ღონისძიებები

GCCA მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს – ამჯერად, რუსთავსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში

location მისამართი: რუსთავი, სოფელი იორმუღანლო
🔴ფიზიკური
calendar 2026-10-09 ---- calendar 2026-10-09

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები რუსთავის 28-ე საჯარო სკოლასა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში გამართეს.


სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში გამართული შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე ინფორმაციის გაზიარებისა და ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით - GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ნუცა ფუტკარაძემ მოსწავლეებს განუმარტა, რატომ არის ჯანსაღი კონკურენცია მნიშვნელოვანი ხარისხიანი პროდუქტისა და მომსახურების, ინოვაციებისა და მომხმარებლისთვის ხელსაყრელი ფასების უზრუნველსაყოფად, ასევე განიხილა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ისეთი მაგალითები, როგორიცაა ფასების შეთანხმება და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.


მომხმარებლის უფლებების მიმართულებით, შეხვედრაზე ისაუბრეს მოვაჭრის ვალდებულებებზე, ონლაინ ვაჭრობის წესებზე, 14 დღის განმავლობაში ნივთის უპირობოდ დაბრუნების უფლებასა და საგარანტიო პირობებზე.


სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს GCCA-ის საქმიანობა და ის ელექტრონული რესურსები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხმარებლის უფლებების დაცვასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. კერძოდ, სააგნეტოს საგანმანათლებლო ვებ პორტალზე - კონკურენციის ონლაინ ლექსიკონზე და ekalata-ს პორტალის შესახებ, მოსწავლეეებს ინფორმაცია მიაწოდა სასწავლო კვლევითი ცენტრის, უფროსმა პროექტის მენეჯერმა, ეთო შაგულაშვილმა.


საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება GCCA-სა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. თანამშრომლობის მიზანია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდა. გარდა თბილისისა, შეხვედრები გაიმართება შემდეგ რეგიონებში: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო - ზემო სვანეთი.


საჯარო სკოლებში შეხვედრები GCCA-სა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.