდებელ, ისე შემდგომ სარჩელებს ზიანის ანაზღაურების თაობაზე. CAT-ის ფარგლებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელმისაწვდომია „სწრაფი გზის“ პროცედურა; იგი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქმე არ მოიცავს რთულ ან პრეცედენტულ საკითხებს, მოსმენა შეიძლება დასრულდეს სამ დღეში, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ექვსი თვის ვადაში. CAT-ში წარდგენილ სარჩელებზე ასევე ვრცელდება სპეციფიკური ხანდაზმულობის ვადები.
შეერთებულ შტატებში ფედერალური მთავრობის მიერ ანტიმონოპოლიურ საქმეზე მიღებული დასკვნები მოპასუხის პასუხისმგებლობის შესახებ დასაშვებია შემდგომ კერძო სარჩელებში, როგორც დარღვევის მტკიცებულება. თავის მხრივ, ევროკავშირში ევროკომისიის მიერ დარღვევის დადგენა სავალდებულო ძალის მქონეა წევრი სახელმწიფოების ეროვნული სასამართლოებისთვის იმ ქვეყნებში, რომლებმაც მოახდინეს 2014 წლის ევროკავშირის ზიანის ანაზღაურების შესახებ დირექტივის იმპლემენტაცია. Brexit-ის შემდგომ ევროკომისიის გადაწყვეტილებები აღარ არის სავალდებულო დიდი ბრიტანეთისთვის, თუმცა გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრების ორგანოს (CMA) მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დარღვევის შესახებ სავალდებულო რჩება მოპასუხეებისთვის შემდგომი კერძო სარჩელების განხილვისას.
იურისდიქციების უმეტესობა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ითვალისწინებს მიყენებული ზიანის ერთმაგი ოდენობით ანაზღაურებას (სრული კომპენსაცია). აშშ ერთადერთი ძირითადი იურისდიქციაა, რომელიც შერმანის აქტის საფუძველზე აღძრული კერძო სარჩელებისთვის ითვალისწინებს სავალდებულო სამმაგი ზიანის ანაზღაურებას. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში წარმატებული მოსარჩელე ადვოკატის მომსახურების ხარჯებს სრულად იბრუნებს მოპასუხისგან. მსგავსი წესი მოქმედებს გაერთიანებულ სამეფოშიც, თუმცა იქ, როგორც წესი, ხარჯების მხოლოდ ნაწილი ანაზღაურდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში წარმატებულ მხარეს ხარჯების მხოლოდ მცირე ნაწილის დაბრუნების შესაძლებლობა აქვს, თუმცა დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში სავალდებულო პროცენტი ითვლება უშუალოდ სამართალდარღვევის დაწყების მომენტიდან.
შეერთებულ შტატებში, ფედერალური სასამართლო პრაქტიკით დამკვიდრებული წესის (Illinois Brick-ის დოქტრინა) მიხედვით, ჩვეულებრივ მხოლოდ პირდაპირ კლიენტებს აქვთ უფლება, შერმანის აქტის საფუძველზე უჩივლონ კარტელის წევრებს ან მონოპოლისტებს ზედმეტი გადასახადის ასანაზღაურებლად. ამ ფედერალური წესის გავლენა გარკვეულწილად შემცირდა იმ შტატების ხარჯზე, რომლებიც საკუთარი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით არაპირდაპირ მყიდველებსაც აძლევენ ზიანის ანაზღაურების უფლებას.
ამის საპირისპიროდ, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებში, რომლებმაც მოახდინეს ევროკავშირის ზიანის ანაზღაურების შესახებ დირექტივის იმპლემენტაცია, არაპირდაპირ მომხმარებლებს აქვთ სარჩელის წარდგენის უფლება. თუმცა, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ზედმეტი გადასახადით გამოწვეული ზარალი მათზე პირდაპირმა მყიდველებმა „გადაიტანეს“. 2019 წელს ევროკომისიამ გამოსცა არასავალდებულო სახელმძღვანელო მითითებები ეროვნული სასამართლოებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეფასდეს არაპირდაპირ მყიდველებზე გადაცემული ზედმეტი გადასახადის წილი.
