კონკურენცია მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფებს ეკონომიკურ აგენტებს, რათა მათ შესთავაზონ პროდუქციის საუკეთესო შესაძლო ასორტიმენტი საუკეთესო შესაძლო ფასად, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებლებს აქვთ არჩევანი, შეიძინონ ის სხვაგან. თავისუფალ ბაზარზე ბიზნესი უნდა იყოს კონკურენტული თამაში, სადაც ბენეფიციარები მომხმარებლებიარიან.
ზოგჯერ ეკონომიკური აგენტები ცდილობენ კონკურენციის შეზღუდვას. პროდუქტის ბაზრების გამართული ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, ისეთმა უწყებებმა, როგორიც კომისიაა, თავიდან უნდა აიცილონ ან გამოასწორონ კონკურენციის საწინააღმდეგო ქცევა. ამის მისაღწევად კომისია მონიტორინგს უწევს შემდეგ მიმართულებებს:
ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული შეთანხმებები, რომლებიც ზღუდავს კონკურენციას — კარტელები ან სხვა არაკეთილსინდისიერი გარიგებები, რომელთა დროსაც ეკონომიკური აგენტები თანხმდებიან, თავი არიდონ ერთმანეთთან კონკურენციას და ცდილობენ დააწესონ საკუთარი წესები;
დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება — როდესაც ბაზრის მსხვილი მოთამაშე ცდილობს კონკურენტების ბაზრიდან გამოდევნას;
შერწყმები / კონცენტრაციები (და სხვა ოფიციალური შეთანხმებები, რომელთა მეშვეობითაც ეკონომიკური აგენტები მუდმივად ან დროებით აერთიანებენ ძალებს) — ლეგიტიმურია იმ პირობით, თუ ისინი აფართოებენ ბაზრებს და სარგებელი მოაქვთ მომხმარებლებისთვის;
ბაზრების გახსნისკენ მიმართული ძალისხმევა (ლიბერალიზაცია) — ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, საფოსტო მომსახურება და ტელეკომუნიკაციები. წარსულში ამ სექტორების დიდ ნაწილს სახელმწიფო მონოპოლიები აკონტროლებდნენ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ლიბერალიზაციამ არასამართლიანი უპირატესობა არ მიანიჭოს ამ ძველ მონოპოლიებს;
ფინანსური მხარდაჭერა (სახელმწიფო დახმარება) ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების მხრიდან ეკონომიკური აგენტებისთვის — დასაშვებია იმ პირობით, თუ იგი არ ამახინჯებს სამართლიან და ეფექტურ კონკურენციას ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკურ აგენტებს შორის და ზიანს არ აყენებს ეკონომიკას;
თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნების კონკურენციის ეროვნულ უწყებებთან(რომლებიც ასევე პასუხისმგებელნი არიან ევროკავშირის კონკურენციის სამართლის გარკვეული ასპექტების აღსრულებაზე) — რათა უზრუნველყოფილ იქნას ევროკავშირის კონკურენციის სამართლის ერთგვაროვანი გამოყენება მთელ ევროკავშირში. © ევროპული კომისია
კონკურენციის პროცესი საბაზრო ეკონომიკაში მომხმარებლისა და ბიზნესის შედეგების მამოძრავებელი ძალაა. სრულყოფილი კონკურენციის ეკონომიკურ მოდელში ბიზნესები ცდილობენ ერთმანეთზე დაბალი ფასების დაწესებასა და უფრო ღირებული პროდუქტების შეთავაზებას მომხმარებელთა მისაზიდად. ეს კონკურენტული პროცესი მაქსიმალურად ზრდის ეკონომიკურ კეთილდღეობას და იწვევს ფასების შემცირებას, მომხმარებლის არჩევანის გაფართოებასა და ინოვაციების მაღალ დონეს. (Church & Ware, თავი 2)
თუმცა, ამ თეორიული სამყაროს მიღმა, ბაზრებმა შესაძლოა ვერ მიაღწიონ სრულყოფილ კონკურენციასთან ასოცირებულ შედეგებს. ბიზნესებს, მთავრობებსა და ეკონომიკურ რეალობას შეუძლია შეაფერხოს კონკურენტული პროცესი უამრავი ფაქტორით, როგორიცაა ექსკლუზიური (გამომრიცხავი) ბიზნესქცევა, ბაზრის რეგულირება და ბაზარზე შესვლის ეკონომიკური ბარიერები. (მსოფლიო ბანკი) კონკურენციის პოლიტიკის მთავარი შთაგონებაა კონკურენტული პროცესის შეზღუდვების გამოსწორება ან შემოტრიალება, იმ მიზნით, რომ საბაზრო შედეგები მიუახლოვდეს იმ მაჩვენებლებს, რომლებსაც სრულყოფილად კონკურენტული ბაზარი უზრუნველყოფდა.
ქვეყნის კონკურენციის პოლიტიკის გული მის კონკურენციის სამართალშია. კონკურენციის კანონები კრძალავს გარკვეული სახის ეკონომიკურ ქცევას, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც კონკურენციის შემზღუდველი თავისი მიზნით ან შედეგით. მაგალითად, თანამედროვე კონკურენციის კანონები, როგორც წესი, კრძალავს კარტელებს, მონოპოლისტურ ბიზნესპრაქტიკას და შერწყმებს, რომლებსაც აქვთ კონკურენციის შემზღუდველი ეფექტი (კონკურენციის საერთაშორისო ქსელი, გვერდები 3-6). თითქმის ყველა განვითარებულ ეკონომიკას აქვს კონკურენციის კანონები, რომელთა აღსრულებასაც ერთი ან მეტი ეროვნული (ან მრავალეროვნული) კონკურენციის სააგენტო უზრუნველყოფს.
თუმცა, კონკურენციის პოლიტიკა სცილდება კონკურენციის სამართლის აღსრულების ფარგლებს და საჯარო პოლიტიკის უფრო ფართო სფეროში გადადის. საჯარო პოლიტიკას ხშირად შეუძლია წაახალისოს ან მოსთხოვოს კიდეც ბიზნესებს ისეთი ქმედება, რომელიც გავლენას ახდენს კონკურენტულ პროცესზე. შიდა ფასების კონტროლი, დამამძიმებელი ადმინისტრაციული პოლიტიკა და უცხოურ ინვესტიციებზე შეზღუდვები სამთავრობო ქმედებების მაგალითებია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფერხონ ლეგიტიმური კონკურენცია (OECD, გვერდი 4). პროკონკურენტული საჯარო პოლიტიკა ასტიმულირებს ჯანსაღ კონკურენტულ პროცესს ბაზარზე ეფექტური შედეგების მისაღწევად.
საღი კონკურენციის პოლიტიკა არ არის თვითმიზანი, არამედ კეთილდღეობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. კონკურენტული ბაზრები ზრდის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რადგან ისინი წარმოადგენენ ინოვაციებისა და პროდუქტიულობის საკვანძო მამოძრავებელ ძალას (კანადა, გვერდები 3-5). მაგალითად, 1990-იან წლებში ავსტრალიის მიერ განხორციელებული პროკონკურენტული პოლიტიკის რეფორმებმა, შეფასებების მიხედვით, ქვეყნის რეალური მშპ 2.5%-ით გაზარდა, რამაც 20 მილიარდი ავსტრალიური დოლარის ოდენობის ეკონომიკური ღირებულება გაათავისუფლა (ავსტრალია, გვერდი XVIII).