სიახლეები

FTC წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს კონგრესში ხანდაზმული პირების დასაცავად სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ.

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) კონგრესს წარუდგინა ყოველწლიური ანგარიში „ხანდაზმული ამერიკელების დაცვა“, რომელიც ასახავს 60 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ თაღლითურ სქემებთან ბრძოლის შედეგებს. ანგარიშის თანახმად, ხანდაზმულმა პირებმა 2025 წელს თაღლითობის გამო რეკორდული ფინანსური ზარალი განიცადეს, რამაც ჯამში 3.3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებთან შედარებით ხანდაზმულები უფრო იშვიათად ხდებიან თაღლითობის მსხვერპლნი, მათი ინდივიდუალური ფინანსური დანაკარგი გაცილებით მაღალია (განსაკუთრებით 80 წელს გადაცილებულ პირებში).
ყველაზე გავრცელებულ და მზარდ საფრთხედ დასახელდა საინვესტიციო თაღლითობები, რომლებმაც უფროსი ასაკის მოსახლეობას უდიდესი ზიანი მიაყენა. მას მოჰყვება ე.წ. „იმპერსონაციის თაღლითობა“ (როდესაც ბოროტმოქმედები თავს ასაღებენ სახელმწიფო უწყების ან ბანკის წარმომადგენლებად) და ტექნიკური მხარდაჭერის ყალბი სერვისები. FTC-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქტიურად იყენებს სამართლებრივ მექანიზმებს თაღლითური კომპანიების დასაყადაღებლად, პარალელურად კი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო კამპანიებს, როგორიცაა „Pass It On“, რათა ხანდაზმულებმა თავად შეძლონ საფრთხეების ამოცნობა და პრევენცია.


წყაროს ნახვა