შეერთებულ შტატებში იმის განსაზღვრა, აქვს თუ არა მოსარჩელეს ანტიმონოპოლიური სარჩელის აღძვრის უფლება, ეფუძნება შემდეგი ფაქტორების შეფასებას:
სავარაუდო დარღვევასა და მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანს შორის არსებული მიზეზობრივი კავშირი;
ზიანის ბუნება, მათ შორის, არის თუ არა მოსარჩელე მომხმარებელი ან კონკურენტი შესაბამის ბაზარზე;
ზიანის პირდაპირობა და არის თუ არა მოთხოვნა ზედმეტად სპეკულაციური;
ზიანის დუბლირების ან კომპლექსური განაწილების საკითხების პოტენციალი;
სხვა, უფრო ეფექტიანი მოსარჩელეების არსებობის შესაძლებლობა.
დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს მიზეზობრივი კავშირის სტანდარტი, რომელიც მოსარჩელისგან მოითხოვს იმის დადგენას, რომ მიყენებული ზიანი მთლიანად ან არსებითად გამოწვეული იყო კონკურენციის სამართლის სავარაუდო დარღვევით.
სამივე იურისდიქციაში კარტელურ დავებზე მოპასუხეებს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა. თუმცა, აშშ-ში არ არსებობს თანამობრალდეთა შორის ზიანის პროპორციული განაწილების უფლება, მაშინ როცა დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში დამრღვევ კომპანიებს აქვთ უფლება, ერთმანეთს მოსთხოვონ კუთვნილი წილის ანაზღაურება. ამასთან, ევროკავშირის იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს ზიანის ანაზღაურების შესახებ დირექტივა, მცირე და საშუალო საწარმოები, ისევე როგორც იმუნიტეტის მქონე (ამნისტირებული) კომპანიები, პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ საკუთარი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) მომხმარებლების წინაშე.
სამივე იურისდიქციაში კარტელურ საქმეებზე ზიანის ოდენობა ეფუძნება მოსარჩელის მიერ დადასტურებულ ზედმეტი გადასახადის ოდენობას. ხოლო იმ შემთხვევებში, რომლებიც დომინანტური კომპანიების მხრიდან ბაზრიდან განდევნის ბოროტად გამოყენებას ეხება, ზიანი ეფუძნება იმ მოგებას, რომელსაც მოსარჩელე კონკურენტული ბაზრის პირობებში მიიღებდა.
დაზარალებული მოსარჩელეების ზარალის გაანგარიშება სამივე იურისდიქციაში არ არის აბსოლუტურად ზუსტი და იგი შესაბამის მონაცემებზე დაყრდნობით, გონივრული შეფასებით განისაზღვრება. თუმცა, ზარალის დათვლა დაუშვებელია მხოლოდ სპეკულაციებით ან ვარაუდებით. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივი განსაზღვრის სპეციფიკური წესები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განსხვავებულია, ევროკომისიამ გამოსცა პრაქტიკული სახელმძღვანელო ზიანის რაოდენობრივი შეფასებისთვის.
კერძო სარჩელები ზიანის ანაზღაურებაზე სამივე იურისდიქციაში რეგულარულად წარდგება კარტელების წინააღმდეგ, თუმცა დომინანტობის ბოროტად გამოყენების კერძო დავები შედარებით იშვიათია. ეს სამი ძირითადი მიზეზით აიხსნება: დომინანტობის საქმეები ნაკლებად ხშირად აღიძვრება სახელმწიფო აღმასრულებელი ორგანოების მიერ (განსაკუთრებით აშშ-ში). მსგავსი საქმეები მოითხოვს უფრო რთულ ეკონომიკურ ანალიზს, მათ შორის შესაბამისი ბაზრის განსაზღვრასა და სავარაუდო დამნაშავის დომინანტობის შეფასებას. დომინანტობის საქმეებში ზიანის რაოდენობრივი განსაზღვრა ნაკლებად მარტივია, ვიდრე კარტელურ დავებში, სადაც ძირითადი საკითხი უკანონო შეთანხმების არსებობის დადგენაა. აკრძალვის შესახებ მოთხოვნით წარდგენილი ანტიმონოპოლიური სარჩელები ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ზიანის გამოსასწორებლად დაშვებულია აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ან მის გარეშე.